წარაფი

წარაფი, ღვინო, მიკროზონა, კარდენახი

დასახელება; დამატებითი აღნიშვნები; ტიპი,  ფერი და ძირითადი მოთხოვნები

დასახელება: „წარაფი“;
„წარაფი“ ქარვისფერი მშრალი ღვინოა.

წარაფი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ფერი – მუქი ქარვისფერიდან ჩალისფერამდე;

არომატი და გემო – სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით, ზომიერი და რბილი სიმწკლარტით, რაც მის ტიპიურობას განაპირობებს. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;

ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12 %-ზე ნაკლები;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 24  გ/ლ-ზე ნაკლები;

შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ‐ს;

ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს  5 გ/ლ-ზე ნაკლები;

სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

რეგისტრაციის თარიღი

• რეგისტრაციის: № 978; რეგისტრაციის თარიღი: 11/05/2020.
• ადგილწარმოშობის დასახელება: წარაფი.
• საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია: ღვინო.
• განმცხადებლის სახელი და მისამართი: ა(ა)იპ – კარდენახის ღვინო; სოფელი კარდენახი, მე-15 შესახვევი, №10, გურჯაანის რაიონი, საქართველო.

წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები

„წარაფის“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების დადაბ­ლებულ 3-4°დახრილობის ექსპოზიციაზე, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41°48′ და აღმოსავლეთი გრძედის 45°44′ კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეზე.

წარაფის მიკროზონა მოქცეულია კარდენახის მიკროზონის ფარგლებში. ჩრდილო დასავლეთიდან რკინის გზამდე მას ესაზღვრება მღვრიე ხევი, ხოლო რკინიგზის შემდეგ სარწყავ არხამდე – ბაკურციხის ადმინისტრაციული საზღვარი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზ­ღვრება სარწყავი არხი, სამხრეთ აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ანაგის ადმინის­ტრაციული საზღვარი, სამხრეთ-დასავლეთიდან მღვრიე ხევამდე ესაზღვრება ბაკურციხე-წნორის ავტომაგისტრალი, ხოლო მღვრიე ხევის შემდეგ – რკინიგზა.

ვაზის ჯიშები

„წარაფი“ მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. „წარაფის“ დამზადებისას რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეიძლება დაემა­ტოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშე­ბის გამოყენება.

ვენახის გაშენება, სხვლა-ფორმირება და მოვლა

წარაფის მიკროზონაში, ღვინო „წარაფისთვის“ განკუთვნილი სამეწარმეო ვენახები გაშენებული უნდა იყოს 350 ‐ 550 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან;

ვენახის რიგთაშორის მანძილი შეიძლება იყოს 1-დან 2,5 მეტრამდე;

ვაზთაშორის მანძილი რიგში 0,8-1,5 მეტრი;

შტამბის სიმაღლე – 60-90 სმ;

სხვლის ფორმა – ცალმხრივი ან ორმხრივი ქართული, ან თავისუფალი.

ვაზის გაშენება, მისი გასხვლა-ფორმირება და დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან, აგრეთვე, ნიადაგის დამუშავება, მისი განაყოფიერება და სხვა ოპერაციები ხორციელდება ყურძნის მწარმოებლის მიერ შერჩეული აგროტექნიკური ღონისძიებების შესაბამისად.

ყურძნის სიმწიფე, რთველი, ტრანსპორტირება

„წარაფი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან. ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21 %-ზე ნაკლები;

ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის ან პლასტმასის ყუთებით, უჟანგი ფოლადისაგან დამზადებული ან სპეციალური საღებავით შეღებილი ძარებით;

დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და/ან ტომრე­ბის გამოყენება;

ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინძურებისაგან.

ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი

ყურძნის  მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს:

რქაწითელისთვის  – 10 ტონას;
კახური მწვანისთვის  – 8 ტონას;
ხიხვისთვის – 6 ტონას.

ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

650 ლიტრს – ერთი ტონა ყურძნიდან;
6 500 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან რქაწითელისთვის;
5 200 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან კახური მწვანისათვის;
3 900 ლიტრს –  ერთი ჰა ვენახიდან ხიხვისთვის.

ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა

ღვინო „წარაფის“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ წარაფის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან.

ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში,  ხოლო ჩამოსხმა – კახეთის ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

ამასთან, ყურძნის გატანა წარაფის მიკროზონიდან გადასამუშავებლად და ღვინის გატანა კახეთის მევენახეობის ზონიდან ჩამოსასხმელად დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის პირობებში.

„წარაფის“ დამზადებისას ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობს მხოლოდ ქვევრში დურ­დოზე (ჭაჭა-კლერტის მთლიან რაოდენობასთან ერთად). ალკოჰოლური დუღილის  დამთავ­რების  შემდეგ,  ქვევრს  გადაავსებენ  ანალოგიური  ღვინით  და დააყოვნებენ დურდოზე არანაკლებ რთველის მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

„წარაფის“ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომ­­ხ­მა­რებლო  ტარაში დაფასოებული სახით.

კავშირი ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს  შორის

• ნიადაგი

ნიადაგწარმომქმნელი ქანები დელუვიურ-პროლუვიური წარმოშობის კარბონატული თიხნართიხიანი და ქვაღორღიანი ნაფენებია.

