როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა

სოფელი, აგრობიზნესი, ფერმერი, განვითარება

მსოფლიო სასურსათო სამიტი (1996): „სასურსათო უსაფრთხოება დაცულია მაშინ, როდესაც ჯანსაღი და სრულფასოვანი სურსათი ყველასათვის საკმარისი და ხელმისაწვდომია, არა მარტო ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც“.

სოფლის მეურნეობის განვითარება, გარდა სხვა ფაქტორებისა, უნდა ემყარებოდეს ორ კომპონენტს, პირველი -საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება და მეორე, სამომხმარებლო კალათა.

ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. თუ რეალურად დავთვლით სამომხმარებლო კალათას და გავიანგარიშებთ საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის რამდენია წლის აუცილებელი მინიმუმი – ეს იქნება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობა წლის განმავლობაში.

როდესაც გვეცოდინება რა და რამდენი გვჭირდება, უნდა მოხდეს განსაზღვრა, რისი წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში, რა არის ჩვენი აქტივი და პასივი და რა ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსია ამისთვის საჭირო.

სად ვართ?

დარგში წარმოებულ პროდუქციას თუ მუდმივ ფასებში ავიღებთ (ინფლაციით გამოწვეული ღირებულების ზრდა რომ პროდუქციის წარმოების ზრდაში არ ჩაითვალოს), გამოვა, რომ მიუხედავად ინვესტიციებისა, ადგილობრივი პროდუქციის ზრდა უმნიშვნელოა (ეს ნათლად აისახება ექსპორტ-იმპორტის ბალანსზეც).

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

1. აგრობანკი

უნდა შეიქმნას აგრობანკი ან რამე სხვა ფინანსური ინსტიტუტი, საჭიროა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული სქემით გაიზარდოს აგრო მეწარმეთათვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა.

მიწა, მეურნეობა, საპროგნოზი მოსავალი რეალური აქტივია, მათი სწორი შეფასების საფუძველზე, ფერმერს საშუალება უნდა ჰქონდეს აიღოს, როგორც მოკლევადიანი (მოსავლის რეალიზაციამდე) ისე გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხი (მეურნეობის განვითარება).

სახელმწიფომ შეუძლია შექმნას აგრობანკი და დაიქირავოს მენეჯმენტი ან გამოიყენოს რომელიმე კერძო სტრუქტურა, ზემოთ ნახსენები პირობების გათვალისწინებით.

2. წყალი ყველა სოფლის ყველა ეზოში!

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მისი მდინარეების ჯამური წლიური ჩამონადენი 65800 მლნ. მ 3-ს შეადგენს, საქართველოს ტერიტორიაზე ფორმირებული ჩამონადენი – 56500 მლნ. მ3-ს.

სულ საქართველოში 26060 მდინარეა, მათ შორის 99.4% – მცირე მდინარეებია (სიგრძე 25 კმ-ზე ნაკლები). ჰიდროლოგიურად შესწავლილია 555 მდინარე შავი ზღვის აუზში და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.

ქვეყნის მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოვებით 18000 მლნ. მ3-ს შეადგენს. საერთო საპროგნოზო-საექსპლუატაციო მარაგები დაახლოებით 10600 მლნ. მ3-ია.

წყალი ყველა სოფლის ყველა ეზოში!  ამ ქვეყანაში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა არ უნდა იდგეს!

როგორ უნდა განვითარდეს აგროტურიზმი (თუნდაც მხოლოდ შიდა ვიზიტორებზე გათვლით) თუ სამზარეულოს და სველი წერტილების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა შეუძლებელია?

3. სახელმწიფო თანადაფინანსება მცირე (ბიოწარმოების მაგალითზე) კომპანიებისთვის

სახელმწიფო უნდა შევიდეს თანადაფინანსებაში მცირე (მაგ. ბიოწარმოება) კომპანიებთან, რომლებიც, გარდა იმისა, რომ დაინტერესებულ ფერმერებს მოსავლის აღებამდე მიაწვდიან სასუქს, პრეპარატებს, სათესლე მასალას და სხვა. უზრუნველყოფენ მათ ტექნოლოგიური ცოდნით,  ინფორმაციით და დაეხმარებიან მათ მოსავლის რეალიზაციაში.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ: კომპანია აწვდის ფერმერს აგროწარმოებისთვის საჭირო საშუალებებს მოსავლის აღებამდე, ცოდნას და ეხმარება მოსავლის რეალიზაციაში. მაგალითად ბიო საშუალებათა კომპანიას ჰყავს 200 ფერმერი, თითოეული ფერმერისთვის მოსავლის სიმცირის გამო ძნელია ბაზრებზე გასვლა, ამ კომპანიისთვის კი ჯამში ეს არ იქნება რთული და უფრო მეტის შესაძლებლობა ექნება საპროგნოზო მოსავლით ივაჭროს.

ეს დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობს ფიუჩერსული ვაჭრობის განვითარებას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბირჟის ჩამოყალიბებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბიოწარმოების ხელშეწყობისთვის, ჩვენ აზრით აუცელებელია სერთიფიცირების სუბსიდირება.

4. შემნახველი და სამაცივრე მეურნეობები

უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით შემნახველი და სამაცივრე მეურნეობის მოწყობა-განვითარება, თავის მხრივ ესეთი მეურნეობა შეიძლება რეგიონალურ ცენტრად იქცეს, რომელსაც ექნება შესაძლობლობა დაუკვეთოს მოსახლეობას გარკვეული კულტურები ამა თუ იმ პერიოდისთვის.

სახელწმიფომ ამ მიმართულებით უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები, მის მიერ გაწეული დანახარჯების უკუგება აუცილებლად მოხდება, ადგილობრივი წარმოების განვითარებით და იმპორტ-ექსპორტის ბალანსის შეცვლით.

5. ერთწლიანი კულტურის წარმოებისთვის სახელმწიფო პროგრამები

ერთწლიანი კულტურის წარმოებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამებია საჭირო, ეს პროგრამები, დაკავშირებული უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებასთან და სახელმწიფოს მიერ უნდა მოხდეს როგორც გეოგრაფიული (მაგ. ჯიშების დარაიონება) ისე ეკონომიური (მინიმალური შესყიდვის ფასის გარანტი) თვალსაზრისით ხელშეწყობა.

6. სტრატეგიული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვები

სტრატეგიული პროდუქტებისთვის სახელმწიფო შესყიდვები უნდა განხორციელდეს და სურსათის სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების ჩართვას უნდა შეეწყოს ხელი.

ინსტიტუციური ბაზრები (ჯარი, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები, სახლემწიფო ორგანიზაციები და ა.შ) გადამწყვეტია ძლიერი ადგილობრივი სასურსათო ქსელის განვითარებისათვის.

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის საჭირო პროდუქტების მინიმალური რაოდენობის დათვლა და სახელმწიფოს მიერ საგარანტიო ფასების უზრუნვლეყოფა ამ პროდუქტებზე.

7. ინტერნეტი

ინტერნეტი ხელმისწვდომი უნდა იყოს ყველა სოფელში. ინტერნეტი ხელს უწყობს, ინფორმაციის მიღება-გაცემას, ონლაინ მარკეტინგს, პროდუქტის მიკვლევადობას და ა.შ.

8. სამხარეო კლასტერები

სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სამხარეო მოწყობა, სამხარეო კლასტერები მიწების ძლიერი ფრაგმენტაციის პირობებშიც კი, მცირე ფერმერების წარმოებულ პროდუქტებს გზას გაუხსნის დიდ ბაზრებზე.

მაგ. თუ ჩვენს მხარეში (მუნიცეპალიტეტში, სოფელში) ფერმერები მცირე რაოდენობით აწარმოებენ რაიმე კულტურას და მათთვის შეუძლებელია დიდ ბაზრებზე მოხვედრა, გამაერთანებელი რგოლის მეშვეობით, ეს პრობლემა ადვილად გადაწყდება და ფერმერიც უფრო ადეკვატურ შემოსავალს მიიღებს.

9. გრანტები და ინფორმაცია

აუცილებელია გრანტების სწორი (სამართლიანი) განაწილება, როგორც ფერმერების, ისე დარგობრივი სტაბილური საინფორმაციო საშუალებების და სასწავლო პროცესების მხარდასაჭერად.

10. მცირე გადამამუშავებელი საწარმოების მხარდაჭერა

მცირე გადამამუშავებელი საწარმოების (მათ შორის მარნების) მხარდაჭერა არა მხოლოდ ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფაში, არამედ ბიზნეს ოპერატორად ჩამოყალიბებაში, თუ ესეთი საწარმოები ბევრი იქნება, გაიზრდება მოთხოვნა ნედლეულზე, რაც ფერმერისთვის რეალიზაცის პრობლემას მოხსნის, შესაბამისად ის გაზრდის საკუთარ მეურნეობას.

მცირე გადამამუშავებელი საწარმოების მხარდაჭერა, ხელს შეუწყობს, სასოფლო ბრენდების ჩამოყალიბებას.

11. სახელმწიფო მიწების პრივატიზაცია

უნდა დაჩქარდეს  სახელმწიფო მიწების გადაცემა, და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ სოფლის მოსახლეობაზე, არამედ ქალაქის მაცხოვრებლებზეც, რომლებსაც აქვთ რეალური პროექტები და რეგიონში საქმის წარმოებას აპირებენ.

12. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბირჟა

პროდუქტების რეალიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ფერმერი (მწარმოებელი) მცირე შემოსავალს იღებს, მომხმარებელი კი სიძვირის გამო პროდუქტს ვერ ყიდულობს.

ზემოთ ნახსენები სტრატეგიული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვების გარდა, ჩვენი აზრით ხელი უნდა შეეწყოს – სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბირჟის ჩამოყალიბებას.

პროდუქტების ბირჟის ჩამოყალიბებამდე უნდა წახალისდეს – ფერმერთა და მომხმარებელთა კლუბების შექმნა (პირდაპირი შეკვეთები და შესყიდვები), ფერმერული ბაზრების გამართვა (შაბათ-კვირას) და სხვა.

მალხაზ ხაზარბეგიშვილი
„აგროკავკასიის“ მთ. რედაქტორი. 2019წ.

*ფოტო გადაღებულია დავით გეგეჭკორის მიერ.

თქვენი რეკლამა