ფუტკრის მოწამვლა პესტიციდებით

ფუტკრის, მოწამვლა, პესტიციდებით, მეფუტკრეობა

პესტიციდებით მოწამვლა

არაგადამდებ დაავადებათა შორის უმნიშვნელოვანესია ფუტკრის მოწამვლა სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებით, რაც დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას.

პეტიციდებით მოწამვლა ხდება, მათი გამოყენების წესების უხეში დარღვევის შედეგად, რაც თავის მხრივ იწვევს ფუტკრის პროდუქტების დაბინძურებას ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებით.

ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მეფუტკრე ინფორმირებული იყოს პესტიციდების გამოყენების შესახებ. მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს დღისით, ფუტკრის ფრენის პერიოდში, დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დამუშვება ყვავილობის პერიოდში.

პესტიციდებით ფუტკრის მოწამვლის ნიშნებია: ფუტკრის ფეკალით დაბინძურებული სკა, მის მახლობლად მკვდარი ან სკიდან გამომავალი მომაკვდავი ფუტკრები, ძლიერ დასუსტდებული ფუტკრის ოჯახები, რომლებიც ვეღარ აგროვებენ ნექტარს.

ძლიერი მოწამვლისას ფუტკარი მინდორშივე ან გზაში იღუპება. მოღალე მოწამლული ფუტკრის სკაში დაბრუნების შემთხვევაში წყლისა და ნექტრის მოტანისას იღუპება ძიძა და დედა ფუტკარი, ასევე ბარტყი.

თუ ფუტკარმა ყვავილის მტვერი კარგად შეინახა, მაშინ მოწამვლის ნიშნები მომდევნო გაზაფხულზეც იჩენს თავს პესტიციდებით მცენარეების ახალი შეწამვლის დაწყებამდე.

პესტიციდებით მოწამვლის შემთხვევაში, სკის წინ გროვად არის დაყრილი მკვდარი ფუტკარი, შუა ნაწლავი შემცირებულია სიგრძეში, ფერით მოშაოა და სავსეა გამჭვირვალე სითხით.

ზუსტი დიაგნოზისთვის ფუტკრის, თაფლის და ჭეოს ნიმუშები იგზავნება ვეტლაბორატორიაში (400-500 ცალი მკვდარი ან მომაკვდავი ფუტკარი, 200გ ღია თაფლი, 50გ ჭეო, საფუტკრის ახლოს არსებული მწვანე მასა – 100-200გ).

ნიმუშებს თან ატანენ მიმართვის წერილს და მიუთითებენ გამოყენებული იყო თუ არა ამ პერიოდში საფუტკრის სიახლოვეს პესტიციდი და მისი სახეობა.

პესტიციდების დეტოქსიკაციის ვადები

ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი საკმაოდ დეტალურადაა შესწავლილი ვ. სტეფანიშვილის (2010) მიერ, რომელმაც შემოგვთავაზა ფუტკრის იზოლაციის ხანგრძლივობის (დღეები) ნორმები გამოყენებული პესტიციდის სახეობის მიხედვით. მათი დაცვა სავალდებულოა საფუტკრის უსაფრთხოებისათვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 29 ოქტომბრის №2-235 ბრძანებით „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებულია პესტიციდების საშიშროების კლასები ფუტკრებისათვის და მათი გამოყენების პირობები. სახელმწიფო კატალოგში ყოველი პესტიციდისათვის მოყვანილია საშიშროების კლასები.

მოწამლული ფუტკრისადმი დახმარება

თუ დიაგნოზმა ფუტკრის მოწამვლა დაადასტურა, ფუტკრის ოჯახებს ბუდეს შეუმჭიდროვებენ და დაათბუნებენ. ფიჭებს, რომელშიც ახალმოტანილი ნექტარია ჩასხმული, ამოაცლიან.

თუ ბარტყის მოწამვლასაც შენიშნავენ, ახალმოტანილ ჭეოიან ფიჭებს ამოიღებენ. ფუტკარს აძლევენ შაქრის თბილ სიროფს წყლისა და შაქრის შეფარდებით 2:1 ან 3:1 3-4-ჯერ, თითოეულ მიცემაზე 500_600 მლ. რაოდენობით, რამდენიმე დღის შემდეგ თუ სკაში ფუტკარი შემცირებულია ბუდეს კიდევ შეუმჭიდროვებენ.

თუ ოჯახში ფუტკრის 70-80% დაიღუპა, მათ შორის დედა ფუტკარიც, ოჯახს აუქმებენ და დარჩენილს სხვასთან შეაერთებენ.

სკიდან ამოღებული თაფლის გამოყენება მაშინ შეიძლება, თუ მასში ვეტლაბორატორიის დასკვნით პესტიციდის ნაშთები არ აღმოჩნდა. გამოთავისუფლებულ სკებს წმენდენ, რეცხავენ 2%-იანი ტუტის ხსნარით, შემდეგ წყლით, გამოწვავენ სარჩილავი ლამპის ალით მსუბუქ შერუჯვამდე.

პესტიციდებისგან ფუტკრის დაცვის ღონისძიებები

დაუშვებელია თაფლოვანი მცენარეების დამუშავება პესტიციდებით ყვავილობის პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები. ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 2-4 მ/წმ.

მცენარეთა ქიმიური დამუშავების შესახებ მეფუტკრემ წერილობითი შეტყობინება უნდა მიიღოს არანაკლებ 3 დღით ადრე. მასში მიეთითება: დამუშავების ზუსტი დრო, ტერიტორია, დასამუშავებელი მცენარის სახეობა, პრეპარატის სახეობა, მისი გამოყენების ფორმა და მეთოდი, აგრეთვე ვადა, რომლის განმავლობაში საფუტკრე შეიძლება სხვაგან გადაიტანონ, ან ფუტკარი ადგილზე დატოვებით ჩაკეტონ.

თავის მხრივ მეფუტკრე აფრთხილებს ადგილობრივ ხელისუფლებას და ნაკვეთის მფლობელს საფუტკრის ადგილმდებარეობის თაობაზე, რათა დროულად გააფრთხილონ პესტიციდების გამოყენებაზე.

ფუტკრის დაცვის სპეციალური ღონისძიებები

თუ შეუძლებელია ფუტკრის იზოლირება შესაბამისი მოწყობილობის არქონის გამო და გამოყენებული პესტიციდების მოქმედების ხანგრძლივობა დიდია – აუცილებელია საფუტკრის გადატანა არანაკლებ 5 კმ მანძილზე.

თუ პესტიციდის დეტოქსიკაციისათვის დრო დიდი არ არის, შესაძლებელია ფუტკრის იზოლირება. ასეთ შემთხვევაში ფუტკარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

1) ნახშირწყლოვანი საკვების და ყვავილის მტვერის მარაგით;

2) ბუდეში ვენტილაციის საშუალებით;

3) საჭირო რაოდენობის წყალით.

ფუტკრის იზოლირება შეიძლება

ფუტკრის იზოლირება შეიძლება სამთაბარო ბადით, რომელსაც სკას ადებენ ზემოდან. იგი წარმოადგენს ხის ჩარჩოს ზემოდან გადაკრული მავთულბადით. მცენარეთა დამუშავებიდან 1 დღით ადრე სამთაბარო ბადე დაედება სკის კორპუსს ან საკუჭნაოს. დამუშავების დღეს (ადრე დილიდან) საფრენი იკეტება ხის თამასით, სამთაბარო ბადეს დააფარებენ ტილოს,მისაფრენ ფიცარს დააყრიან ბალახს, რომ პესტიციდი მასზე არ მოხვდეს.

დამუშავების შემდეგ სკის წინა კედელი და მისაფრენი ფიცარი ირეცხება წყლით. ცხელ ამინდში ფუტკარს ეძლევა წყალი (1,5 ლ-მდე დღე-ღამეში), სამთაბარო ბადესა და სკის სახურავს შორის ხის თამასებს (1-2 სმ სისქით) დებენ ვენტილაციის გასაძლიერებლად. ღამით საფრენები შეიძლება გაიღოს.

სკას ზემოდან აყრიან ბალახს ან ხის ტოტებს, რომ სახურავი არ გადახურდეს. სკის ძირიდან უსინათლო ვენტილაციით (ვ. სტეფანიშვილის მეთოდი): სკის ძირზე იჭრება ხვრელი, რომელსაც ქვედა მხრიდან უკეთდება ყრუ სახურავი ანჯამებზე, რომელიც დამუშავების დროს ქვემოთ ჩამოიწევა და მის ნაცვლად სპეციალურად გაკეთებულ მავთულბადიან ჩარჩოს მოარგებენ ხვრელს.

იზოლაციის დამთავრების შემდეგ ამ ჩარჩოს ამოაცლიან და ისევ ხის სახურავს გამოიყენებენ. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, ფუტკრის იზოლირება უფრო ხანგრძლივი ვადით მოხდეს.

საქართველოში პესტიციდების დეტოქსიკაციის ვადები (დღეები) ვ.სტეფანიშვილის მიხედვით:

ინსექტიციდებისა და აკარიციდებისა: აქტელიკისა – 2; ანთიოსი – 5; დეცისის – 2; კარატესი – 2-3; კარბოფოსისა – 3; ლებაიციდის – 4; როვიკურტის – 3-4; სუმიალ ფასი- 6; სუმიციდინის – 2-3; ფოზალონის (ბენზოფოსფატი) – 2; ფოსფამიდის – (ბი-58) – 3-4; ციანოკსისა – 3-4 დღე;

სპეციფიკური აკარიციდების: მავრიკის, მიტაკისა და ნისორანის გამოყენებისას ფუტკრის იზოლირება საჭირო არ არის.

ფუნგიციდებისა: ბენომილის შემთხვევაში – 1 დღე, ბორდოს სითხისა – 4-5 საათი; ეუპარენისა და ტოფსინის გამოყენებისას ფუტკრის იზოლირება საჭირო არ არის.

ჰერბიციდებისა: ატრაზინის, ბეტანალის, ტრეფლანის გამოყენებისას – 2 დღე, რეგლონის, დიალენ – 2,4 D ამინის მარილისა და 2,4 – D-ბუთილის ეთერის შემთხვევაში – 4-5 საათი. ბაზაგრანი, ზენკორი, ნაბუ ფუტკრისათვის საშიში არ არის.

პესტიციდებით მოწამლული ყვავილის მტვერის მოტანის შეზღუდვა შეიძლება 5 მმ დიამეტრის მქონე ნახვრეტებიანი მტვერდამჭერის გამოყენებით. იგი თავიდან გვაცილებს ძიძა ფუტკრებისა და ბარტყის დაღუპვას. მტვერდამჭერს აყენებენ მისაფრენ ფიცარზე. თუ საფუტკრის სამოქმედო ზონაში მცენარეთა დამუშავება პესტიციდებით ხშირია, მტვერდამჭერი სკაზე შეიძლება მუდმივად იყოს.

წყარო: მეფუტკრეობა

თქვენი რეკლამა