დაფნის ნერგების გამოყვანა სანერგეში

დაფნა, ნერგი, სანერგე, თესვა, დაფნის

სანერგე სასურველია მოეწყოს დაფნის სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად გათვალისწინებული ნაკვეთების ახლოს. სანერგისათვის არჩევენ ვაკე ან ოდნავ დაქანებულ, ქარებისაგან დაცულ, მშრალ ადგილს.

ნიადაგი უნდა იყოს შედარებით მსუბუქი, წყალგამტარი და ნოყიერი. ამის შემდეგ ხდება ნიადაგის გამოკვლევა, იმ შემთხვევაში თუ ნაკვეთი ღარიბია საკვები ელემენტებით და ჰუმუსუთ, ადრე გაზაფხულზე წარმოებს ნიადაგის მოხვნა ან გადაბარვა 25-სმ სიღრმეზე. შეაქვთ რთული კომპლექსური სასუქი 300კგ. და ორგანული სასუქი 40 ტონა ჰექტარზე.

დაფნის დასათესად მოხნული ნიადაგი 10-20-სმ სიღრმეზე ისევ უნდა გადაიხნას, ამის შემდეგ ეწყობა 10-20-სმ-ით შემაღლებული 1,0-1,2 მ. სიგანის კვლები, კვალთა შორის მანძილი 30-სმ უნდა იყოს, რომელიც იმავდროულად სასიარულო ბილიკის როლსაც ასრულებს.

თესლი ითესება კვლების გარდიგარდმო მოწყობილი პატარა 3-4 სმ-ის სიღრმის ღარებში. ღარებში თესლებს შორის მანძილი 5-6 სმ-ია. მწკრივთაშორის მანძილი 30 სმ-ია. ერთ ჰექტარზე სადაც სასარგებლო ფართი 7500 კვ-მეტრს უდრის ითესება 500 კგ თესლი.

სანერგეში თესვის საუკეთესო ვადაა ნოემბერი, გაზაფხულზე კი თესვა სტრატიფიცირებული თესლით 25 თებერვლიდან – 15 მარტამდე წარმოებს.

ნათესების მოვლა უმთავრესად რიგებისა და მწკრივების გამარგვლასა და ნიადაგის გაფხვიერებაში გამოიხატება, ეს სამუშაო წლის განმავლობაში 4-6- ჯერ სრულდება.

ახლადგაღვივებული ნათესარების მზის სხივებით დაზიანებისაგან დასაცავად ნათესი კვლები იჩრდილება ერთფენა დოლბანდით ან მცენარეული მასალით, რომელიც აიღება 10-15 აგვისტოდან.

მეორე წელს ერთწლიანი ნერგების მოვლა ისევე ხდება, როგორც პირველ წელს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აპრილსა და ივნისში შეაქვთ აზოტმჟავა ამონიუმი 750-კგ ოდენობით ჰექტარზე, მათ შორის პირველად ნორმის 60%.

დაფნის სამრეწველო პლანტაციის გასაშენებლად უკეთესია ორწლიანი სტანდარტული ნერგი 20-სმ სიმაღლისა და 4-5-მმ დიამეტრით ფესვის ყელთან. სანერგიდან ნერგების ამოღება ხდება ბელტიანად, შემოეცლება ზედმეტი მიწა, ეწყობა ყუთებში და გადააქვთ დასარგავად.

დარგვის წინ ფესვი უნდა შეიკვეცოს 1/3-ით, ამოევლოს წუნწუხში ან სპეციალურ ჰუმინური მჟავეების ხსნარში და დაირგოს მუდმივ ადგილას.

დაფნა შეიძლება გამრავლდეს ვეგეტატიურადაც, კალმებით და ტოტების გადაწვენით. გამრავლების ამ მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე, აგრეთვე მაღალი ეთერზეთების შემცველი საფოთლე პლანტაციების გასაშენებლად.

დაკალმება ხდება სათბურში ან ღია კვლებზე სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატში (ფხვიერი ნიადაგი + მდინარის ქვიშა 2:1) გაზაფხულზე ან ზაფხულში მწვანე ორფოთლიანი კალმებით. კვლები დოლბანდით იჩრდილება, საჭიროების მიხედვით ირწყვება დაფესვიანება 75-80%. კალამ-ნერგი გადასარგავად მზად იქნება მეორე წლის ბოლოს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

იხილეთ აგრეთვე: დაფნა – დაფნის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა