საკვები ელემენტების სიმცირისა და სიჭარბის ნიშნები კიტრისათვის

977 Views

კიტრის მოთხოვნილება გარემოსა და კვების პირობების მიმართ

კიტრი ვერ იტანს მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას, ამიტომ მის თესვას ხშირად სიმინდის კულისებში, ვენახის ან ხეხილის ბაღის მწკრივში აწარმოებენ.

კიტრის ფესვთა სისტემა ძლიერ დატოტვილია და ვითარდება ნიადაგის სახნავ ფენაში. მათ საკვები ელემენტების ბევრად უფრო ნაკლები შეთვისების უნარი გააჩნიათ ვიდრე პომიდვრის ფესვებს. ამიტომ კიტრი ყველაზე უფრო ნაყოფიერ და კარგი ფიზიკური თვისებების მქონე მსუბუქ თიხნარ ნიადაგზე მოჰყავთ.

მისთვის ოპტიმალური არეს რეაქცია PH 6,4-7,5 შეადგენს. კარგად რეაგირებს კირის შეტანაზე როგორც ძლიერ მჟავე, ისე მჟავე ნიადაგებზე.

კიტრისათვის ოპტიმალური ნიადაგის ხსნარის კონცენტრაცია 0,01-0,05% შეადგენს. ბუნებრივ პირობებში 0,02-0,2% ფარგლებში მერყეობს. ამიტომ მის ქვეშ სასუქების მაღალი ნორმების ერთჯერადი შეტანა არარეკომენდირებულია.

საკვები ელემენტების სიმცირისა და სიჭარბის ნიშნები კიტრისათვის

• აზოტი

აზოტით ხანგრძლივი შიმშილის დროს ქვედა ფოთლებში იშლება ქლოროფილი, ვითარდება ქლოროზი და დავადებული ქსოვილები იწყებს ხმობას. იღუპება ყვავილების და ნასკვების დიდი რაოდენობა. რჩება მხოლოდ მცირე რაოდენობით პატარა ზომის ღია მწვანე შეფერილი ნაყოფები.

აზოტით ჭარბი კვება აპირობებს ვეგეტატიური ორგანოების გაძლიერებულ ზრდას და ნაყოფმსხმოიარობის შემცირებას. ფოთლის კიდეების მთელ გარშემოწერილობაზე თავდაპირველად ჩნდება ყვითელი ვიწრო 3-4მმ სიგანის ზოლი, რომელიც შემდგომში ხმება და თანდათან ვრცელდება ფოთლის ფირფიტის შუაგულისკენ.

ფოთლის წვერი და კიდეები ეხვევა ქვემოთ. ამ შემთხვევაში კიტრი ივითარებს მცირე რაოდენობით დეფორმირებულ, ნიტრატებით დაბინძურებულ ნაყოფებს, რომელთაც არავითარი სასაქონლო ღირებულება არ გააჩნიათ.

• ფოსფორი

ფოსფორით შიმშილის დროს ადგილი აქვს გვერდითი განტოტვის წარმოქმნის შემცირებას, რომლებზედაც ძირითადად მსხმოიარობს კიტრი. გვიანდება ყვავილობა და ნაყოფის შემოსვლა.

განვითარებული ნაყოფები მცირე ზომისა და მუქი მწვანე შეფერილობისაა, მასში გაზრდილია ნიტრატული აზოტის შემცველობა. ფოსფორით ჭარბი კვება აჩქარებს განვითარების ფაზების გავლას და ნაყოფის შემოსვლას.

• კალიუმი

კალიუმის ძლიერი სიმცირის დროს მცენარე დაკნინებულია, და ავადდება ფოთლის ,,კიდეების სიდამწვრით“. წარმოქმნილი ნაყოფები წვრილია. ამ ელემენტის სიჭარბის ნიშნების გარეგნული სიმპტომები ხშირ შემთხვევაში მისი სიმცირის ანალოგიურია.

