კივის მცენარის ვარჯის მოვლა ერთ-ერთი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებაა, რის შედეგადაც ძლიერდება ყლორტწარმოქმნა, რომელზედაც ისახება მომავალი წლის მოსავლისათვის საყვავილე კვირტები, უმჯობესდება აერაცია ვარჯის შიგნით, ძლიერდება მზის ინსოლაცია, რაც მაღალხარისხოვანი ნაყოფების განვითარებას უწყობს ხელს და ზრდის შრომის ნაყოფიერებას კრეფისას.
კივის მცენარის გასხვლის თავისებურებანი შეიძლება ორ პერიოდად დაიყოს:
- გასხვლა მსხმოიარობაში შესვლამდე, ანუ მაფორმირებელი გასხვლა;
- გასხვლა მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ.
მაფორმირებელი გასხვლა
გასხვლის პირველი პერიოდი იწყება დარგვის პირველი წლიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში გასხვლის ამოცანაა საშუალება მიეცეს მცენარეს განივითაროს ძლიერი შტამბი და გვერდითი ღერო-ტოტები.
ჰორიზონტალური შპალერის წესით ახლად დარგული აქტინიდიის მცენარეების პირველი გასხვლა ტარდება ერთწლიანი ნაზარდის გადაჭრით ფესვის ყელიდან 2 კვირტზე პირველი მაფორმირებელი გასხვლის ფონზე მცენარეები ივითარებენ საკმაო მოცულობის ვეგეტატიურ ნაწილებს. რაც შეეხება ჯიშებს შორის განსხვავებას, ბიომასის წარმოქმნაში, შეინიშნება მისი უმნიშვნელო მატება ჰაივარდის სასარგებლოდ.
T-ს მაგვარი კონსტრუქციის საყრდენების პირობებში გასხვლის მეორე-მესამე წელს სასურველია შტამბმა 1,8მ-2,0მ-ს მიაღწიოს, რადგან ვარჯის ჰორიზონტალური განლაგების და ფორმირების მიზნით გვერდითი ნაზრდების ძირითადი მასა 1,8მ სიმაღლის შტამბის ზემოთ უნდა იწყებოდეს გასხვლის შედეგად მცენარეზე ვითარდება ორი ან მეტი ნაზარდი, საიდანაც ვტოვებთ ერთ ძლიერ ყლორტს და ვაცლით დანარჩენს.
გამოცდილი მებაღეები პლანტაციას სანერგეში ფორმირებული ნერგებით აშენებენ ამ პერიოდში მცენარე უკვე დარგვის პირველსავე წელს ახერხებს ძირითადი შტამბის ფორმირებას, რითაც 1-2 წლით ჩქარდება ბაღის ექსპლოატაციაში შესვლა.
სამრეწველო ნარგაობაში ერთშტამბიანი აქტინიდიის ფორმირების ძირითად უპირატესობად მაინც ზედა ჰორიზონტზე ვარჯის შემმოსავი ტოტების რაციონალური და თანაბარზომიერი განლაგება უნდა ჩაითვალოს, რითაც იოლდება ვარჯის ფორმირებისა და შემდგომი მოვლის ღონისძიებათა ჩატარება, უმჯობესდება აერაცია, განათება და იზრდება მცენარის პროდუქტიულობა.
გასხვლა მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ
ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ მებაღეები მსხმოიარე ტოტების მონაცვლეობაზე, შემდეგია:
- ნაყოფმსხმოიარე ტოტების ყოველწლიური განახლება ე.ი. ყველა ტოტის მოცილება;
- ყოველ 2-3 წლის შემდეგ ნაყოფმსხმოიარე ტოტების განახლება;
- ნაყოფმსხმოიარე ტოტების (25-30%) ყოველწლიური განახლება, ნაწილისა კი შემდგომ წლებში.
ამდენად, აქტინიდიის საზამთრო-მაფორმირებელი გასხვლების ჩატარება სხვა ხეხილოვანი კულტურებისაგან განსხვავებით არსებითი მნიშვნელობა აქვს
მწვანე გასხვლები
მწვანე გასხვლების ძირითადი დანიშნულებაა სავეგეტაციო პერიოდში მეორადი ნაზარდების (ნამხრევები) მოცილება და ხვიარა წვეროების წაჩქმეტა, რათა თავიდან ავიცილოთ მათი ინტენსიური ზრდა.
მწვანე გასხვლები ხელს უწყობს სანაყოფე ტოტებისა და კვირტების ადრე ფორმირებას. ადრეული ტოტები, რომლებიც წარმოიქმნება ბოლო კვირტებიდან, იჭრება მწვანე ოპერაციის დროს. პრაქტიკულად ნაზარდზე ბოლო ნაყოფის შემდეგ უნდა დარჩეს მხოლოდ 5-10 ფოთოლი მეორადი ნაზარდებიდან ყლორტის გამორჩევა უნდა ჩატარდეს ფრთხილად, ისე რომ არ დაირღვეს მცენარის ფიზიოლოგიური წონასწორობა.
აქვე გასათვალისწინებელია ის მომენტიც, თუ საყრდენების როგორი ფორმაა აქტინიდიისათვის გამოყენებული (ჰორიზონტალურშპალერული, T-ს მსგავსი, ბრტყელი, თუ გვირაბისებური), იცვლება ვარჯის ფორმირების წესები, რაც უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობს მცენარის დატვირთვის ხასიათიდან.
გასხვლის ვადები
იმის გამო, რომ აქტინიდიას ადრე გაზაფხულზე ახასიათებს წვენის ინტენსიური მოძრაობა, მძიმე მაფორმირებელი გასხვლები უჯობესია ჩატარდეს მცენარის მოსვენების პერიოდში. თბილ რეგიონებში (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი) შესაძლებელია გასხვლები ჩატარდეს ნაყოფის აღების შემდეგ ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევარში, ცივ ზონებში კი ადრე გაზაფხულზე თებერვალ – მარტში.
რეკომენდებულია აქტინიდიის მწვანე გასხვლების ჩატარება სავეგეტაციო პერიოდში 2-3-ჯერ, მცენარის ზრდა-განვითარების თავისებურებებიდან და მიკროეკოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე.
შემდგენლები: ვახტანგ გოლიაძე; ცისანა ცეცხლაძე; მარიეტა თაბაგარი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები.
წყარო: კივის (აქტინიდია) მოვლა-მოყვანა, სხვლა-ფორმირება, ბაღის გაშენება