სიმინდის განოყიერების (კვების) სისტემა

სიმინდის, კვება

სიმინდის სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა

სიმინდი მარცლოვან კულტურათა შორის ყველაზე მაღალმოსავლიანი და დიდი პოტენციალური შესაძლებლობების მქონე სამარცვლე და სასილოსე კულტურაა. მისი ნათესი ფართობები ჩვენს ქვეყანაში ყველა მარცვლეული კულტურების ხვედრით წილზე მეტია, თუმცა საშუალო საჰექტარო მოსავალი ბევრად ნაკლებია პოტენციურ მაჩვენებელზე, რაც განპირობებულია მინერალური და ორგანული სასუქების არასწორი გამოყენებით.

სიმინდის მარცვალს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ის მდიდარია ნახშირწყლებით ცილებით და ცხიმებით. მისგან მზადდება სახამებელი, ზეთი, ბურღულის რამდენიმე სახე, ძმრის, შაქრის, მარმელადის და სხვა პროდუქტების წარმოების საწყისი მასალა.

სიმინდის მარცვლისაგან მზადდება 150 –ზე მეტი სახის სასურსათო და ტექნიკური პროდუქტები, 100 მეტი გემრიელი კერძი. მისი ფქვილი გამოიყენება მედიცინაში, ფარმაცევტულ და პარფიუმერულ წარმოებაში. სიმინდის კულტურას თითქმის არ გააჩვია ანარჩენები, რადგან მთელი მისი პროდუქცია გამოიყენება ადამიანის და ცხოველთა საკვებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე სიმინდს ჩვენი ქვეყნისათვის დიდი სახალხო-სამეურნეო და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

სიმინდის კვების თავისებურებანი

სიმინდი სხვა მარცლოვანი კულტურებიდან მკვეთრად გამოირჩევა თავისი მორფოლოგიური და კვების თავისებურებებით. ის ინვითარებს ფუნჯა ფესვთა სისიტემას, რომლის 60 % 0-20 სმ ფენაშია გავრცელებული. ხოლო 40 % ვრცელდება უფრო ღრმა ფენაში და რაციონალურად იყენებს აქ არსებულ საკვებ ელემენტებსა და ტენს.

სიმინდის ფესვთა სისტემას ახასიათებს საკვები ნივთიერებების შეთვისების მაღალი უნარი. ის ძნელადხსნადი შენაერთებიდანაც ითვისებს საჭირო მინერალურ შენაერთებს, მაგალითად ფოსფორიტის ფქვილიდან ფოსფორს. ყველაზე მაღალ მოთხოვნილებას კვების პირობების მიმართ, ე.ი. ნიადაგში ადვილადხსნადი შენაერთების შემცველობაზე აყენებს აღმოცენებიდან პირველ თვეებში, მაქსიმალურ მოთხოვნილებას მარცვლის ჩასახვის პერიოდში.

სიმინდის მაღალი მოსავალი მიიღება ორგანული ნივთიერებებითა და საკვები ელემენტებით მდიდარ, კარგი სტრუქტურის მქონე, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის სუსტ მყავე, ნეიტრალურ და სუსტ ტუტე არეს რეაქციის მქონე ნიადაგებზე, რომელთა pH შეადგენს 6,0…7,5. მოკირიანების შემდეგ საკმაოდ მაღალ მოსავალს იძლევა კორდიან-ეწერ ნიადაგზეც.

სიმინდი მონოკულტურაში სტაბილურ მოსავალს იძლევა მაღალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგზე სრულყოფილი აგროტექნიკის პირობებში, მაგრამ მისი ერთსა და იმავე ადგილზე მოყვანისას ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ნიადაგის საკვები ელემენტებით გაღარიბებას, სპეციფიკური ავადმყოფობებისა და მავნებლების გავრცელებას, რაც მოსავლის მკვეთრ შემცირებას იწვევს.

საკვები ელემენტების ფიზიოლოგიური როლი სიმინდისათვის მათი სიმცირისა და სიჭარბის სიმპტომები

აზოტი

სიმინდის მარცვალი აზოტს შეიცავს 1,5…1,7 % რაოდენობით. ეს ელემენტი ხარბად შეითვისება სიმინდის მიერ რეპროდუქციული ორგანოების განვითარების პერიოდში. მისი სიმცირე ამ პერიოდში აფერხებს მცენარის ზრდა-განვითარებას და აპირობებს ყვავილობის 10-12 დღით დაგვიანებას, მისი ღერო და ფოთლები იღებენ ღია მწვანე შეფერიულობას, სუსტად ვითარდებიან, ივითარებენ მოკლე მუხლთშორისებს, მცირე სავეგეტაციო მასას, პატარა ზომის ტაროს, რის გამოც ორჯერ დაბალი მოსავალი მიიღება, ნორმალურ კვებასთან შედარებით.

აზოტის დეფიცითი აპირობებს ქლოროზს, რომლის სიმპტომები, პირველ რიგში ვლინდება, ქვედა იარუსის ფოთლებზე რომლებიც თავდაპირველად იღებენ მოყვითალო შეფერილობას, შემდგომში უჯრედების და ქსოვილების კვდომა იწყება ფოთლის წვერიდან, რის გამოც ფოთლები იღებენ ყავისფერს და ქვემოთ ეხვევიან. სიმინდი ძლიერ კნინდება,

იზრდება უტაროო მცენარეებისა და უმარცვლო ტაროების რიცხვი, რის გამოც მინიმალური და უხარისხო მოსავალი მიიღება.

არასასურველია აზოტით ჭარბი კვებაც, რომლის დროსაც მცენარეს ახასიათებს მუქი მწვანე შეფერილობა, აჩოყებული ზრდა, გრძელი მუხლთშორისების წარმოქმნა, ნაზი და სუსტი ღეროს განვითარება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ზონაში, ქარიან და წვიმიან დღეებში ღერო ადვილად ტყდება და მცენარე წვება. ეს კი იწვევს მოსავლის საგრძნობ შემცირებას.

აზოტით ნორმალური კვების შემთხვევაში სიმინდი სწრაფად იზრდებაა, ივითარებს დიდ საასიმილაციო ზედაპირს, მძლავრ ფესვთა სისტემას და დიდი ზომის კარგად შევსებულ ტაროს, რის გამოც იზრდება მოსავალი და უმჯობესდება ხარისხიც, მარცვალში ცილების შემცველობის შესამჩნევად გადიდების გამო.

ფოსფორი

ფოსფორს შეიცავს ისეთი ორგანული შენაერთები, რომლებიც დიდი როლს ასრულებენ სასიცოცხლო და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. ის ხელს უწყობს შაქრების, სახამებლის და ცხიმის დაგროვებას. ფოსფორის სიმცირე უარყოფოთად მოქმედებს სიმინდის ზრდაზე და ტაროს წარმოქმნაზე, ის ადიდებს შეუვსებელი ტაროებისა და ბჟირი მარცვლების რიცხვს, აფერხებს განვითარების ფაზების გავლას, განსაკუთრებით ყვავილობას და მომწიფებას.

ფოსფორის ნაკლებობა ძლიერ აკნინებს სიმინდს, ზრდის ჯუჯა და უტაროო მცენარეთა რიცხვს, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ქვედა ფოთლების გაალისფერებას. ეს სიმპტომი შემდგომში თანდათან ვრცელდება შუა და ზედა იარუსის ფოთლებზე და უფრო ხშირად ვლინდება ახლად აღმოცენებულ მცენარეებზე წვიმიან და ცივი ამინდის პირობებში, როდესაც შეფერხებულია ფოსფორის შეთვისება.

სიმინდის მოსავლიანობაზე არახელსაყრელ გავლენას ახდენს ფოსფორით ჭარბი კვებაც. ის აჩქარებს განვითარების ფაზების გავლას და მომწიფებას, რის შედეგად  მცენარე ინვითარებს, შედარებით მცირე რაოდენობით მწვანე მასას, ნაადრევად უჭკნება ფოთლები, ხოლო მის მარცვალში იზრდება მინერალური ფოსფორის შემცველობა.

სიმინდის ფოსფორით ნორმალური კვებისას იზრდება მოსავალში მარცვლის ხვედრითი წილი. უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, იზრდება ჩაწოლის, ყინვის და დავადებათა მიმართ გამძლეობა.

კალიუმი

კალიუმი ადიდებს მცენარის გვალვაგამძლეობას და აზოტიანი სასუქების ეფექტურობას, მისი სიმცირე პირველ აპირობებს სკლერენქიმების რაოდენობის შემცირებას უჯრედის კედლის დათხელებას, რაც ჭარბტენიან პირობებში შეიძლება სიმინდის ჩაწოლის მიზეზი გახდეს. მცენარე ინვითარებს მოკლე მუხლთშორისებს, ფერხდება მისი განვითარება და მომწიფება, იზრდება ბჟირი მარცვლების რაოდენობა.

კალიუმის სიმცირის შემთხვევაში თავდაპირველად ფოთლის კიდეები იღებენ მუქ მწვანე, შეფერილობას, მისი წვერი და კიდეები ზემოთ ეხვევა, შემდგომში იღებს ყვითელ შეფერილობას, უჯრედების კვდომის შემდეგ ყავისფერს, რასაც ფოთლის ,,კიდეების სიდამწვრე” ეწოდება. შემდგომში შემომწვარი კიდეები იშლება, რის გამოც მას გააჩნია დაფლეთილი აგებულება.

კალიუმით ნორმალური კვებისას ღეროში იზრდება სკლერენქიმების რაოდენობა და ეპიდერმისის სისქე, რაც მას მატებს სიმტკიცეს და თავიდან გვაცილებს ყანის ჩაწოლას. მარცვალში მატულობს ნახშირწყლების შემცველობა, იზრდება მცენარის გვალვა, ყინვა, დავადებათა და ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა.კალიუმის ჭარბი რაოდენობა ნიადაგში უარყოფით გავლენას ახდენს სიმინდის განვითარებაზე და მოსავლიანობაზე.

ბორი

ბორი მცენარისათვის უცილებელია მთელი სიცოციხლის მანძილზე. ის არ გადაინაცვლებს მცენარის ძველიდან ახალგაზრდა ფოთლებისაკენ, ამიტომ ამ ელემენტის სიმცირის შემთხვევაში იჩაგრება ახალგაზრდა მოზარდი ორგანოები და წარმოებს ზრდის წერტილების ხმობა, რასაც აპირობებს ქსოვილებში ფენოლებისა და აუქსინების დაგროვება, რომლებიც არღვევენ უჯრედის კედლების სტრუქტურას.

ბორი ხელს უწყობს მტვრის მარცვლების განვითარებას, რომლებიც ამ ელემენტის დეფიციტის შემთხვევაში კარგავენ განაყოფიერების უნარს, რის გამოც იზრდება სიმინდზე ქაჩალი-უმარცვლო ტაროების რიცხვი და ადგილი აქვს ზრდის წერტილების დაყოფას და მცენარის ჰაბიტუსის დამახინჯებას. აღნიშნულ მოვლენას ადგილი შეიძლება ჰქონდეს, მოკირიანებულ მჟავე ნიადაგებზეც, რადგან მოკირიანება ამცირებს ბორის მოძრავი შენაერთების შემცველობას ნიადაგში და მათი გადაადგილების უნარს.

თუთია

თუთიის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს როგორც მჟავე, ისე გაეწერებულ ნიადაგებზე, ასევე კარბონატულ და მაღალჰუმუსიან ნიადაგებზე. თუთიის დეფიციტს აპირობებს ფოსფორიანი სასუქების მაღალი ნორმების გამოყენება, რომელსაც ეს ელემენტი გადაჰყავს ძნელად შესათვისებელ ფორმაში, სიმინდის და სხვა მარცვლეული კულტურების მონოკულტურაში მოყვანა.

თუთიის სიმცირის შემთხვევაში შეინიშნება მისი ფოთლების გათეთრება ან ქლოროზი, რაც ქლოროფილის ბიოსინთეზის დარღვევით აიხსნება, მკვეთრად ფერხდება უჯრედის დაყოფა და ქსოვილების დიფერენციაცია, ფოტოსინთეზის პროცესის მსვლელობა, ფერმენტების, საქარიზისა და სახამებლის წარმოქმნა.

სიმინდის მოთხოვნილება საკვებ ელემენტებზე და მათი გამოტანა მოსავლით

სიმინდი საკვები ელემენტებისადმი მაღალი მოთხოვნილების მქონე კულტურაა, ამიტომ მისი მაღალი მოსავლის ფორმირებისათვის აუცილებელია მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა.

აღმოცენებიდან პირველ პერიოდში სიმინდი ნელა იზრდება და მცირე რაოდენობით საკვებ ელემენტებს მოიხმარს, მიუხედავად ამისა ზოგიერთი საკვები ელემენტის განსაკუთრებით ფოსფორის დეფიცითი გამოუსწორებელ გავლენას ახდენს მოსავლიანიბაზე.

მაქსიმალურ მოთხოვნილებას ეს კულტურა საკვებ ელემენტებზე აყენებს ინტენსიური ზრდის პერიოდში რძისებრი სიმწიფემდე. ამ პერიოდში ის აგროვებს საკვები ელემენტების  დაახლოებით 90% და მშრალი ნივთიერების 80 %, რომელთა მაქსიმალური რაოდენობა მოსავალში შეიმჩნევა ცვილისებრი სიმწიფის ფაზაში საკვები ელემენტებისადმი

მაქსიმალური მოთხოვნილების პერიოდში, დაახლოებით 20-30 დღის განმავლობაში, სიმინდის 50 ც მარცვლის ფორმირებისათვის საჭიროა დაახლოებით 100 კგN;L40 კგ.P2O5 და 110 კგ. K2O. ასეთი რაოდენობით საკვები ელემენტების გამონთავისუფლება შეუძლია მხოლოდ 120 ტ ნაკელს, ისიც მხოლოდ მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში,

ამიტომ მარტო ორგანული სასუქების შეტანა ვერ უზრუნველყოფს სიმინდის მაქსიმალური მოსავლის ფორმირებას და საჭიროა მინერალური სასუქებით, განსაკუთრებით აზოტით დამატებითი გამოკვების ჩატარება საკვებ ელემენტებზე მაქსიმალური მოთხოვნილების პერიოდში.

აზოტი განსაკუთრებით აუცილებელია 6…7 ფოთლის ფაზაში როცა იწყება ქოჩოჩის (საგველას) ამოღება და ტაროს ჩასახვა და სავეგეტაციო ორგანიების ინტენსიური ზრდა. სიმინდი აზოტით კვებაზე გადიდებულ მოთხოვნილებას აყენებს ცივ ამინდში, 2-3 ფოთლის ფაზაში, რადგან დაბალ +5 +70 C ტემპერატურაზე ფერხდება მცენარეში აზოტის შესვლა. ესაა სიმინდს მოსავლის ფორმირების ყველაზე კრიტიკული პერიოდი, რომელიც 2-3 კვირა გრძელდება, რაც უფრო ხანგრძლივდება ეს პერიოდი მით უფრო მცირდება სიმინდის მოსავალი.

სიმინდი ფოსფორზე მაღალ მოთხოვნილებას აყენებს აღმოცენების შემდეგ, რადგან ის აუცილებელია ფესვთა სისტემის ნორმალური განვითარებისათვის 4-5 ფოთლის ფაზაში, ასევე ყვავილობისა და მარცვლის წარმოქმნის ფაზაში.

კალიუმი სიმინდისათვის აუცილებელია მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მეტი როდენობით შეითვისება საგველას ამოტანის ფაზამდე.

დიდი რაოდენობით მოიხმარს სიმინდი გოგირდს, კალციუმს და მაგნიუმს. სიმინდის კულტურის მიერ საკვები ელემენტების გამოტანა საგრძნობლად იცვლება ნიადაგურ- კლიმატური პირობების, გამოყენებული სასუქების ფორმების, ნორმების, შეტანის ვადების, მოსავლის დონის მიხედვით. 50 ც მარცვალსა და მის შესაბამის ჩალას 1 ჰა-დან გამოაქვს 170 კგ N, 60 კგ P2O5 და 185 კგ K2O.

სიმინდისათვის საკვები ელემენტებზე მოთხოვნილების შესწავლიდან ჩანს, რომ მისთვის პირველ მინიმუმში იმყოფება აზოტი. მისი ნორმის გადიდებით არა მარტო იზრდება მოსავალი, არამედ უმჯობესდება მარცვლის ხარისხი, რადგან მასში იზრდება ნედლი პროტეინის შემცველობა.

ორგანული სასუქებისა და მაკრო და მიკროელემენტების საორიენტაციო ნორმები სიმინდის კულტურისათვის

სიმინდის მაღალი მოსავლის მისაღემად საჭიროა მინერალური და ორგანული სასუქების ოპტიმალური ნორმების გამოყენება. სასუქების დაბალი ნორმების შეტანა გაუმართლებელია, რადგან ვერ უზრუნველყოფს საშუალო და დამაკმაყოფილებელი ხარისხის მოსავლის მიღებას. ასევე აგრონომიული, ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით გაუმართლებელია საუქების მაღალი ნორმების შეტანა, ვინაიდან ერთ კგ.  საკვებ ელემენტზე მიღებული ნამატი საგრძნობლად მცირდება, პროდუქციის ხარისხი უარესდება, საკვები ელემენტების ჩარეცხვითი და აქროლებითი დანაკარგები იზრდება.

