ვირუსი ზიკა (ZIKV) მიეკუთვნება Flaviviridae–ს ოჯახს, Flavivirus–ის გვარს. ვირუსის ტრანსმისიული გზით გადაცემა ხდება კოღოების (Aedes) სხვადასხვა სახეობების მეშვეობით.
მსოფლიოში გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო, ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები, მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
აღნიშნული მდგომარეობის შესაბამისად, ვირუსის გავრცელების წინაარმდეგ გარკვეული ღონისძიებები ტარდება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა რიგმა ღონისძიებებმა შეიძლება, უდიდესი ზიანი მიაყენოს გარემოს, კერძოდ კი გაანადგუროს ფუტკრები.
აშშ-ში სამხრეთ კაროლინის მეფუტკრებმა ერთი მილიონი ფუტკარი დაკარგეს, ამერიკის მეფუტკრეთა რამდენიმე ორგანიზაციის მონაცემებით, ბევრი მათგანი საერთოდ უფუტკროდ დარჩა.
ფუტკრების მასიური სიკვდილიანობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სკების განლაგების ახლომდებარე ტერიტორიებზე შეასხურეს პესტიციდი, რომელიც ზიკას ვირუსის გადამტან კოღოებს ანადგურებს – იუწყება CNN.
პესტიციდი Naled, რომელმაც გამოიწვია ფუტკრების მასიური განადგურება, ევროკავშირში ჯერ კიდევ 2012 წელს აკრძალეს, ამერიკაში ეს აკრძალვა არ მოქმედებს, თუმცა ეტიკეტზე მითითებულია, რომ Naled-ის გამოყენება საშიშია ფუტკრებისთვის.