ხილის და ბოსტნეულის გამსაღებელი საზოგადოება – ილია ჭავჭავაძე

ილია, ჭავჭავაძე, მეურნეობა

დიდი ხანია სჩივიან ჩვენში მემამულენი და მიწათმომქმედნი, რომ მოგივა მოსავალი ვაია, და არ მოგივა ვაგლახიო. არმოსულის ვაგლახობა ადვილად გასაგებია: არ მოგივა და თითქმის ცარიელზედ უნდა იჯდე მთელი წელიწადი და მეორე წლისათვისაც იმოდენად ვეღარ გაშალო ხელი, რამოდენადაც გული გერჯით, რადგანაც უმოსავლობა ამისათვის უღონოდა გხდით, ხოლო მოსულის ვაება კი, სწორედ მოგახსენოთ, რაღაც უცნაური რამ არის, პირველ შეხედვით მაინცა. მართლადა, მოსავლის მოსვლა რად უნდა იყოს სავაებო მემამულესათვის?

ყოველნი, და ყოველთა შორის ჩვენც, ამაზედ დასაბუთებულს პასუხს წარმოგიდგენენ. კაი მოსავალი კარგია, როცა მისი გასყიდვა შესაძლებელია თავის დროზედ და უზარალოდ. თუ ეს არ არის, მოსავალი თუნდა გქონიათ, თუნდა არა. რომ არა გქონდეთ, კიდევ ესა სჯობია, ვიდრე გქონდეთ და თქვენის თვალითვე ჰხედავდეთ, რომ თქვენი ნაშრომ-ნაჯაფევი, თქვენი ამაგი, ან თქვენს თვალთა წინაშევე ჰფუჭდება, ან ჩალის ფასად უნდა გადაჰყაროთ, რადგანაც ყოველი სხვა გზა დახშულია. ამ უკანასკნელს შემთხვევაში სიმწარე თქვენის ყოფაცხოვრებისა გაორკეცებულია ჯერ იმითი, რომ ამისთანა ქონება არ-ქონებაზედ უფრო მეტად საგრძნობელია, რადგანაც ზარალი გაფუჭებულისა ან ჩალის ფასად გადაყრილისა უნდა შეავსოთ სხვა გზით რითიმე, და მერე მით, რომ გული გიკვდებათ, ზნეობრივად იჩაგრებით და მხნეობა გარჯისა გელახებათ, რაკი ჰხედავთ, რომ მხნედ გარჯას ზარალის მეტი არა მოაქვს-რა.

ამ სახით სულითა და ხორცით მოუძლურებულს გული გიტყდებათ გარჯისა და შრომისათვის და ეს გულის გატეხა იქამდე მიდის, რომ ზოგჯერ კაცს ხელსაც აღებინებს მამულის კეთებაზედ, რადგანაც ზარალის მეტი არა მოაქვს-რა. ამაში, რასაკვირველია, ბრალი არც მამულს ედება, არც გამრჯელობას კაცისას, არამედ იმ გარემოებას, რომ განაღდება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ფულად ქცევა მოსავლისა ბევრნაირი მიზეზით დაბრკოლებულია და ხშირად შეუძლებელიც. ყოველის ეკონომიურს მოქმედებას კერძო კაცისას-კი მარტო საგნად ეგ განაღდება აქვს ნაჭირნახულევისა და ნაშრომისა. შეუკარით კაცს გზა მის ნაშრომ-ნაღვაწევის განაღდებისა, და იგი თუ ხელს გასძრავს, მარტო მისთვის, რომ თავისი საკმარისი მოიყვანოს, თავისი შინ სამყოფი. ამაზედ მოჭარბებულისათვის-კი იგი ყოვლად უქმი იქმნება, იმიტომ რომ ანგარიში არ არის მოიყვანოს ის, რასაც ვერას გამორჩება, რასაც ვერ გაანაღდებს, რომ განაღდებულით სხვა საჭიროებას რასმე გაუძღვეს. საცა ამისთანა ყოფაა, იქ ეკონომიური წარმატება, ქვეყნის გამდიდრება, ყინულზედ დაწერილი თამასუქია და ცალკე კაცსაც სიღარიბისაგან თავი ვერ დაუღწევია.

სწორედ ამისთანა მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ. თუ რასმე მოვიყვანთ, ვეღარ გავყიდით; თუ გავყიდით, ჩალის ფასად უნდა გადავყაროთ, ან თუ არა, ტყუილუბრალოდ შინ წაგვიხდეს, გაგვიფუჭდეს. ამ მხრით ჩვენის ქვეყნის უკან ჩამორჩენა, ჩვენთა მკვიდრთა სიღარიბე ტყუილად ბრალად ედება იმას, ვითომც ჩვენებური ხალხი არ იყოს მხნე, გამრჯელი, შრომა და ჯაფა ეზარებოდეს. ეს ტყუილია. ყოველ ეკონომიურ მოქმედების თავი და ბოლო გამორჩენაა. თუ ეს გამორჩენა ან არ არის, ან გაძნელებულია, იქ თუნდა მხნეობაში სახელგანთქმული ინგლისელი მოიყვანეთ, ისიც გულზედ ხელებს დაიკრებს და ხელს არ გაანძრევს, — რისთვის? რაო ჩემოო?.

გამნაღდებელი ნაშრომისა ბაზარია და იგი ეკონომიური მოქმედება აღებ-მიცემობისა, რომელსაც ვაჭრობა ჰქვიან. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენში ბაზარი და ვაჭრობა არ იყოს, მაგრამ ერთიცა და მეორეც ისე მოწყობილია, რომ უფრო გლეჯა-მტაცებლობასა ჰგავს, ვიდრე აღებმიცემობას, ნამეტნავად სოფლის ნაშრომის საქონლისათვის. ამ ბაზარში ძალიან გაძნელებულია, რომ საქონლის მომქმედმა პირდაპირ ინახულოს იგი მუშტარი, რომელიც ჰყიდულობს არა იმისთვის, რომ ხელახლად გაჰყიდოს, არამედ იმისთვის, რომ თითონ პირდაპირ მოიხმაროს. ამათ შუა ჩასდგებიან ხოლმე მრავალგვარნი ჩარჩები და სულ იმის ცდაში არიან, რომ საქონლის პატრონი მუშტარს არ შეახვედრონ. რადგანაც ამ ჩარჩებმა პირობის შეკვრა იციან და პირობაზედ მტკიცედ დგომა, ამიტომაც ადვილად აისრულებენ ხოლმე ამ წადილსა. უმუშტარო პატრონი საქონლისა რჩება ჩარჩების ანაბარად და რა თქმა უნდა, ესენი ისე გაუხდიან საქმეს, რომ აბაზიანს გროშობით გაუნაღდებენ და მერე მუშტარზედ გროშობით ნასყიდს აბაზიანობაზედ გაასაღებენ. ამ გზით რასაც ჰკარგავს საქონლის პატრონი და რასაც მეტს აძლევს მუშტარი, სულ ჩარჩების ჯიბეში ჩადის და საქონლის პატრონიც ჰზარალობს და მუშტარიცა ერთსა და იმავე დროს. ამ სახით ორნივ ერთს ტაფაში იწვიან.

სოფლის საქონლის მომტანი აუცილებლად ამ ყოფაში ჩავარდება ხოლმე, და ან ისე უნდა გაჰყიდოს მოტანილი, როგორს ფასსაც ჩარჩები დასდებენ, ან უკანვე უნდა წაიღოს მოტანილი. წაიღოს და როდემდის უნდა ინახოს? წასვლა-მოსვლის და მოცდენის ხარჯი ვიღას მოსთხოვოს? დიდი ხანია ეს უნუგეშო მდგომარეობა მიწათმომქმედისა ცნობილია ყველასაგან, დიდი ხანია ამისთანა ყოფას უჩივიან ჩვენი მემამულენი, და დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებაში ჰტრიალებს აზრი იმაზედ მიმართული, რომ ამ სატკივარს წამალი რამ დაედოს. დიდი ხანია ისიც გამორკვეულია, რომ აქ ცალკე კაცის ძალ-ღონით შეუძლებელია ეშველოს რამ საქმეს. აქ თუ უშველის რასმე, მარტო შეერთებული ღონე ამ მდგომარეობისაგან დაჩაგრულებისა, ესე იგი, ერთის მხრით მიწისმომქმედთა და მეორეს მხრით მუშტრებისა. ეს აზრი, ჩვენდა სასიამოვნოდ, მოიწიფა და დღეს ჰლამის განხორციელებას.

გუშინ, 2-ს თებერვალს, ამ საქმის მეთაურებმა შეჰყარეს სამეურნეო საზოგადოების დარბაზში ოცდათხუთმეტ კაცზედ მეტი მოსასმენად ამ საგნის შესახებ შედგენილ პროექტისა. პროექტის დედააზრი იგია, რომ ტფილისში ვაჭრობა ხილისა და ბოსტნეულობისა რიგიანსა და სწორ გზაზედ დააყენონ იმ განსაკუთრებულ აზრით, რომ როგორც მოწარმოენი ხილისა და ბოსტნეულობისა, ისეც ამაების მუშტრები, ჩარჩების ხელისაგან დაიხსნან და სყიდვაგაყიდვაში არც ერთი აზარალონ და არც მეორე. ამისათვის, პროექტის აზრით, უნდა შესდგეს საზოგადოება მწარმოებელთა და მუშტართაგან და იმ საზოგადოებამ უნდა ხელთ იგდოს ვაჭრობა ხილისა და ბოსტნეულობისა. პროექტი ჰცდილობს ყოველივე იმისთანა შემთხვევა წინ დანახული იყოს, რომ მის მიერ ნაკისრ ვაჭრობაში ერთის იოტის ოდენა მოტყუება არ იყოს არაფერში. წმინდა მოგება უნდა გაუნაწილდეს იმათ, ვინც წევრად ჩაეწერება საზოგადოებაში. ძირის-ფული, ესე იგი, თავნი, უნდა შესდგეს ათასი თუმანი. ეს ათასი თუმანი 400 კერძად არის გაყოფილი, თითო კერძი 25 მანეთია. ეს 25 მანეთი დანიშნულია მწარმოებელთათვის, რომელთაც ნება აქვთ რამდენიმე კერძი დაიკვეთონ. მუშტარმა უნდა ყოველწლივ წინ შეიტანოს თითო თუმანი, რომლის ანგარიშში შეუძლიან საქონელი წაიღოს ნისიად იმ დრომდე, ვიდრე მთელი თუმანი შეუსრულდება. ამნაირად შემდგარი საზოგადოება იქონიებს სახლს ქირით, საცა ყველას ნება აქვს თავისი ნაწარმოები მიიტანოს და ან თითონ, როგორც ჰსურს, გაჰყიდოს, ან თვით საზოგადოების მმართველობას მიანდოს. პირველ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ცოტა რამ აძლიოს ნაწარმოების შეფარებისათვის. საზოგადოებას რამდენიმე ცალკე დუქანი ექნება სხვადასხვა ადგილას ქალაქში ხილისა და ბოსტნეულობის სავაჭროდ.

ჩვენ ადგილი არა გვაქვს დაწვრილებით მოვიხსენიოთ აქ ყველაფერი, რაც წაკითხულ იქმნა ხსენებულს კრებაზედ. ჯერხანად საკმაოა მარტო დედააზრი და საფუძვლის ჩვენება, მით უფრო, რომ ამ სასარგებლო საქმეზედ, იმედია, არა ერთხელ მოგვიხდება ლაპარაკი. დღეს-კი ეს უნდა შევნიშნოთ, რომ კრებულმა, შემდეგ ხანგრძლივის ბაასისა, საჭიროდ დაინახა საზოგადოების მოქმედება მარტო ხილისა და ბოსტნეულობის ვაჭრობაზედ არ შეაყენონ და ხორბლეულობის ვაჭრობასაც ხელი მოჰკიდონ, თუ ვინიცობაა საქმის წარმატება ამის ღონეს მისცემს საზოგადოებას. კრებამ გადასწყვიტა, რომ პროექტი წესდებისა შესდგეს, დაიბეჭდოს საყოველთაო საცნობელად და 12 თებერვალს წაკითხულ და გასინჯულ იქმნას კრებისაგანვე. კრება დანიშნულია სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში.

კრებამ დიდის თანაგრძნობით მიიღო სარჩიელი ამ საქმის მეთაურთა და ეს თანაგრძნობა მარტო ცარიელი სიტყვა არ იყო: აქავ სამოცი კერძი დაიკვეთეს და კერძზედ თვითო მანეთი შეიტანეს წესდების დასაბეჭდად. დანარჩენი საკერძო ფული უნდა გადასცენ ბუღჰალტერს სათავადაზნაურო ბანკისას თ. ფავლენიშვილს.

ღმერთმა ჰქმნას, რომ ეს საზოგადოება შესდგეს. არ არის მიზეზი, რომ კაცმა იმედი არ იქონიოს ამისთანა საზოგადოებაზედ, თუ ჩვენი საკუთარი თვითმოქმედება და თანაგრძნობა მხარს მისცემს. საქმე ის არის, რომ ჩვენმა მემამულეებმა პირველშივე გული არ გაიტეხონ და პირველშივე სულითა და გულით მიეგებნენ ამ დაწყობილებას. ყველგან ამ გზით ჰშველებიათ, ამ გზით დაუხსნიათ თავი ამ გაჭირებულ მდგომარეობისაგან, როგორშიაც დღეს ჩვენა ვართ ჩაცვივნულნი. აქ მარტო საკუთარი სურვილია საჭირო, რომ ჩვენს თავს ჩვენვე ვუშველოთ. ამ სურვილის გაღვიძებაზეა დამოკიდებული მთელი სიმარჯვე საქმისაცა. დროა, რაც ცალკე მეცადინეობით ვერ შევძელით, იმას შეერთებულის ღონით შევეჭიდნეთ. კიდევ ვიტყვით: ეს შეერთებული ღონეა ერთადერთი სახსარი, რომელიც ჩვენ ჯერ ამისთანაებში არ გვიცდია და რომელსაც ყველგან გაუმარჯვნია, საცა-კი უცდიათ. მოვიწვევთ ჩვენს მემამულეებს, რომ რაც შეიძლება ბევრმა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში, რადგანაც დიდად საიმედო და სასარგებლო საქმეა.

ილია ჭავჭავაძე
ტფილისი, 3 თებერვალი, 1889 წელი.

თქვენი რეკლამა