თხილის ახალი საწარმო კახეთში 300 ფერმერს მოემსახურება

თხილი, შემნახველი, საწარმო, კახეთი, ფერმერი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილემ ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორ, პიტერ ვიბლერთან ერთად ყვარლის რაიონში, სოფ. ენისელში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გახსნა.

საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, კახეთის რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება.

„თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო ადგილობრივ ფერმერებს მოემსახურება და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 000 ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

„საწარმოს შექმნაში კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. საწარმოში მოხდება ხარისხიანი თხილის წარმოება და შესაბამისად, გაიზრდება შემოსავლებიც. შემოსავლების ზრდას და ხარიახიანი პროდუქციის წარმოებას მივყავართ დასაქმების შესაძლებლობებთან. USAID ყოველთვის მზადაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მსგავს ინიციატივებს“, – განაცხადა USAID – ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.

შპს „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯია“-მ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 370 000 ლარი გრანტი, და  300 000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

კახეთის რეგიონში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალფასიანი პროდუქტი.

თქვენი რეკლამა