ნიადაგი ქვეყნის უპირველესი და შეუცვლელი სიმდიდრეა, რადგან სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას უმთავრესად ნიადაგის ნაყოფიერება განსაზღვრავს.
ბოლო პერიოდებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, ნიადაგსა და მის ნაყოფიერებაზე დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. გაიზარდა ეროზირებული ფართობები, კოლხეთის ფართობების უმეტესობა მეორადი დაჭაობების საფრთხეშია. ადგილი აქვს ნიადაგის არასწორ დამუშავება-განოყიერებას. ნიადაგის განოყიერებაში იგნოირებულია ორგანული სასუქების, მელიორანტების, ცეოლიტების, მიკროელემენტების გამოყენება.
ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლამ დაგვანახა, რომ გამოკვლეული ნაკვეთების უმეტესს ფართობებში, დარღვეულია საკვები ელემენტების ბალანსი, საკვები ელემენტებით ღარიბია დასავლეთ საქართველოს ნიადაგების თითქმის 80%. უმეტესს ფართობებში მინიმუმამდეა შემცირებული ჰუმუსის შემცველობა. განსაკუთრებით საყურადღებოა მთიანი ზონა, სადაც მძლავრობს ეროზიული პროცესები. გაუარესებულია ნიადაგის სტრუქტურა. დასავლეთ საქართველოს ნიადაგის უმეტესობა, განსაკუთრებით ჩაის პლანტაციებით დაკავებული, დასარეველიანებულია.
ამ პროცესების მიმდინარეობის დამუხრუჭების და დადებითი მიმართულებით წარმართვის ერთ-ერთი სწორი გზა ნიადაგების მეცნიერული გამოკვლევის საფუძველზე, ნიადაგების განოყიერების და კულტურათა ადგილმოაცვლეობის სწორი სისტემის შემუშავებაა.
საქართველო მდიდარია ადგილობრივი წარმოების ბუნებრივი ნედლეულით, ეს კი საშუალებას გვაძლევს ადგილობრივი რესურსების ბაზაზე დამზადდეს კომპლექსური ორგანო-მინერალური სასუქები, რომელთა გამოყენების საშუალებით შეივსება ნიადაგში არსებული დეფიციტი და გაუმჯობესდება ნაყოფიერება.
ორგანო-მინერალური სასუქების მომზადება ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე, ეკონომიური თვალსაზრისით, ეფექტიანი და ხელმისაწვდომია ფერმერებისათვის.
ორგანო-მინერალური სასუქები არა მარტო აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას ზრდის მოსავლიანობას და პროდუქციის ხარისხს, არამედ ნიადაგის გასანოყიერებლად ბიო-პროდუქციის წარმოებისას შუალედურ რგოლს წარმოადგენს.
ორგანო-მინერალური სასუქები ერთ-ერთი სახეობაა ჰუმაფოსკა, რომელიც ტორფის კალიუმის ტუტესთან და ფოსფორიტის ფქვილთან დაკომპოსტებით მზადდება.
სასუქი ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას, ამდიდრებს მას საკვები ელემენტებით: აზოტით, ფოსფორითა და კალიუმით, აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ამცირებს მჟავიანობას, აძლიერებს მიკრო-ბიოლოგიურ მაჩვენებლებს და ხელს უწყობს მცენარის სტიმულიაციას.
ტორფ-დოლომიტი მზადდება ტორფისა და დოლომიტის დაკომპოსტებით. ტორფ-დოლომიტის გამოყენებისას ნიადაგში ერთდროულად ხდება ორგანული სასუქის შეტანა და მელიორაცია, ნაკვეთი მდიდრდება საკვები ელემენტით, მაგნიუმით.
ცეო-ტორფი რომელიც ტორფის და ცეოლიტის დაკომპოსტებით მზადდება, მას შეიძლება დაემატოს ფოსფორიტის ფქვილი და მარგანეცის შლამი.
„ცეო-ტორფის“ გამოყენება უზრუნველყოფს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის გაუმჯობესებას, ამდიდრება ნიადაგს ორგანული სასუქით და ზრდის იონ-გაცვლით პროცესებს.
დასავლეთ საქართველოს ნიადაგის კლიმატური პირობები და კულტურების წარმოების თავისებურება, ნიადაგში იწვევს ინტენსიურ ცვლილებას, კერძოდ, დაშლა-მინერალიზაცია სჭარბობს სინთეზს, რასაც დროთა განმავლობაში მოჰყვება ჰუმუსოვანი ნივთიერების კლება. ინტენსიურად ირეცხება საკვები ელემენტები. ღარიბდება ნიადაგის შთანთქმითი კომპლექსი კალციუმით და მაგნიუმით. ირღვევა იონური თანაფართობა კათიონებსა და ანიონებს შორის. აქტიურდება წყალბადიონები, რასაც ახლავს დამჟავიანება.
ფაქტიურად დღეს ეს არის დასავლეთ საქართველოს ნიადაგების დაბალი ნაყოფიერების ძირითადი მიზეზი.
ნიადაგის გაკულტურებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მჟავე ნიადაგების მოკირიანებას. მოსაკირიანებელი ნიადაგების მომზადება ძირითადად ხორციელდება ადგილობრივი მელიორანტების გამოყენებით, რომლებიც გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში.
სამეგრელოს კირქვების ანალიზის შედეგები მოცემულია ცხრილში.
ნიადაგის ნაყოფიერების და ფიზიკური თვისებების გასაუმჯობესებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მწვანე სასუქების გამოყენებას.
სიდერატების თესვა შესაძლებელია წინასწარი დამუშავებისას კულტურის გაშენებამდე და კულტურის გაშენების შემდეგ მწკრივთა შორის.
სიდერატებიდან უპირატესობა ენიჭება სოიას, რადგან იგი არა მარტო აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას და თვისებებს, არამედ დაბალკალორიული პროდუქტების წყაროა.
სიდერატების თესვა მისი გაცვლა მულჩად გამოყენება, ან ჩაკეთება აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ზრდის ტენტევადობას, ორგანულ მასას და, რაც მთავარია, იგი ჰერბიციდების გამოყენების ერთ-ერთი სააწინაღმდეგო ღონისძიებაა.
ნიადაგი ძნელად განახლებადი რესურსია, იგი საუკუნეების მანძილზე ყალიბდება, მას გონივრული გამოყენება სჭირდება. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ნიადაგს, ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრეა.
რ. ტაკიძე სოფ.მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; ნიადაგის, სურსათის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრ „ანასეულის“ დირექტორი.