მეჩხერიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ვენახში

479 Views

მოსავლიან ვენახში გაცდენილი ადგილების შევსება წარმოებს ნამყენი ნერგის გამორგვით და ვაზის გადაწყვენის სხვადასხვა წესის გამოყენებით.

ვაზის გამორგვა

ვაზის გამორგვა მოსავლიან ვენახში იმ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, როდესაც მწკრივს თანმიმდევრობით რამდენმე ვაზი აკლია. ამ შემთხვევაში, მოცდენილ ადგილას გაკეთდება ზოლებრივი პლანტაჟი, ამოიღება 50-60 სმ სიღრმის ორმო. ორმოს ფსკერზე, 20-30 სმ სიმაღლეზე, ჩაიყრება განოყიერებული ფხვიერი მიწა, კარგად განვითარებულ ერთ-ორ წლიან დაპარაფინებულ ნერგს შეეკვეცება ფესვები 10-12 სმ-ის სიგრძეზე და ორმოში განლაგდება თავისი მიმართულებით. მიეყრება ფხვიერი მიწა და დაიტკეპნება. დარგვის შემდეგ ვაზი აუცილებლად უნდა მოირწყოს.

უკეთეს შედეგს იძლევა ვეგეტაციის პირველ ეტაპზე ტორფნეშომპალიან ქილაში გამოყვანილი მწვანე ნერგის გამორგვა. ახალგამორგულ ნერგს მიედგმება ჭიგო. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წამლობას მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ, სარეველების მოსპობისა და მოვლის სხვა ღონისძიებებს.

სრულმოსავლიან ვენახში გაცდენილი ადგილის შევსების მიზნით მაღალეფექტურია მწვანე ყლორტის გადაწვენა; რეკომენდებულია, აგრეთვე, მეჩხერი ადგილის შევსება მომწიფებული რქის, ვაზის მთლიანი გადაწვენით, აგრეთვე მხრის გაგრძელებით, ანუ გადახეივნებით.

მწვანე ყლორტის გადაწიდვნა

ვენახის პირველი გაფურჩქვნის დროს შეირჩევა და საყრდენზე აღიზრდება გადასაწვენად ვარგისი ყლორტი. უმჯობესია იგი შტამბის ქვედა ზონის ამონაყარი იყოს, რომელიც კარგად ვითარდება და აღიზრდება ჭიგოზე, ან შპალერის რომელიმე მავთულზე, გაცდენილი ადგილის მხარეს.

მწვანე ყლორტის გადაწვენა უმჯობესია ივლისის მეორე ნახევარში. ყლორტების ჩაწიდნულ ნაწილს შეეცვლება ფოთლები, პწკალები და ნამხრევები, არხში ჩაწვენილ ყლორტს მიეყრება ფხვიერი მიწა, დაესხმება წყალი, შეედგმება ჭიგო და ყლორტი განაგრძობს ზრდას.

რქის გადაწიდვნა

დანაკლისი ვაზის შესავსებად რქის გადაწიდვნა ხდება შემდეგნაირად: იმ ადგილამდე, სადაც ახალი ვაზი უნდა ამოიყვანონ, გაითხრება 40 სმ სიღრმის არხი, ფსკერზე იყრება ფხვიერი, განოყიერებული მიწა, შემდეგ არხში ფრთხილად გადავაწვენთ რქას, რომლის ზედა ნაწილს ამოვიყვანთ სასურველ ადგილას და გავსხლავთ ორ-სამ კვირტზე, შევუდგამთ ჭიგოს და ვამაგრებთ შპალერის მავთულზე. განვითარებული ყლორტები აღიზრდება ჭიგოზე ვერტიკალურად, ხოლო შემდეგ შპალერის ზედა მავთულზე ჰორიზონტალურად გადაწვენილ რქას მოხრის ადგილზე კვირტები უნდა შევაცალოთ.

რქა, გადაწვენა, ვენახი

ვაზის მთლიანი გადაწიდვნა

გადასაწვენად შეირჩევა სასურველი ჯიშის მოსავლიანი და ნორმალური ზრდის ვაზი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში თავგადაუჭრელი და ცაგაუხსნელი დარჩება. ასეთი ვაზის ძირთან გაითხრება 40 სმ სიღრმისა და 50 სმ სიგანის სასურველი სიგრძის არხი, რომელშიც მთლიანად გადაწვება ვაზი. ერთი რქა ამოიყვანება გადაწვენილი ვაზის ადგლზე, ხოლო მეორე სასურველი მანძილის დაცილებით. არხი ივსება განოყიერებული ფხვიერი მიწით, ნიადაგის ზემოთ დატოვენული რქები გაისხვლება 2-3 კვირტზე და შეედგმება ჭიგო.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადაწიდვნისას ვაზი გადადის საკუთარ ფესვზე და მოსალოდნელია ფილოქსერასგან დაზიანება, რის გამოც საწარმოო ვენახში ამ ღონისძიების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ვაზის მხრის გაგრძელება ანუ გადახეივნება

აგროტექნიკის მაღალ ფონზე, ძლიერი ზრდის პირობებში, გადახეივნება საუკეთესო შედეგს იძლევა, როგორც გაცდენილი ადგილის შესავსებად, ისე მოსავლიანობის გასადიდებლად. გამეჩხერებული სრულმოსავლიანი ვენახის შევსების ეს წესი გულისხმობს მუდმივი მხრის გაგრძელებას მოცდენილ ადგილამდე, უახლოესი ორი ვაზიდან. ე.ი. გადახეივნებას ერთი ან ორი დანაკლისი ვაზის შესავსებად.

მუდმივი მხრის გამოყვანა და მასზე სასხლავი რგოლების შექმნა შეიძლება დავაჩქაროთ ხელოვნურად გამოწვეული ნამხრევების გამოყენებით. ამ შემთხვევაში საჭიროა გადასახეივნებული ყლორტის ჰორიზონტული აღზრდა შპალერის პირველ მავთულზე, სასურველი სიგრძის შემდეგ ძირითად ყლორტს წაეწყვიტება წვერი და მასზე განვითარებული ნამხრევები აღიზრდება ვერტიკალურად.

გასხვლის დროს ნამხრევები გამოიყენება სამამულედ და სანაყოფედ. გადახეივნებული ვაზის მუდმივ მხარზე სხვლის დროს იქმნება რამდენიმე სასხლავი რგოლი, რომელთა რაოდენობა დამოკიდებულია ვაზის ზრდა-განვითარების სიძლიერეზე, ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებასა და აგროტექნიკის დონეზე.

აღნიშნული ღონისძიებების გატარებით დროულად აღმოიფხვრება მეჩხერიანობა და ფართობის ერთეულზე შენარჩუნებული იქნება ყურძნის მოსავალი.

მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.

იხილეთ: ვენახის გაშენება, ნერგის გამოყვანა და მოვლა-პატრონობა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB