ვიცე-პრემიერთან მეცხვარეობის დარგის პრობლემები განიხილეს

127 Views

მეცხვარეობის ხელშეწყობისა და დარგში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხები განიხილა, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ბექა გონაშვილთან და სფეროს სპეციალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა მიმდინარე წელს, თუშეთობის დღესასწაულზე თუშ მეცხვარეებთან შეხვედრის დროს დაავალა. „ეს არის გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამართა თუშეთში, სადაც კონკრეტულად მეცხვარეებმა დააყენეს კონკრეტული საკითხები, რომლებსაც გადაჭრა ესაჭიროებათ.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ გადასარეკ ტრასებზე, შევიმუშავეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა იმ ვიწრო საკითხების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არის დარჩენილი. ასევე ვისაუბრეთ ცხვრის რეექსპორტსა და ცხვრის ექსპორტის ხელშეწყობაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა. ასევე ვისაუბრეთ მატყლის შეგროვების წერტილებზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი მონდომებით, ერთობლივი მუშაობით, ჩვენ ამ საკითხებს, აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერა წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების მოგვარებისთვის, „როდესაც პრემიერ მინისტრი იყო ასული თუშეთში, თუშები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ იქ გამართული შეხვედრით, მათ პირდაპირ დამირეკეს და მითხრეს, რომ მთავრობის თანადგომის დიდი იმედი მიეცათ.

მე მოხარული ვარ, რომ ბატონ დიმიტრისთან შეხვედრაზე აბსოლუტურად ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ, გავცვალეთ მოსაზრებები, დაისახა სამოქმედო გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ალბათ უკვე ამ კვირიდან დავიწყებთ. მოლოდინი მაქვს ძალიან პოზიტიური, რადგან ყველამ, მათ შორის მეც, მივიღეთ კონკრეტული დავალებები, თუ რა არის გასაკეთებელი და რა წვლილი უნდა შევიტანოთ დარგის განვითარებაში.

პირველად მოხდა, რომ ყველა უწყება, რომლებმაც უნდა გადაჭრან ჩვენი პრობლემები, შეიკრიბა ერთად და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთობლივი თანამშრომლობა მოიტანს ძალიან დადებით შედეგებს“ – აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ მეცხვარეობის დარგის ხელშეწყობისთვის უკვე განხორციელდა რიგი ღონისძიებები, მათ შორის ტრასების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია, მომზადდა გადასარეკი ტრასების დაურეგისტრირებელი ნაწილის აზომვითი ნახაზები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაციები, ასევე აღირიცხა ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით არსებობს, მათ შორისაა კერძო საკუთრებასთან ზედდება/გადაფარვის საკითხები.

„ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უკვე მოგვარდა რამდენიმე ზედდების საკითხი ალტერნატიული ტრასის მარშრუტის დადგენის თუ კერძო მესაკუთრისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით“ – განაცხადა ეკატერინე სისაურმა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB