
ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა (University of Illinois at Urbana-Champaign) შეისწავლეს თურინჯის ქერქის ბიომასის გადამუშავების გზები, რათა შეიქმნას მოწყობილობები, რომლებსაც შეეძლებათ მცირე ზომის ელექტრო ხელსაწყოების კვება.
თურინჯი, შედოკი, პომპელმუსი (ლათ. Citrus maxima) ციტრუსოვანთა გვარის, სუბტროპიკული მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარეა.
საშუალოდ თურინჯის ნაყოფი 1-დან 2 კილოგრამამდე იწონის, კანი კი ნაყოფის მთლიანი წონის 30%-დან 50%-მდე შეადგენს. კვლევის დროს მეცნიერებმა ქერქი გამოაცალკევეს, გარეთა შრე მოაშორეს და სქელი თეთრი შიდა ფენა დაამუშავეს. შემდეგ ეტაპზე ქერქის შიდა ფენას პატარა ნაჭრებად ჭრიდნენ და გაყინვით აშრობდნენ, რათა შეენარჩუნებინათ მისი უნიკალური სამგანზომილებიანი ფოროვანი სტრუქტურა. ეს ნიმუშები შემდგომი ანალიზისთვის სხვადასხვა ტენიანობის პირობებში მოათავსეს.
ნიმუშების ქიმიური შემადგენლობისა და მექანიკური თვისებების შესწავლით, ჯგუფმა წარმატებით შეიმუშავა მოწყობილობები, რომლებიც მექანიკურ ენერგიას ელექტრო ენერგიად გარდაქმნიან. ეს მოწყობილობები ასევე მოძრაობის სენსორების ფუნქციას ასრულებენ.
მკვლევარებმა თურინჯის ქერქის ბიომასა და პოლიიმიდის პლასტიკური ფირი ორ ტრიბოელექტრულ ფენად გამოიყენეს, რომლებიც ურთიერთქმედებენ გარე ძალის გამოყენებისას. თითოეული ეს ფენა აღჭურვილი იყო სპილენძის ფოლგის ელექტროდით.
თურინჯის ქერქზე დაფუძნებულ ტრიბოელექტრულ მოწყობილობებზე თითის უბრალოდ დაჭერით დაახლოებით 20 LED ნათურა ინთება. მკვლევრებმა ასევე აჩვენეს, რომ კალკულატორი ან სპორტული საათი შეიძლება მხოლოდ მექანიკური ენერგიით იკვებებოდეს, გარე კვების წყაროს საჭიროების გარეშე, თუ მოწყობილობა ინტეგრირებული იქნება ენერგიის მართვის სისტემაში შენახვის ბლოკით.
წყარო: Newsru.co.il.