ღორის ვირუსული გასტროენტერიტი

ღორი, მეღორე, ვირუსული

ღორის ვირუსული გასტროენტერიტი (Gastroenteritis infectiosa suum) მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ღებინებით, ძლიერ გამოხატული დიარეით, ქსოვილების გაუწყლოებით (დეჰიდრატაციით) და მოზარდებში გამოხატული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით.

მისი გამომწვევია ვირუსი, რომელიც კორონავირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ვირუსი მგრძნობიარეა სინათლის მიმართ და სწრაფად კვდება (იშლება) ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. ვირუსი მინუსოვან ტემპერატურაზე სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 3 წლის განმავლობაში, თუმცა 800-1000 ტემპერატურაზე გაცხელებისას, 5 წუთში იღუპება.

ღორების ვირუსული გასტროენტერიტით ავადდება ყველა ღორი, განურჩევლად მისი ასაკისა. დაავადების გავრცელება შესაძლებელია წლის ყველა დროს. დაავადების წყარო შეიძლება იყოს დაავადებული ან დაავადებაგადატანილი ცხოველი. ვირუსი ვრცელდება კუჭ-ნაწლავის გზით. ხშირად დაავადება ატარებს ენზოოტიური აფეთქების ხასიათს.

განსაკუთრებით მგრძნობიარენი ამ დაავადების მიმართ არიან გოჭები. სიკვდილიანობა პატარა ასაკში შეიძლება 100% აღწევდეს. თუ დედა ღორი წინასწარ ვაქცინირებულია ამ დაავადებაზე, გოჭები ინარჩუნებენ მყარ იმუნიტეტს 1-1,5 თვემდე, ამის შემდეგ კი ისინი კარგავენ იმუნიტეტს და აუცილებელია მათი ვაქცინაცია.

ჯანმრთელი ცხოველი ავადდება ავადმყოფ ცხოველებთან ერთად შენახვის პირობებში. ინფექციის აღმძვრელის გადაცემის ფაქტორებია: ფეკალური მასებით დასვრილი საკვები, წყალი, ქვეშსაფენი, მოვლის საგნები და სხვა. თუ ეს ინფექცია პირველად ჩნდება მეურნეობაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ვიდრე რეციდივის დროს.

ინფექციის შეტანა ხდება მაშინ, როცა არაკეთისაიმედო მეურნეობიდან ხდება შეუმოწმებელი ცხოველების შეყვანა. უფრო ხშირად ავადდებიან გოჭები ასხლეტის პერიოდში.

ეპიზოოტოლოგია

კლინიკური ნიშნების გამოვლინების პერიოდი, მისი სიმძაფრე და ლეტალობის მაჩვენებელი, დიდად არის დამოკიდებული მეურნეობაში ცხოველების საერთო მდგომარეობაზე: მათ ასაკზე, მოვლა- შენახვის პირობებზე, საკვების ხარისხზე, მოციონის არსებობაზე და სხვა ფაქტორებზე.

ამთვისებელ სულადობაში დაავადების პროცენტმა შეიძლება მიაღწიოს 100% და ეს მოხდეს სულ 2-3 დღის განმავლობაში.

დაავადება მძიმედ მიმდინარეობს 6 კვირიდან 3 თვის ასაკამდე მოზარდში, მაშინ, როცა ზრდასრული ასაკის ცხოველებში დაავადების მიმდინარეობა შეიძლება მსუბუქი ან, თითქმის უსიმპტომო იყოს.

ეპიზოოტიურ პროცესს ახასიათებს ციკლურობა 3-4 კვირის ინტერვალით, ანუ შეიძლება ცხოველები გამოჯანმრთელდნენ, დაავადება თითქოს ჩაქრეს, მაგრამ ისევ ხელახლა იფეთქოს. ამის გამოსარიცხად აუცილებელია ცხოველთა სადგომში ჩატარდეს დეზინფექცია.

კლინიკური ნიშნები

ინკუბაციური პერიოდი გოჭებში შეიძლება გაგრძელდეს 12-24 სთ-დან 4 დღემდე, ხოლო მოზრდილ ცხოველებში – 7 დღემდე. გოჭებში დაავადება მიმდინარეობს დიარეით. (ხშირად ფეკალურ მასაში არის სისხლისა და ლორწოს მინარევები), ღებინებით, წყურვილის გაძლიერებით. სხეულის ტემპერატურა დაავადების დასაწყისში მომატებულია, თუმცა სწრაფად უბრუნდება ნორმას.

დაავადების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, დაავადებული გოჭების უმრავლესობა კვდება. ლეტალობა 1-2 თვის მოზარდში აღწევს 30%. ზრდასრულ ღორებში დაავადების საწყის სტადიაზე შეინიშნება სხეულის ტემპერატურის სწრაფი, მაგრამ ხანმოკლე მატება, მადა უმცირდებათ, ეწყებათ ფაღარათი, ზოგიერთი ცხოველი სწრაფად გამოჯანმრთელდება, ხოლო ზოგიერთში დაავადება პროგრესირდება და გრძელდება 5-7 დღე, ხანდახან კი მეტიც. შემდეგ ცხოველი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდება.

სიკვდილიანობა მოზრდილ ცხოველებში იშვიათია, მაგრამ ხადახან, დაავადების გართულების დროს, ლეტალობამ შეიძლება 15- 20% მიაღწიოს. მოზარდ ცხოველებში კი არ აღემატება 3%.

პათანატომია

გაკვეთის დროს ძუძუმწოვარ გოჭებში ვნახულობთ მცირე რაოდენობის ხსენს, კუჭის ლორწოვანი გარსი შეშუპებულია, ადგილი აქვს კატარალურ და იშვიათად ჰემორაგიულ ანთებას. ლორწოვანი გარსი გაფარულია შემღვრეული ფერის ლორწოთი, ნაწლავები ცარიელია და ვნახულობთ მასში თხიერ რუხ ან ყავისფერ მასას რომელშიც შეიმჩნევა გაზის ბუშტუკები.

მოზრდილი ცხოველების გაკვეთისას ცვლილებებია ძირითადად მსხვილ ნაწლავებში. ადგილი აქვს კატარალურ გასტროენტერიტს, პარანქიმულ ორგანოებში განსაკუთრებული ცვლილებები არ გვხვდება.

დიაგნოზი

ისმება ძირითადად ეპიზოოტიური, კლინიკური, პათანატომიური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე.

დიფერენციული დიაგნოზი: უნდა გამოითიშოს საკვებით გამოწვეული მოწამვლა, სალმონელოზი, ჭორის ჭირი და დიზენტერია.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებანი

დაავადებული ცხოველები უნდა გამოცალკევდეს ჯანმრთელებისგან, სადგომში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია 2%-იანი ნატრიუმის ჰიდროქსინით, დროებით უნდა შეწყდეს გეგმიური ვაქცინაციები.

ასევე, არ შეიძლება დავუშვათ ცხოველთა გაყვანა ამ ტერიტორიიდან (თუნდაც ჯანმრთელების) და არ შემოვიყვანოთ ახალი ცხოველები პროფილაქტიკური საკარანტინო ვადის გარეშე.

ცხოველებს ვუქმნით მოვლა-შენახვის ნორმალურ პირობებს. პროფილაქტიკის სახით შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარატი ,,კალივეტრინი“დოზით: 5მლ. სუსპენზია 1 ლტ.წყალში.

ავტორი: ამირან კოჩალიძე/ღორის დაავადებები/

იხილეთ აგრეთვე: ღორის კლასიკური ჭირი

თქვენი რეკლამა