იაპონური სოფორა – სამკურნალო მცენარე

სოფორა

იაპონური სოფორა  (ლათ. Sophora Japonica L) პარკოსანთა ოჯახის საშუალო სიმაღლის ხეა, რომელიც სპორადულად ჩინეთსა და იაპონიაშია გავრცელებული. საქართველოში შემოტანილი და უმთავრესად ბაღ-პარკებშია დანერგილი.

მცირე რაოდენობით გაშენებულია თბილისისა და გორის შემოგარენის ტყის კულტურებში, აგრეთვე ამიერკავკასიის რკინიგზის დაცვის ტყის ზოლებში.

ტოტებისა და ყლორტების გლუვი, მომწვანო ქერქი უხვადაა მოფენილი მეჭეჭებით. ფოთლები კენტფრთართულია, 7-15 კიდემთლიანი წაგრძელებულკვერცხისებრი ან ოვალური, წვერში მოკლედ წაწვეტებული, ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან მონაცრისფერო თეთრი ბეწვით შებუსვილი ფოთოლაკებით.

ფოთლის ყუნწის ძირი მნიშვნელოვნადაა გაგანიერებული; ღია მოყვითალო ფერის ყვავილები კენწრულ საგველა ან მტევნისებრ ყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი ცილინდრული, თესლებს შორის შეზიდული 6 სმ-მდე (ზოგჯერ უფრო გრძელიც) სიგრძის პარკია. თესლები ხორცოვანი პარკის გაგანიერებულ ნაწილებში ზის.

ყვავის საკმაოდ გვიან, მაღალი ტემპერატურული რეჟიმის დადგომის შემდეგ, უმეტესად ივლის-აგვისტოში.

საკმაოდ გვალვისამტანი, სითბოს მომთხოვნი მცენარეა, ამიტომ უფრო დაბალი ზონის გამწვანებისთვისაა სასურველი.

სოფორას ბუტონებს (გაშლის ზღვარზე მყოფი საყვავილე კვირტები) სამკურნალოდ იყენებენ სისხლჩაქცევის საწინააღმდეგოდ და სისხლსადინარი კაპილარების ელასტიურობის აღმდგენ საშუალებად.

სოფორის ბუტონები სხვა სამკურნალო მცენარეებთან შედარებით უხვად შეიცავს რუტინს (12-17 (30)%-მდე). ამიტომ სოფორის ბუტონები ამჟამად რუტინის მიღების მსოფლიო მნიშვნელობის ნედლეულს წარმოადგენს. ზემოთჩამოთვლილი ყველა დაავადების დროს რუტინს ვიტამინ C-სთან ერთად იყენებენ.

სოფორის ნაყოფს ბაქტერიციდული თვისებები გააჩნია ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჩხირის მიმართ. ნაყოფისაგან მომზადებულ ნაყენს სველი საფენებისა და ტამპონების სახით იყენებენ ეგზემის, ქრონიკული ანთებითი პროცესის, ჭრილობების, დამწვრობის და ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ.

სოფორის ბუტონები გამოიყენება როგორც შინაგანი საშუალება. იღებენ 0,2-0,5 გ ბუტონების ფხვნილს დღეში 3-4-ჯერ, ან სპირტზე ნაყენს (20 გ ბუტონებს 70 გრადუსიან 100 გრ სპირტზე აყენებენ 7 დღის განმავლობაში,) იღებენ 20-40 წვეთს დღეში 3-ჯერ.

Sophora_japonica_54440488822903474

ავტორები: შ. ხიდაშელი, ვ.პაპუნიძე

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა