ამერიკული ხორბალი საქართველოში

პური, ხორბალი, ამერიკა

ფოთის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში ამერიკულმა გემმა 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო. ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O’Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილი შეიტანოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.

„მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA), ერთი მხრივ, საქართველომ ხარისხიანი ხორბალი მიიღო, მეორე მხრივ კი, ხორბლის მონეტიზების შემდეგ, თანხები მთლიანად მიმართული იქნება საქართველოს მეცხოველეობის განვითარებისთვის. ოპერატიულად განხორციელდა ტვირთის შემოტანა, დაცლა, აწონვა, ყველა ის პროცესი რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს არის საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი.

მომავალი წლის დასაწყისში ამერიკიდან კიდევ შემოვა ხორბალი, რომელიც ღია, გამჭვირვალე, საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით მიეწოდება საქართველოს წისქვილ-კომბინატებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემოტანილი ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი მაღალია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ფოთში ყოფნისას, სადაც გემიდან ხორბლის დაცლის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა აღნიშნა, ამერიკული ხორბლის საქართველოში შემოტანა ბაზრების დივერსიფიკაციის წარმატებული მაგალითია.

„მოხარულები ვართ სტრატეგიულ პარტნიორთან ხორბლის იმპორტის მიმართულებით თანამშრომლობით, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ქეთევან კუბლაშვილმა.

ფოთის პორტში, ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II“ შემოვიდა. თბომავლის დაცლა ფოთის პორტის მე-10 ნავსადგომზე მოხდა, ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია DRUM Risk Ltd ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში“ დაბინავდა.

თქვენი რეკლამა