• კალციუმი

ამ ელემენტის დეფიციტის შემთხვევაში ზედა ფოთლების ფირფიტის ძარღვებშორისებში წარმოიქმნება მოთეთრო შეფერილობის ლაქები, რომლებიც თანდათან ფართოვდებიან და მთელ ფირფიტას იკავებენ.

ამასთან ერთად ადგილი აქვს ფოთლების უჯრედის კედლების გათხელებას, დაავადებული ქსოვილების გალორწოვნებას და ფოთლების ერთმანეთთან შეწებებას. ნიადაგში კალციუმის სიჭარბე აპირობებს მთელი მცენარის და ნაყოფის სწრაფ დაბერებას.

• მაგნიუმი

მაგნიუმით  შიმშილის დროს კიტრის ქვედა ფოთლები ავადდება ქლოროზით. დავადებული ფოთლების ქსოვილები მყიფეა, მალე ხმება და ცვივა. განვითარებული ნაყოფი მცირე ზომისაა.

• ბორი

ბორის ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში ძლიერდება ყვავილცვენა, განვითარებულ ნაყოფებს გააჩნია მახინჯი, დეფორმირებული ფორმა.

ბორის სიჭარბის სიმპტონები კიტრის ფოთლებზე აზოტის სიჭარბის ანალოგიურია.

• მანგანუმი

მანგანუმით შიმშილის კიტრი ავადდება ქლოროზით და ხმება. ჭარბი კვებისას შეიმჩნევა ახალგაზრდა ფოთლების ძარღვთაშორისი ქლოროზი და ხმობა. ფოთლები დაბრეცილია, ზედაპირი დანაოჭებული.

• თუთია

თუთიის სიმცირის დროს ვითარდება ძარღვებშორისი ქლოროზი, მოწითალო ბრინჯაოსფერი შეფერილობით. შეიმჩნევა ქლოროზით დაავადებული ქსოვილები ხმობა.

თუთიით ჭარბი კვების დროსაც ვითარდება ახალგაზრდა ფოთლების ქლოროზი, დაძარღვა იღებს იისფერ შეფერვას, ღეროზე ზედა კვირტები ხმება, უფრო ძველი ფოთლები ჭკნება და ცვივა.

• მოლიბდენი

ხანგრძლივი შიმშილის შემთხვევაში მთელი ფოთოლი ავადდება ქლოროზით და სხვადასხვა შეფერილობის ლაქებით იწინწკლება. დაძარღვა რჩება ღია მწვანე შეფერილობის. ქლოროზირებული ფოთლის ქსოვილები ამობურცულია, კიდეები ზემოთ ეხვევა და ხმება.

კიტრის მოთხოვნილება საკვები ელემენტების მიმართ და მათი გამოტანა მოსავლით

კიტრი ნიადაგის ნაყოფიერებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მომთხოვნი კულტურაა.

საკვებ ელემენტებზე მაქსიმალურ მოთხოვნილებას აყენებს – ყვავილობის, ნაყოფის ფორმირებისა და დამსხვილების ფაზაში, მათი სიმცირის დროს იწყება ნასკვების ცვენა და ისინი იღებენ მახინჯ ფორმას. აზოტსა და ფოსფორს ეს კულტურა ზრდა-განვითარების პირველ პერიოდში უფრო მეტი რაოდენობით იყენებს, ვიდრე კალიუმს.

კიტრის მოსავლით საკვები ელემენტების გამოტანა, მარცვლეულ კულტურებთან შედარებით ბევრად მცირეა. ამ კულტურის ერთ ცენტნერს კორდიან ეწერ ნიადაგზე გამოაქვს 0,28კგ N, 0,15კგ P2O5 და 0,44კგ K2O, შავმიწებზე – 0,29კგ N, 0,12კგ P2O5 და 0,32კგ K2O, ყავისფერ  ნიადაგებზე – 0,32კგ N, 0,10კგ P2O5 და 0,54კგ K2O.

ავტორი: ა. თხელიძე /აგროქიმია/

იხილეთ აგრეთვე: მცენარეთა მინერალური კვების ელემენტები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB