ლიმონი – ნიადაგის შერჩევა, ნაკვეთის დაგეგმვა და ნერგების დარგვა

ლიმონი, დარგვა, ნიადაგი, მოვლა, ციტრუსი

ლიმონი მარადმწვანე საშუალო ზომის მცენარეა, ტროპიკული ჰავის პირობებში წარმოშობის გამო მას საზამთრო შესვენების პერიოდი არ აქვს. ხელსაყრელ გარემო პირობებში მთელი წლის მანძილზე შეუძლია აქტიური ვეგეტაცია, ყვავილობა, ნაყოფის მომწიფება.

საქართველოში მეციტრუსეობის აღმავლობის პერიოდად გასული საუკუნის 30-90-იანი წლები ითვლება, საშუალოდ ყოველწლიურად 200-300 ათასი ტონა ციტრუსი მზადდებოდა, აქედან 4-5 ათასი ტონა ლიმონის ნაყოფი იყო.

ციტრუსოვანთა ნაყოფებს შორის ლიმონი ითვლება ძვირფასი სამკურნალო თვისებების მქონე ნაყოფად, რადგან იგი მდიდარია C ვიტამინითა და ორგანული მჟავეებით.

საქართველოში გავრცელებული ლიმონის ჯიშების უმეტესობა უცხოური წარმოშობისაა, თუმცა ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი და შერჩეული იქნა ლიმონის ადგილობრივი ფორმები, როგორიცაა: ქართული ლიმონი, დიოსკურია, უპენეკის ლიმონი, კუზნერის ლიმონი, ლიმონის ინტროდუცირებული ჯიშებია: ვილლაფრანკა, კომუნე, ჯენუა, მეიერი და სხვა.

დღეისათვის საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში ძირითადად ლიმონ მეიერის სამრეწველო ნარგაობაა წარმოდგენილი.

ნიადაგის შერჩევა

ლიმონის გასაშენებლად ადგილის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მიკროკლიმატური პირობები. რელიეფი, ზღვის დონიდან ადგილმდებარეობის სიმაღლე, ზღვიდან დაშორება. ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ გადაზამთრების პირობებისადმი ლიმონის ბიოეკოლოგიური მოთხოვნილებაც.

უპირველეს ყოვლისა ლიმონისათვის საუკეთესოა შავი ზღვის სანაპირო ზოლის აჭარის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონები სადაც აბსოლიტური მინიმუმების საშუალო -60-70 C არ აღემატება.

ლიმონის კულტურისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი ყვითელმიწა, სუსტი გაეწერებული და ალუვიალური ნიადაგები. ლიმონის გასაშენებლად ნიადაგი მზადდება დარგვამდე ერთი-ორი წლით ადრე.

შერჩეული ნაკვეთები უნდა განთავისუფლდეს ტყის და ბუჩქნარისაგან, მათი ფესვები ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს. შემდეგ მოხდეს ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა და სასუქების შეტანა.

ჰუმუსის ნაკლებობის შემთხვევაში შეიტანება ორგანული სასუქი 30-35 ტონა ჰა-ზე მთელ სიღრმეზე და ხდება ნიადაგთან კარგად შერევა.

ამის შემდეგ ითესება წინამორბედი კულტურები (სიდერატები, მარცლოვნები) მეორე წელს დარგვის წინ ვაკე და ფერდობ (150-მდე) ადგილებზე ეწყობა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45-სმ სიღრმეზე, ხოლო 15-30 გრადუსამდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები.

თუ გასაშენებელი ნიადაგი ჩაის კულტურის ქვეშ იყო დაკავებული, აუცილებელია ჩატარდეს ნიადაგის გამოკვლევა მასში მჟავიანობის მაჩვენებლის და სხვა საკვები ელემენტების შემცველობის მიზნით.

თუ ნიადაგის მჟავიანობა გაზრდილია, აუცილებელია კირის, ან კირის შემცველი სასუქების შეტანა გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით.

ნაკვეთის დაგეგმვა და ნერგების დარგვა

ვაკე და 15 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე ლიმონის მცენარეები ირგვება სწორ კუთხოვნად: მცენარეთა შორის 2-2,5 მეტრი, მწკრივთაშორის მანძილი 4-5 მეტრი. ასეთი განლაგებისას ერთ ჰექტარზე თავსდება 1000-1200 მცენარე.

ლიმონის ნერგების გამოყვანა უნდა წარმოებდეს სპეციალურად მოწყობილ სანერგე მეურნეობაში, რომლებიც აღჭურვილი არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ნერგი უნდა იყოს იმუნური და ახასიათებდეს ჯიშის მემკვიდრული ნიშან-თვისებები.

თანამედროვე პრაქტიკაში ლიმონის ნერგის გამოყვანა ხდება როგორც ღია გრუნტში, ასევე პოლიეთილენის პარკებში მიწის კომთან ერთად. პოლიეთილენის პარკებში გამოყვანილი ნერგები ხასიათდებიან შემდეგი უპირატესობით: ნერგების რეალიზაცია- დარგვა მუდმივ ადგილზე, შეიძლება ჩატარდეს წლის ყველა პერიოდში, დარგვის დროს ფესვთა სისტემის მთლიანი მასა შენარჩუნებულია და ნერგის გახარების უნარი იზრდება 100%-მდე.

ლიმონის სტანდარტულ ნერგს უნდა ჰქონდეს 15-20-სმ სიმაღლის შტამბი 2-3 გვერდითი ტოტით.

ლიმონის სამრეწველო ბაღების გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე, შედარებით ყინვასაშიშ ადგილებში ლიმონის გაშენება უმჯობესია გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე.

დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ ორმოს (30-35-სმ) მასში შეაქვთ 10- 12კგ ორგანული სასუქი, (გადამწვარი ნაკელი, ტორფ-კომპოსტი) და სხვა. მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შეტანილი იქნას 1-კგ დეფეკაციური ტალახი, ან კირის შემცველი სხვა კომპონენტი.

დარგვის წინ თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში ან ჰუმინო მჟავების სპეციალურ ხსნარში, ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მიაყრიან.

თუ ნერგი პოლიეთინელის პარკებშია გამოყვანილი, დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში, შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან, მორწყავენ, სასურველია მულჩირება. თითოეული ნერგი აიკვრება ჭიგოზე.

ავტორები: ზაური გაბრიჩიძე სმმ დოქტორი, პროფესორი რუსუდან ტაკიძე სმმ აკადემიური დოქტორი. /ლიმონის კულტურის აგროტექნოლოგია ღია გრუნტსა და ოთახის პირობებში/ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

იხილეთ: ლიმონის კულტურის განოყიერება, სიდერაცია, დამულჩვა

თქვენი რეკლამა