საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი მიმდინარე წელს მელიორაციის სექტორის განვითარების შედეგებზე საუბრობს:
„გასული საირიგაციო წელი გარდამტეხი აღმოჩნდა მელიორაციის სექტორისთვის. სემეკის რეგულირების პირობებში – რაც უკვე მესამე სრული რეგულირების წელია – საირიგაციო წყლის მართვა გახდა გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. ჩვენი მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ფერმერის უფლებები დაცულია, ხოლო პროცესები – გამჭვირვალე, სამართლიანი და მარტივად გასაგები.
მელიორაციის სექტორის წარმატება შეუძლებელია საირიგაციო წყლის რაციონალური მოხმარების გარეშე, რადგან წყალი შეზღუდული რესურსია და მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს რაც შეიძლება ეფექტურად. რეგულაცია ეფუძნება წყლის სამართლიანი და ეფექტური განაწილების პრინციპს. სწორედ ამის საფუძველზე დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, დადგინდა რწყვის ნორმები და რწყვის ჯერადობა კულტურების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ტბორების ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში წყლის მოხმარების ნორმები, დეფიციტის რეჟიმში მომარაგების პირობები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
რეგულაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების
აუცილებლობა. სწორედ ამ შეთანხმებით განისაზღვრება, როდის და რა მოცულობით შეიძლება წყლის მიღება ფერმერის მიერ. ეს პრინციპი უზრუნველყოფს, რომ ფერმერს წყალი მიეწოდოს ზუსტად იმ დროს, როდესაც ის აუცილებელია კონკრეტული კულტურისთვის. ამ მიდგომის წარმატება უკვე ხელშესახებია, ფერმერთა მზარდი ჩართულობა მიუთითებს ცნობიერების ამაღლებასა და ნდობის ზრდაზე. მიმდინარე საირიგაციო წელს, თითქმის 25%-ით მეტ ფართობზე შეთანხმდა წყალსარგებლობის განრიგი, 2024 წელთან შედარებით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მელიორაციის კომპანიის შემოსავლის ზრდა.
სემეკის მიერ დადგენილი წესების შესრულების მიზნით, მელიორაციის კომპანიამ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა, რათა სრულად დაეცვა რეგულაციით განსაზღვრული პირობები და ფერმერისთვის შეეთავაზებინა გარანტირებული მომსახურება. მათ შორის, შემუშავდა და საჯაროდ გამოქვეყნდა წყლის მიწოდების რეჟიმები 127 საირიგაციო სისტემაზე ინდივიდუალურად. შედეგად, ფერმერებს უკვე შეუძლიათ წინასწარ დაგეგმონ რწყვის გრაფიკი და უკეთ მართონ თავიანთი რესურსები.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საირიგაციო წყლის უკანონო მოხმარების წინააღმდეგ მოქმედებს მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმი, რომელშიც ჩართულია მელიორაციის კომპანიის მონიტორინგის ჯგუფები. საირიგაციო წყლის უკანონო მოხმარებით ირღვევა არა მხოლოდ წესები, არამედ ზიანი ადგება სხვა ფერმერებს – მათ, ვისაც შეთანხმებული მოცულობით უნდა მიეღოთ წყალი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მელიორაციის კომპანიის მიერ საგრძნობლად გაიზარდა გამოვლენილი უკანონო მოხმარების რაოდენობა, რაც მიუთითებს კომპანიის მიერ კონტროლის გაძლიერებაზე და უკანონო მოხმარების გამოვლენის სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაზე. მელიორაციის კომპანიის მიერ განხორციელებული ზემოთ აღნიშნული მოქმედებები უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი ფერმერის ინტერესების დაცვას.
სემეკის მიერ დანერგილმა სტანდარტებმა გააუმჯობესა მელიორაციასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის ხარისხი. ყველა მომხმარებელს წინასწარ ეგზავნება SMS შეტყობინება საირიგაციო სისტემაში წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების პერიოდის დაწყების, მოთხოვნილი რწყვის ოპერაციასა და წყალმომარაგების პერიოდებზე, მომარაგების გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე. აღნიშნულის გარდა მომხმარებლის ინფორმირება დარიცხულ მომსახურების საფასურის და გადახდის თარიღის შესახებ ხდება SMS ქვითრის საშუალებით. ფერმერი მომსახურების საფასურის გადახდის ვადის დადგომამდე მინიმუმ 15 დღით ადრე იღებს ინფორმაციას გადასახდელ თანხასა და გადახდის ვადაზე.
მომხმარებლის მიერ დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე მელიორაციის კომპანიის რეაგირება მნიშვნელოვანია კომპანიის ფინანსური მდგრადობისთვის. მომხმარებლის მიერ დროულად გადახდილი თანხა ნიშნავს სისტემის მხარდაჭერას და სანდო პარტნიორობას. რის საფუძველზეც მომხმარებელს უჩნდება მოთხოვნის შესაძლებლობა, მეტიც – წყლის მიუწოდებლობის ან არასათანადოდ მიწოდების შემთხვევაში მოითხოვოს რეაგირება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში სემეკის რეგულაცია ითვალისწინებს მელიორაციის კომპანიის მხრიდან საურავის გადახდის პირობასაც კი.
ასევე სექტორისთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ თუ შეთანხმებულ პერიოდში ფერმერი წყალს ვერ იღებს ამ პრობლემაზე მელიორაციის კომპანიის რეაგირების მიუხედავად, მას უფლება აქვს, წერილობით მოითხოვოს მელიორაციის კომპანიისგან დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება. დეფიციტის რეჟიმის მოქმედებისას, კი წყლის არსებული რესურსი პრიორიტეტულად მიემართება პროფილური მომხმარებლებისკენ და იკრძალება არაპროფილური მომხმარებლის წყალმომარაგება, სანამ პროფილურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
სემეკის რეგულაციები მიმართულია მომსახურების მაქსიმალურად გამარტივებისკენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მელიორაციის სექტორში დანერგილი ისეთი ახალი მომსახურებები, რომლითაც მომხმარებელი მელიორაციის სექტორში მომსახურებას ითხოვს ან აფიქსირებს, მელიორაციის კომპანიის თანამშრომლის უშუალო კონტაქტის გარეშე და თან ამ მოთხოვნაზე რეაგირება რეალურ დროში კონტროლდება სემეკის მიერ. მელიორაციის კომპანიასთან დაკავშირებული განაცხადების შეტანა დღეის მდგომარეობით უკვე შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით, რაც ამარტივებს ფერმერებისთვის მელიორაციის კომპანიასთან ურთიერთობას და არა მხოლოდ ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს, არამედ აჩქარებს მომსახურების მიღების პროცესს. აღსანიშნავია, რომ ამავე სივრცეში შესაძლებელია სემეკისთვისაც განაცხადით მიმართვა და მის მიერ დადგენილი პირობების შესრულების უზრუნველყოფის მოთხოვნა. სემეკის ინიციატივით, მელიორაციის სექტორში ასევე დაინერგა *303# სერვისი – მობილური ტელეფონით ოპერატიული კავშირის სისტემაა. აღნიშნული არ საჭიროებს ინტერნეტს ან აპლიკაციის დაყენება. სისტემა ავტომატურად ახდენს მომხმარებლის ამოცნობას ტელეფონის ნომრის მეშვეობით. მისი საშუალებით ფერმერს შეუძლია ნებისმიერ დროს, საველე პირობებში განახორციელოს ბალანსის შემოწმება, მოითხოვოს ქვითრის ხელმეორედ გაგზავნა, ნახოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი, დააფიქსიროს ავარიული წყვეტა (ოპერატიული რეაგირებისთვის) ან სხვა მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა. აღნიშნული სისტემით მომხმარებელი ავტომატურად იღებს ტელეფონში მოთხოვნილ ინფორმაციას, ხოლო მომარაგებაზე დაფიქსირებული პრობლემის შესახებ კი, ადამიანური ფაქტორის გარეშე პირდაპირ ეგზავნება, ამ მომხმარებლის რეგიონში არსებულ ოპერატიულ ჯგუფს, ოპერატიული რეაგირებისთვის.
სემეკის რეგულაციებმა და მელიორაციის კომპანიის ძალისხმევამ, ძალიან მოკლე დროში მელიორაციის სექტორზე გაავრცელა ის მომსახურების სტანდარტები, რომლებიც წლების განმავლობაში ეფექტურად მუშაობს კომუნალურ სექტორში.
დღეის მდგომარეობით, კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებული მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება და მიწოდების წერტილის გადატანა მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის სიახლოვეს. აღნიშნული კი მომხმარებლის აქტიურობის დაბალი დინამიკის გამო, დროში ძალიან იწელება. საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებული მომხმარებელთა დიდი რაოდენობის და მასზე მიბმული დიდი ფართობის მიწების არსებობა კომპანიის ოპერაციულ მართვაში სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. რაც მეორეს მხრივ სარკისებურად გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელზე. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ მიწოდების წერტილების იდენტიფიცირების პროცესი დროულად და სრულყოფილად განხორციელდეს მომხმარებელთა აქტიურობისა და ჩართულობის ფონზე, შესაბამისად წყლის მიწოდების წერტილი განისაზღვროს მომხმარებლის ტერიტორიასთან არსებულ უახლოეს, მიმწოდებლის მფლობელობაში მყოფ საირიგაციო სისტემაზე. აღსანიშნავია, რომ მიწოდების წერტილი წარმოადგენს მელიორაციის კომპანიასა და მომხმარებელს შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნის ზღვარს საირიგაციო წყლის მიწოდებაზე. შესაბამისად, მიწოდების წერტილის მომხმარებლის ტერიტორიის სიახლოვეს გადატანა მაქსიმალურად გამორიცხავს გარეშე პირების ჩარევას მიწოდების წერტილიდან მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე საირიგაციო წყლით მომარაგებაზე. სემეკის რეგულაციის შესაბამისად, მიწოდების წერტილის შეთანხმების მიუხედავად, მიწოდების წერტილის უფრო ახლოს გადატანა შესაძლებელია თუ მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მიერ იქნება ასეთი მოთხოვნა წერილობითი ფორმით დაფიქსირებული.
დამატებით მოგაწვდით საყურადღებო ინფორმაციას, რომ სემეკის რეგულაციებიდან გამომდინარე, უკვე დაწყებულია მომდევნო საირიგაციო წლისთვის მზადება, კერძოდ წესების შესაბამისად, მელიორაციის კომპანია ყოველი კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე, მის ვებგვერდზე აქვეყნებს მომდევნო წლის საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტს. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის, წლის განმავლობაში განაწილების პირობას. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები აქტიურად ჩაერთონ 2026 წლის წყალმომარაგების მიწოდების რეჟიმების საჯარო განხილვებში და წარადგინონ მათი მოსაზრებები წერილობით. მიწოდების რეჟიმის პროექტის დამტკიცება მოხდება მისი საჯარო განხილვების შემდეგ, მელიორაციის კომპანიის მიერ 2026 წლის პირველ თებერვლამდე.
სემეკის უმთავრესი მიზანია სანდო სისტემის შექმნაა — იმის ცოდნა, რომ შეთანხმებული წყალი უპირობოდ მოვა და რომ ეს პროცესი გამჭვირვალეა. სწორედ ეს პროგნოზირებადობა გაძლევთ თქვენ საქმიანობის წინასწარ დაგეგმვის საშუალებას. მელიორაცია აღარ არის ბრმა პროცესი, ის არის პარტნიორული შეთანხმება თქვენსა და მომსახურე კომპანიას შორის და ამის გარანტი სახელმწიფოა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა — გააგრძელეთ თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის“.

