ხერკინა (Parrotia) – შესანიშნავი დეკორატიული მცენარე

1311 Views

Parrotia – ხერკინა გვარს სახელი ეწოდა ნატურალისტ იოჰან პაროტის საპატივსაცემოდ. წარმოდგენილია მხოლოდ ერთი სახეობით – Parrotia persica-ხერკინა, რომელიც ბუნებრივად გავრცელებულია ირანსა და აზერბაიჯანში.

ბოტანიკური აღწერა

გავრცელებულია სპარსეთსა და აზერბაიჯანში – თალიშში. 25 მ-მდე სიმაღლის ფოთოლმცვივი ხეა ფართო კვერცხისებრი ვარჯით და ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მოწითალო-მურა ქერქით, რომელიც არათანაბარი ზომის ფირფიტებად ცვივა.

კვირტი თითისტარისებრია, ვარსკვლავისმაგვარი ბეწვებით დაფარული. ფოთოლი 5-12 სმ სიგრძისაა, ტყავისებრი, წაწვეტილი, ორივე მხრიდან ძარღვების გაყოლებაზე ვარსკვლავისმაგვარი ბეწვებით მოფენილი;

ყვავილები თითქმის შეუმჩნეველია; გვირგვინის ფურცლები არ აქვს; ჯამი ზარისებრია, 5-7-თათიანი; კოლოფა ნაყოფი 11-16 მმ სიგრძისაა, მომრგვალო-ოვალური და ორბუდიანი. თესლი ღია მურა ფერისაა, ფუძესთან 2 ნათელი ლაქით.

ნელამოზარდია, 150-წლოვანი ხე სიმაღლით არ აღემატება 15 მ-ს და დიამეტრით 30-40 სმ-ს. ცოცხლობს 200 წლამდე. თვითნათესს არ იძლევა. ახასიათებს ძირკვის ამონაყარი და ფესვის ნაბარტყი.

ხერკინა, დეკორატიული

ძირითადი აგროტექნიკა

დასარგავად შერჩეულ უნდა იქნას მზიანი ადგილი. დასაშვებია ნახევრადჩრდილიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ფოთლების შეფერილობა ნაკლებად კაშკაშა იქნება.

დარგვის შემდეგ მცენარე კარგად ირწყვება, შემდეგ კი უკვე თავად ზრუნავს ტენის მოპოვებზე; კარგად გადააქვს როგორც გვალვის, ისე ყინვიანი პერიოდები.

უპირატესობას ანიჭებს კარგად დრენირებულ, სუსტ მჟავე (рН 5 – 6,5) ნიადაგებს, მაგრამ გამოდგება დარგვის დროს ორგანული სასუქებით გამდიდებული სუსტი ტუტე, კირიანი სუბსტრატიც.

2-3 წელიწადში ერთხელ, ზამთრის მიწურულს, ხის ძირში ზედაპირულად შეაქვთ 1-2 კგ ორგანული სასუქი.

ხერკინა, დეკორატიული

გამწვანებაში გამოყენება

შესანიშნავი დეკორატიული და ძვირფასმერქნიანი მცენარეა. ხის ვარჯი კარგად ექვემდებარება სხვლასა და ფორმირებას, რის შედეგადაც შესაძლებელია მრვალნაირი ფორმის მიღება.

თუმცა გასხვლის გარეშეც, ტოტებისა და ღეროების ერთმანეთში უჩვეულო გადახლართვა ნარგაობას საოცარ დეკორატიულ იერს ანიჭებს.

კულტურაში აშენებენ 1854 წლიდან. იმსახურებს ფართოდ გავრცელებას როგორც მწვანე მშენებლობაში, ისე ტყის კულტურებში. თბილისსა და მის შემოგარენში ძალზე იშვიათად გვხდება.

ხერკინა, დეკორატიულიწყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი
 .

იხილეთ აგრეთვე: ჩვეულებრივი ანუ ევროპული ურთხელი, უთხოვარი

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB