ჯანმრთელი ხბოს გამოზრდა

ხბო, ძროხა, მეცხოველეობა

ჯანმრთელი ხბოს გამოზრდა რთული საქმეა. ის პირები რომლებიც ხბოსთან მუშაობენ, უნდა იცნობდნენ ახალშობილი ხბოს ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.

ხბო დაბადების პირველი საათიდანვე, შემდგომ კი ყველა ასაკობრივ პერიოდში მოითხოვს გარკვეული პირობების შექმნას. რათა მისი ორგანიზმი თანდათანობით, ყოველგვარი ფიზიოლოგიური დაძაბულობის გარეშე, შეეგუოს ახალ გარემოს.

აქედან გამომდინარე, ხბოს გამოზრდა-მოვლასა და შენახვასთან დაკავშირებული ყველა ტექნოლოგიური პროცესი ფერმაში უნდა შესრულდეს ზუსტად და დადგენილ ვადებში ისე, რომ ზუსტად დაკმაყოფილდეს მოზარდის ბიოლოგიური მოთხოვნები. ხბოს გამოზრდაში მთავარია საბოლოო შედეგი. მოზარდმა დაგეგმილ ასაკში ნორმალურ განვითარებას უნდა მიაღწიოს, რომ მასზე გაწეული დანახარჯები მინიმალური იყოს.

ამის საშუალებას კი გვაძლევს შენახვის მეთოდები, კვების მოვლისა და სხვა ტექნოლოგიური პროცესების კორექტირება ცხოველის ფიზიოლოგიურ განვითარებასთან ერთად.

მოზარდი ორგანიზმის თავისებურება, ერთი მხრივ ისაა, რომ მისი შეგუების მექანიზმი შეზღუდულია, რის გამოც საშვილოსნოს გარეთ, ახალ გარემოში მოხვედრისას განიცდის ძლიერ ზემოქმედებას. მეორე მხრივ, რეგულაციის სისტემებთან დაკავშირებული მთელი რიგი ორგანოები ფუნქციონალურად მოუწესრიგებელია და მათი შემდგომი ჩამოყალიბებისათვის გარკვეული დროა საჭირო. ამ დროს კი ცხოველი შესაბამის მზრუნველობას საჭიროებს.

ხბო დაბადებისთანავე ანატომიურად და მორფოლოგიურად ფორმირებული ინდივიდია; მას განვითარებული აქვს მხედველობისა და სმენის აპარატი, შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა, შეგრძნებით და ყნოსვით დედის მონახვა ნახირში, ძუძუს წოვა და სხვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ამ პერიოდში, სანამ ხსენს არ მიიღებს, ფიზიოლოგიურად ჩამოყალიბებულ ორგანიზმად არ შეიძლება რომ ჩაითვალოს, რადგან მოკლებულია ხსენში შემავალ იმ ნივთიერებებს, რომლებიც არსებობისათვის აუცილებელია.

აქედან გამომდინარე ხბოს განვითარებაში პირველ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს მისი ახალშობილობის ხანა – ხსენით კვების პერიოდი, – რომელიც გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში.

ცნობილია რომ ზოგიერთი სახეობის პირუტყვის (ძროხის. ღორის თხის, ცხვრისა და სხვა) ნაყოფი საშვილოსნოში ყოფნისას არ იღებს პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან დამცველ ცხიმებს – იმუნოგლობულინებს. მათ ისინი დაბადებისთანავე ხსენის სახით იღებენ. ხსენი რძისა და სისხლის პლაზმის სხვადასხვა ნივთიერებების ნარევია, რომელიც ხბოს მოგებამდე რამდენიმე ხნით ადრე გროვდება სარძევე ჯირკვლებში.

ხსენში იმუნოგლობულინების შემცველობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები – პირუტყვის ასაკი, შენახვისა და კვების პირობები, წელიწადის დრო და განსაკუთრებით წველის ხანგრძლივობა. იმ ფურებიდან მიღებული ხსენი, რომლებიც არ გააშრე დახბოიანებამდე, შეიცავს 0,16 გრ% იმუნოგლობულინებს, ნაცვლად 6,8 გრ%-ისა.

ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ხსენი მაშინ ასრულებს დიდ დროს, თუ ის ხბომ თავის დროზე და საკმაო რაოდენობით მიიღო. ორგანიზმის დაცვის უზრუნველსაყოფად ხბომ ყოველ 1 გ მასაზე უნდა მიიღოს 1,42 გ იმუნოგლობულინი.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ახალშობილი ხბოს სისხლი არ შეიცავს იმუნოგლობულინებს. ისინი მან უნდა მიიღოს, ხსენის სახით სიცოცხლის პირველ საათებში. ხსენი პრაქტიკულად უცვლელად გადადის ჯერ ლიმფაში, ხოლო შემდეგ სისხლში. ამ გზით ახალშობილი ხბოს ორგანიზმი, ვიდრე თვითონ დაიწყებდეს ანტისხეულების სინთეზს, დიდი რაოდენობით იღებს იმუნოგლობულინებს.

ამ პროცესზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები და ყოველთვის არ ხერხდება იმუნოგლობულინების საჭირო მარაგის დაგროვება. რის გამოც ორგანიზმი სრულიად ან ნაწილობრივ დაუცველი რჩება. საქმე ის არის რომ წვრილი ნაწლავის შეწოვადობის მაღალი აქტივობის პერიოდი ხანმოკლეა. უფრო ხშირად იგი არ აღემატება 4-12 საათს და დაბადებიდან 24-36 საათის შემდეგ ნულამდე დადის. ამდენად ხბომ დედის პირველი ხსენი უნდა მიიღოს დაბადებიდან არაუგვიანეს სამი საათისა.

ვეტერინარი ექიმების კვლევის შედეგები გვიჩვენებენ, რომ მკვდარი ხბოს გაკვეთისას ისინი კუჭში ხშირად პოულობენ მოუნელებელი ხსენის კოლტებს. მათი განმარტებით ამის მიზეზი ახალშობილი ხბოს განუვითარებლობა და ამის ნიადაგზე ხსენის მოუნელებლობა კი არაა, არამედ ის, რომ ხბოსთვის ხსენი დაგვიანებით და არასწორად მიუციათ. ე.ი. არა იმ პერიოდში როდესაც მას შეეძლო წვრილი ნაწლავის მაღალი შეწოვადობის წყალობით სწრაფად შეწოვა.

ხბოს წვრილ ნაწლავში ხსენის შეწოვადობაზე გავლენას ახდენს, აგრეთვე, ხსენის მიცემის ფორმაც, ანუ – როგორი წესით ეძლევა მას ხსენი, საწოვრით თუ უშუალოდ დედასთან მიშვებით. საწოვრის ნასვრეტის დიამეტრსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ ჯანმრთელი ხბოს გამოზრდაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხბოსთვის ხსენის დროულად და სწრაფად მიწოდებას.

სრულიად გაუმართლებელია ის, რომ ჩვენთან შემოღებულია ხბოების, მათ შორის ახალშობილებისაც, ორჯერადად კვება. ამის გამო ხბოები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ღამე იბადებიან, თავის დროზე ვერ იღებენ ხსენს. შედეგად ორგანიზმი ვერ იღებს ინფექციური დაავადებებისგან დამცველ ნივთიერებებს, სწრაფი ტემპით იწყება დაავადების აღმძვრელი მიკროორგანიზმების გამრავლება და პირუტყვი დაბადებიდან რამდენიმე საათში მძიმედ ავადდება, რისი ერთ-ერთი ძირითადი კლინიკური ნიშანია ძლიერი ფაღარათი.

ზემოთ აღნიშნულიდან შეიძლება პრაქტიკული დასკვნის გამოტანა: ახალშობილი ხბოების დაავადებებისაგან დასაცავად და პროფილაქტიკური, სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობის ასამაღლებლად აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ხსენით კვებას.

ფური ყოველთვის იმაზე მეტ ხსენს იწველის, ვიდრე ახალშობილი ხბოს საკვებადაა საჭირო. ამიტომ ხშირად პირველი დღეების მონაწველ ზედმეტ ხსენს ან ღვრიან ან იყენებენ ძაღლების, კატების და სხვა ცხოველების საკვებად. ამგვარად კარგავენ ძვირფას, სამკურნალო-პროფილაქტიკურ პროდუქტს. ეს დაუშვებელია.

ხშირად საჭირო ხდება მეცნიერული დასაბუთება იმისა თუ როგორ გამოვიყენოთ მონარჩენი ხსენი.

18-20 გრადუსამდე გაყინული ხსენი წლობით შეიძლება შევინახოთ, ასეთ პირობებში შენახვისას ხსენის ქიმიური შედგენილობა ფაქტობრივად არ იცვლება.

გასაყინად უნდა გამოვიყენოთ პირველი მონაწველი ხსენი ან პირველი სამი მონაწველი ხსენის ნარევი. ზაფხულში მიღებული ხსენი მდიდარია ვიტამინებით და შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ ზამთრის პერიოდში, ანუ მაშინ როდესაც ამ ნივთიერებებზე დიდი დეფიციტია.

ხსენიდან შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა პრეპარატები – სპეციფიკური და არასპეციფიკური იმუნოგლობულინები, ლაქტოგლობულინები და ხსენის შრატი.

ხსენის შრატი ახალშობილი ხბოებისათვის ძვირფასი საკვები პროდუქტია. იგი მდიდარია ანტისხეულებით. ამასთან ხსენის შრატს ახალშობილი ორგანიზმი უფრო სწრაფად შეითვისებს, ვიდრე ნატურალურ ხსენს.

შრატის მისაღებად ხსენს ისევე კვეთავენ, როგორც რძეს ყველის ამოყვანისას. ჩაკვეთის შემდეგ აცილებენ კაზეინს, ჩვეულებრივად, ამოჰყავთ ყველი, მასას წურავენ და აკონსერვებენ – ყოველ ერთ ლიტრ შრატზე უმატებენ 50 მლ 0,5 პროცენტიანი კარბოლის მჟავას.

ხსენის ხაჭო – შეიძლება დავამზადოთ შემოდგომით და გამოვიყენოთ თებერვლიდან გვიან გაზაფხულამდე. მის მისაღებად ხსენს ასხამენ ემალირებულ ვედროში, აფარებენ სუფთა მარლას ან ნაჭერს და დგამენ სითბოში 5-6 საათის განმავლობაში, ვიდრე თვითონ არ შედედდება. შემდეგ შრატის გამოსაყოფად ვედროს დებენ 80-90 გრადუსი ტემპერატურის წყლის აბაზანაში. მიღებულ ხაჭოს წურავენ სუფთა მარლაში და თხელ ფენად შლიან ლარნაკზე. ამ ხაჭოს რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიური მორევით აშრობენ საშრობ კარადაში 70-80 გრადუს ტემპერატურაზე.

1 ლიტრი ხსენიდან მიიღება 200-300 გრ მშრალი ხაჭო. შესანახად მას აქუცმაცებენ ფხვნილისნაირი მასის მიღებამდე და ინახავენ მუქი ფერის მინის ქილებში.

ხსენის ხაჭო პროფილაქტიკის მიზნით პირუტყვს ეძლევა დღეში ერთხელ: ხბოებს, 3-10 დღის ასაკში, 25-30 გრ; 10-20 დღის ასაკში – 50-70 გრ; გოჭებს – 2-3 გრ. ბატკნებს – 10-15 გრ, ავადმყოფ და სუსტ ცხოველებს დოზას უზრდიან 1,5-2 ჯერ. ხსენის ხაჭოს ხბოებს ხსენში ან რძეში გაუხსნიან, გოჭებს და ბატკნებს კი ძროხის რძეში.

ხელოვნური ხსენი – იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქსვ არც ნატურალური ხსენი და არც მისგან დამზადებული პრეპარატები, წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ხსენი.

ძროხის ახალმონაწველ ერთ ლიტრ რძეს დავუმატებთ 15 მლ ახალ ვიტამინიზებულ თევზის ქონს, 10 გრ სუფრის მარილს და ქათმის სამ დიეტურ კვერცხს. მიღებულ ნარევს კარგად ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ხელოვნური ხსენი ცხოველებს პირველ კვებაზე ეძლევათ შემდეგი რაოდენობით: ხბოებს (საწოვრის საშუალებით) მიღებული მასა მთლიანად. გოჭებს – 20-25 მლ. ბატკნებს – 50 მლ (საწოვრით ან ჟანეს შპრიცით). შემდგომ კვებაზე ხელოვნური ხსენი შეიძლება განვაზავოთ 1/3-1/4 თბილ ანადუღარ წყალში.

ხბოს განვითარების მეორე პერიოდი რძით კვების პერიოდი, რომელიც იწყება ხსენის რძეში გადასვლასთან ერთდ და გრძელდება 3-4 თვის ასაკის მიღწევამდე.

ამ პერიოდში პირუტყვის ძირითადი საკვები, განსაკუთრებით 10-15 დღემდე, დედის რძეა, შემდგომ კი შეიძლება გამოვიყენოთ ნაკრები რძე და რძის შემცვლელები. რძით კვების პერიოდში ხბოს საჭმლის მომნელებელი სისტემა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ამთავრებენ ჩამოყალიბებას და ძლიერდება ბიოსინთეზური პროცესები.

პირველ და მეორე პერიოდში (სანამ პირუტყვი დაიწყებდეს უხეში საკვების მიღებას, ძირითადად ფუნქციონირებს მაჭიკი და მისი მოცულობა ამ დროს ბევრად აღემატება კუჭის სხვა კამერების მოუცლობას. როგორც პირველ, ასევე მეორე პერიოდზე ბევრადაა დამოკიდებული მოზარდის საჭმლის მომნელებელი სისტემის განვითარების ინტენსივობა და ჩვევები. ამასთან ყველა ხბო საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველთა სადგომებისა და საკვებად გამოყენებული რძის სანიტარულ მდგომარეობას. ხშირ შემთხვევაში მასტიტიანი ფურის რძე დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილოკოკებს, სტრეფტოკოკებს, ეშერიხიების ჯგუფის ბაქტერიებს და სხვა მიკროორგანიზმების უამრავ სეროლოგიურ ტიპს.

ამას ემატება ისიც, რომ ხშირად რძეს ასმევენ უსუფთაო ჭურჭლით და არ იცავენ მისი შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებს. ამის გამო გარემოდან რძეში ხვდებიან პათოლოგიური მიკრობები და ვირუსები. ასეთი რძის მიღებისას აღინიშნება ხბოს დასნებოვნება, რაც ხშირად ხელს უწყობს დაავადების სწრაფ გავრცელებას.

ავტორი: რუსუდან ბარკალაია
სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი

თქვენი რეკლამა