ორგანული სასუქის ნორმა სიმინდის კულტურისასთვის შეადგენს B20-40 ტ/ჰა. საქართველოს სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატური ზონების მიხედვით სიმინდის ქვეშ განსხვავებული რაოდენობით მინერაკური სასუქი შეიტანება. საშუალო დონის 30-40 ტ მოსავლის მისაღებად რეკომენდირებული ნორმები საშუალოდ შეადგენს N 90-120, P90K 60.

სარწავი მიწათმოქმედების ზონებში და ტენით უზრუნველყოფილ რაიონებში 5-7ტ/ჰა სიმინდის მარცვლის ან 60-80ტ მწვანე მასის მისაღებად საჭიროა 20-30 ტ ნაკელი და N120-150, P90-120 და K 60-90. კგ ჰა შეტანა. მიკროელემენტებიდან ბორი შეიტანება 2 კგ, თუთია 3-6 კგ, მანგანუმი 6კგ, სპილენძი 2-3 კგ რაოდენობით. ანუ 12 კგ ბორის მჟავა,, 50 კგ მანგანუმის შლამი, 13-26 კგ თუთიის სულფატი და 8-11 კგ სპილენძის სულფატი ან 400-600 კგ პირიტის ნამწვი.

სიმინდის კულტურის ქვეშ შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების ფორმები, მათი შეტანის ხერხები, წესები

სასუქების გამოყენების გარეშე მხოლოდ ნაყოფიერ ნიადაგზე შეიძლება სიმინდის საშუალო მოსავლის მიღება, სხვა შემთხვევებში კი 10-15 ც მოსავალზე მეტის მიღება შეუძლებელია, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საწარმოო პირობებში ამ კულტურის მოყვანისას.

სიმინდის განოყიერების სისტემა შედგება: ძირითადი განოყიერებისაგან (თესვამდე განოყიერება), თესვის დროს განოყიერებისაგან, გამოკვებისაგან.

ძირითად განოყიერება

ძირითად განოყიერებას აღმოსავლეთ საქართველოში აწარმოებენ მზრალად ხვნის წინ, დასავლეთ საქართველოში საგაზაფხულო ხვნის წინ ამ პერიოდში პირველ რიგში შეაქვთ ორგანული სასუქები: ნაკელი, ტორფკომპოსტები და შერეული კომპოსტები ბიოჰუმუსი და ბიოკომპოსტები.

ვინაიდან საქართველოში ორგანული სასუქების რეზერვები შეზღუდულია მათ პირველ რიგში იყენებენ, ბოსტნეული და ციტრუსოვანი კულტურების ქვეშ, ამასთან შორს მანძილზე ორგანული სასუქების გადაზიდვა ეკონომიკურად გაუმართლებელია, ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებზე სიმინდის მოსავლის მისაღებად იყენებენ მწვანე სასუქების შუალედურ ფორმებს.

ორგანული სასუქებიდან საუკეთესოა ბიოჰუმუსი და ნაკელი. 20 ტ ნაკელის შეტანით საშუალოდ 3 – ც-ით იზრდება მარცვლის მოსავალი, სასილოსე მასა კი 7-8 ტ/ჰა-ზე. ნაკელი უფრო მაღალ ეფექტს იძლევა ტენით უზრონველყოფილ დასავლეთ საქართველოს რაიონებში. მიუხედავად ამისა სიმინდის მარტო ნაკელით ან სხვა ორგანული სასუქებით განოყიერება შედარებით დაბალი ეფექტურობის გამო არამიზანშეწონილია, რაც განპირობებულია იმით, რომ ნაკელით ბრუნდება მოსავლით გატანილი საკვები ელემენტების მხოლოდ ნაწილი, ამიტომ ადგილი აქვს ნიადაგის თანდათან გაღარიბებას და მოსავლის შემცირებას.

ამასთან ერთად საკვები ელემენტების მაქსიმალური მოთხოვნილების-სიმინდის ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდში, ორგანული სასუქები გამოანთავისუფლებენ მხოლოდ საკვები ელემენტების სრული მოთხოვნილების 30% მდე, რაც საკმარისი არ არის მცენარის ნორმალური ზრდა –განვითარებისათვის, ამიტომ სიმინდს საკვები ელემენტებით უზრუნველსაყოფად ორგანულ სასუქებთან ერთად აუცილებელია მინერალური სასუქების განსაკუთრებით აზოტის შეტანა.

ნაკლებ ეფექტურია ცალკე მინერალური სასუქების შეტანაც, რადგან მათი სისტემატური შეტანით თანდათან უარესდება ნიადაგის თვისებები, სტრუქტურა, წყლისა და ჰაერაციის რეჟიმი და მცენარის კვების პირობები.

მინერალური და ორგანული სასუქების ერთობლოვი გამოყენება საშვალებას იძლევა გავაუმჯობესოთ ნიადაგის თვისებები, გავადიდოთ ნაყოფიერება, რითაც უზრუნველვყოფთ მცენარეებს საკვები ელემენტებით მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, გავზარდოთ საკვები ელემენტების გამოყენების კოეფიციენტები და შევამციროთ მათი ჩარეცხვითი და აქროლებითი დანაკარგები, გავამდიდროთ ნიადაგი მიკროორგანიზმებით

და ამით ხელი შეუწყოთ ნიადაგში და ორგანულ სასუქებში არსებული ორგანული და მინერალური შენაერთების დაშლას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები მაღალი აგროტექნიკის პირობებში მაქსიმალური მოსავლის ფორმირებას უზრუნველყოფს.

ძირითად განოყიერებაში სიმინდის ქვეშ შეიტანება აგრეთვე ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები, რომლებიც მაღალ ეფექტს იძლევიან მოძრავი ფოსფორითა და გაცვლითი კალიუმით ღარიბ ნიადაგებზე, მაღალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე დაბალ ეფექტს იძლევიან, მაგრამ მათი ოპტიმალური ნორმით შეტანა აუცილებელია ნიადაგის გაღარიბების თავიდან ასაცილებლად და მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გასადიდებლად ფოსფორიანი სასუქებიდან გამოიყენება სუპერფოსფატი და ორმაგი სუპერფოსფატი, მჟავე ნიადაგებზე ფოსფორიტის ფქვილი, მათი ოპტიმალური ნორმები P90-120 7-12 ც ზრდიან სიმინდის მარცვლის მოსავალს, უფრო მაღალი ნორმები არსებით გავლენას არ ახდენენ მოსავლის დონეზე.

კალიუმიანი სასუქებიდან გამოიყენება კალიუმის ქლორიდი და 40 % კალიუმის მარილი. მათი 60კგ ანგარიშით შეტანა დადებით გავლენას ახდენს სიმინდის მოსავლიანობაზე მოკირიანებულ ეწერ ნიადაგებზე. მოუკირიანებელ ეწერებზე უმჯობესია K2O 90 კგ ანგარიშით შეტანა. ნორმის შემდგომმა გადიდებამ მოსავლის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს.

თესვისწინა კულტივაციის დროს სიმინდის ქვეშ შეიძლება შეტანილი იქნეს ამოფოსი, დიამოფოსი, ნიტროფოსი და ნიტროამოფოსკა.  მიკროსასუქებიდან თუ მათი სიმცირის სიმპტომები იქნა წინა წლებში აღმოჩენული- ბორის მჟავა, თუთიის სულფატი, მანგანუმის შლამი, მანგანუმის სულფატი და მოლიბდენმჟავა ამონიუმიისეთივე ნორმებით როგორც ხორბლის ქვეშ არის გათვალისწინებული.

გაზაფხულზე თესვისწინა კულტივაციის წინ აუცილებელია აზოტის ნორმის 30-40 % შეტანა, რაც უზრუნველყოფს ახლადაღმოცენებული მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აზოტის მოძრავი შენაერთების ძალზე მცირე შემცველობის გამო სიმინდის ზრდა- განვითარება ამ პერიოდში სუსტად მიმდინარეობს.

აზოტიანი სასუქებიდან გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა და შარდოვანა. თხევადი აზოტიანი სასუქები უწყლო ამიაკი, ამიაკური წყალი და მყარი ამონიუმის სულფატი.

თესვის დროს განოყიერება

თესვის დროს განოყიერების დანიშნულებაა სიმინდის ახალგაზრდა მცენარის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფა აღმოცენებიდან ფესვთა სისტემის განვითარებამდე.

ამ პერიოდში სიმინდს გააჩნია სუსუტად განვითარებული ფესვთა სისტემა და ვერ იყენებს ძირითადი განოყიერების დროს შეტანილ სასუქებს, რის გამოც ხშირად იჩაგრება რომელიმე საკვები ელემენტის დეფიცირის გამო. თესვის დროს განოყიერებისას ფოსფორიანი სასუქების შეტანა საშვალებას იძლევა მცენარემ უმოკლეს ვადაში განივითაროს

მძლავრი ფესვთა სისტემა. ამ პერიოდში შეიტანება სუპერფოსფატი 10…15 კგ P2O5 ანგარიშით, კომბინირებული სათესით. უმჯობესია აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცვლელი კომპლექსური სასუქებისს ნიტროფოსკას, ნიტროამოფოსკას N10P10K10 ან N15P15K15 ანგარიშით გამოყენება.

თესვის დროს განოყიერება განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა საკვები ელემენტებით ღარიბ ნიადაგებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიმინდის აღმონაცენი ძალზე მგრძნიბიარეა ნიადაგის ხსნარის მაღალი კონცენტრაციის მიმართ,

ამიტომ თესვის დროს სასუქი შეტანილი უნდა იქნეს თესლიდან 3-5 სმ დაშორებით და 2-3 სმ ღრმად. მწკრივში მარტო აზოტიანი სასუქის შეტანისას აზოტის ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 25 კგ/ჰა, შედარებით მაღალი დოზის შეტანისას ფერხდება და გვიანდება თესლის აღმოცენება.

დამატებითი განოყიერება

სიმინდის გამოკვება შეიძლება ჩატარდეს როგორც ფესვებიდან ისე ფოთლებიდან ფესვგარერშე გამოკვების სახით. ნიადაგიდან პირველ გამოკვებას აზოტიანი სასუქით აწარმოებენ 2-3 ფოთლის ფაზაში, მეორე გამოკვებას 6-10 ფოთლის ფაზაში მცენარეთ მკვები კულტივატორით ან ხელით. მისი ჩატარების აუცილებლობას ადგენენ მცენარის დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით.

მინერალური სასუქების მაღალი ნორმების სისტემატური შეტანისას მცენარეთა ბალანსირებული კვებისათვის აუცილებელია მიკროსასუქებით გამოკვების ჩატარება. ახლად ათვისებულ ტორფნარებზე და ჭაობიოან ნიადაგებზე საჭიროა ნიადაგში სპილენძის შემცველი მიკროსასუქების გამოყენება. მოკირიანებულ ყვითელმიწა და გაეწერებულ წითელ მიწებზე ბორის შემცველი მიკროსასუქების შეტანა. კარბონატულ ნიადაგებზე მანგანუმიანი მიკროსასუქების, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ეწერებზე და ფოსფორის ჭარბი შემცველობის მქონე ნიადაგებზე თუთიის შემცველი მიკროსასუქების გამოყენება.

სიმინდის ფესვგარეშე გამოკვებას მცენარის სავეგეტაციო პერიოდში აწარმოებენ აგრეთვე მინერალური და მიკროსასუქების ხსნარების ფოთლებზე შესხურებით. ამ მიზნით იყენებენ ბორის მჟავას 0,01-0,03 %, მანგანუმის სულფატის 0,05-0,01 %, თუთიის სულფატის 0,02-0,05 %, შარდოვანას 20-30 % ხსნარებს. ხსნარის საექტარო ხარჯი შეადგენს 600. რადგან სიმინდის ფესვგარეშე გამოკვება ავიაციის გარეშე ძნელი განსახორციელებელია, მის ნაცვლად აწარმოებენ სიმინდის თესლის თესვისწინა დამუშავებას მიკროსასუქების დაბალპროცენტიანი ხსნარებით.

ცალკეული მიკროსასუქის მაგივრად უფრო მარალ ეფექტს იძლევა მაკრო და მიკროელემენტების შემცველი კომპლექსური სასუქის კრისტალონის გამოყენება, რომლის შეტანაც სიმინდის კულტურის ქვეშ უნდა განხორციელდეს ავიაციის დახმარებით. კრისტალონის მრავალი მარკიდან სიმინდის კულტურის ქვეშ ყველაზე მაღალ შედეგს იძლევა სპეციალური მარკის კრისტალონი.

მოკირიანების საჭიროებისა და კირის ნორმების განსაზრვრა სიმინდის კულტურისათვის

სიმინდი კარგად ვითარდება სუსტმჟავე, ნეიტრალურ და სუსტ ტუტე არეს რეაქციის ნიადაგებზე. თუ pH მაჩვენებელი 5-ის ტოლია, ასეთი ნიადაგი მოკირიანების გარეშე გამოუსადეგარია სიმინდის მოსაყვანად.

მოკირიანებისათვის გამოიყენება დოლომიტის ფქვილი, გადამწვარი და ჩამქრალი კირი, დაფქვილი კირქვა, ტკილი, დეფეკაციური ტალახი და სხვა. რაც უფრო დიდი დოზითაა კირი შეტანილი ნიადაგში მით მეტია მისი მოქმედების ხანგრძლივობა. კირის დოზას ანგარიშობენ ჰიდროლიზური მჟავიანობის მიხედვით: CaCO3 ტ/ჰა= H ჰიდრ. × 1,5

მოკირიანების ეფექტი დამოკიდებულია ნიადაგის მჟავიანობაზე, მის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე, ორგანული ნივთიერებების შემცველობაზე, შთანთქმის ტევადობაზე და საკვები ელემენტების მოძრავი ფორმების შემცველობაზე.

სიმინდის ქვეშ სასუქების შეტანის ვადები და ტექნიკა

სიმინდის ქვეშ ნაკელი, ტორფკომპოსტები, შერეული კომპოსტები, კირი და ფოსფორკალიუმიანი სასუქები შეტანილი უნდა იქნეს შემოდგომაზე მზრალად ხვნის წინ.

ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები გამოყენებული უნდა იქნენ აგროქიმიური კარტოგრამის მიხედვით ნიადაგში მათი მოძრავი ფორმების შემცველობის მიხედვით. ამ კულტურის მოკირიანების საუკეთესო ვადად ითვლება გაზაფხული, ის შეაქვთ თესვამდე ერთი თვით ადრე და აწარმოებენ ჩახვნას 18-25 სმ სიღრმეზე.

აზოტიანი სასუქებიდან ამონიუმის გვარჯილა და შარდოვანა შეტანილი უნდა იქნენ თესვის წინა კულტივაციის დროს და გამოკვებაში. თხევადი აზოტიანი სასუქები- უწყლო ამიაკი და ამიაკური წყალი და მყარი ამონიუმის სულფატი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე შეიტანება გაზაფხულზე გადახვნის წინ, მსუბუქ ნიადაგებზე კულტივაციის წინ. ამავე პერიოდში შეტანილი უნდა კომპლექსური და მიკროსასუქები.

თესვის დროს საჭიროების შემთხვევაში შეიტანება სუპერფოსფატი, ნიტროფოსკა და ნიტროამოფოსკა. სიმინდის გამოსაკვებად აზოტიანი სასუქებიდან რეკომენდირებულია გამოყენებული იქნეს ამონიუმის გვარჯილა და შარდოვანა. საერთოდ უმჯობესია ამ კულტურის ქვეშ აზოტიანი სასუქები შეტანილი იქნენ წილადობრივად, რაც საშვალებას იძლევა გადიდებული იქნეს აზოტის გამოყენების კოეფიციევტი და შემცირებული იქნას ჩარეცხვითი და აქროლებითი დანაკარგები.

აზოტიანი სასუქების 40 % გამოყენებული უნდა იქნეს თესვის წინ, 60 % ორ გამოკვებაში 30-30 % რაოდენობით. პირველი გამოკვება ტარდება 2-3 ფოთლის ფაზაში, როცა სიმინდის სიმაღლე 15-20 სმ მიაღწევს, რიგთაშორისების პირველი კულტივაციის დროს. სასუქი შეიტანება მწკრივის ორივე მხარეს მცენარიდან 10 სმ დაშორებით. მეორე გამოკვება ტარდება 6-10 ფოთლის ფაზაში, რომლის დროსაც სასუქი შეიტანება მცენარეთმკვები კულტივატორით მწკრივის შუაში.

ორგანული და აზოტიანი სასუქების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების წესები. დაუშვებელია მათი ნიადაგში ჩაკეთების გარეშე დატოვება, განსაკუთრებით კარბონატულ ნიადაგზე, სადაც ამიაკის აქროლებითმა დანაკარგმა შესაძლებელია 50 % გადაააჭარბოს, გაზრდილია ჩარეცხვითი დანაკარგებიც, რაც საგრძნობლად ამცირებს ამ სასუქების ეფექტურობას და ხელს უწყობს ჰაერის, გრუნტის და სასმელი წყლების დაბინძურებას.

მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენება, მათი ნორმების, შეტანის ვადების და ტექნიკის ზუსტად დაცვა საშუალებას იძლევა ყოველწლიურად მიღებული იქნას სიმინდის მარცვლის მაღალი და ხარისხიანი მოსავალი, რაც თავის მხრივ ფერმერული მეურნეობის ეკინომიკური მაჩვენებლების მკვეთრ ზრდას უწყობს ხელს.

ავტორები: ა. თხელიძე; ც. სამადაშვილი; ხ.დობორჯგინიძე. /ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა/.

იხილეთ აგრეთვე: სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიური აგროტექნოლოგია

თქვენი რეკლამა