ნიადაგები, ძირითადად, თიხნარი და მსუბუქი თიხნარია. მისი მექანიკური შედგე­ნილობა (ფიზიკური თიხის ფრაქცია, რომელიც <0,01 მმ) ფართო საზღვრებში ცვალება­დობს და 20,0-დან 69,4%-მდეა.

ჰუმუსის შემცველობა საპლანტაჟო ფენებში 2,04-4,91%-ის ფარგლებშია. საერთო აზოტი, ძირითადად, დაბალი შემცველობით ხასიათდება – 0,067-0,128%, ჰიდროლიზური  აზოტის  შემცველობა  სახნავ  ფენებში  5,00-13,89  მგ-მდე მერყეობს  100 გ ნიადაგში, ხსნადი ფოსფორის შემცველობა მაღალია და სახნავ ფენებში 3,0-29,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში.

გაცვლითი კალიუმი სახნავ ფენებში მაღალი შემცველობით ხასიათდება 28,0-90,4 მგ 100 გ ნიადაგში. კალციუმის კარბონატების შემცველობა ნიადაგების პროფილებში ფართო საზღვრებში ცვალებადობს, რომელიც ზემოდან ქვემოთ კანონზომიერად მატულობს და 2,0-დან 44,0%-მდეა. ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი და საშუალო ტუტეა –  pH=7,2-8,2.

• კლიმატი

წარაფის მიკროზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2154 საათს, სავეგეტაციო პერიოდში კი 1589 საათს უდრის.

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,5°C, ყველაზე ცივი თვის /იანვარი/ საშუალო ტემპერატურა 1,0°C, ყველაზე თბილი თვეების /ივლისი, აგვისტო/ კი – 23,6°C უდრის.

10°C-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა 211 დღეს აღწევს, ხოლო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3920 უდრის.

ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი წარაფის მიკროზონაში 770 მმ, მ.შ. სავეგეტაციო პერიოდში 585 მმ-ია. ატმოსფერული ნალექები სეზონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილ­დება: ყველაზე მეტი /32-32%/ გაზაფხულ-ზაფხულში, შედარებით ნაკლები შემო­დ­გო­მაზე (23%) და ზამთარში /13%/ მოდის.

ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 72% უდრის, ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 70% აღწევს.

ნიადაგის ზედაპირზე, რომელიც ნეშომპალა-კარბონატულია, საშუალო წლიური ტემპერა­ტურა 15°C უდრის. ივლის-აგვისტოში ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ყველაზე მაღალია და 30°C აღწევს.

• ადამიანური ფაქტორი

საქართველოში ქვევრში კახური ტექნოლოგიით ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას უწყვეტად დღემდე ინარჩუნებენ. ქართველი კაცი რვა ათასი წლის განმავლობაში ხვეწდა და აუმჯობესებდა ამ ღვინის დაყენების მეთოდებს. ასე რომ, ღვინის დაყენების კახური ტექნოლოგიის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელმაც არა მარტო შექმნა ეს უნიკალური წესი, არამედ, ხატოვნად რომ ვთქვათ, უბით გამოატარა და გადაარჩინა იმ ქარტეხილებს, რაც ამ პატარა ქვეყანამ გამოიარა ამ ხნის მანძილზე.

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთო­დის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს იყო ქვევრში ღვინის დაყე­ნების ქართული ტრადიციული მეთოდის აღიარების გვირგვინი, რომელმაც ახალი სტიმული მისცა ჩვენში ღვინის ამ მეთოდით დაყენებას და დასაბამი მისცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მის დანერგვას.

„ღვინის დაყენების მეთოდმა, რომელიც კახურ მეთოდად იწოდება და ბევრად განსხვა­ვდება ევროპული ტექნოლოგიისაგან, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს ქვეყანა წარსულშიც იყო ცნობილი თავისი მაღალხარისხოვანი ღვინოებით და მომავალშიც რჩება ამ პროგრესული მიმართულების შემოქმედად“, ამბობს ცნობილი იტალიელი მეღვინე და მეცნიერი ჯ. დალმასო.

წარაფის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი კლიმატი:

ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, ტყის ყავისფერი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების, ვაზის ჯიშების ამ მიკროზონაში გამოვლენილი განსაკუთრებული თვისებები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუ­ნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „წარაფის“ განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახა­სიათებლებს და მაღალ რეპუტაციას.

ეტიკეტირების განსაკუთრებული მოთხოვნები

დასახელება „წარაფი“ და აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“  ეტიკეტზე, შეფუთვაზე, ასევე, ღვინის თანმხლებ დოკუმენტებში და სარეკლამო მასალებში უცხო ენებზე დაიტანება შემდეგნაირად:

ლათინური შრიფტით – TSARAPI;
Protected Designation of Origin ან/და PDO;

რუსული შრიფტით – ЦАРАПИ;
Защищённое наименование места происхождения.

აღრიცხვა და შეტყობინება

„წარაფის“ წარმოების და შენახვის ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

წარმოების მაკონტროლებელი ორგანო

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

„წარაფი“ მზადდება მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. „წარაფი“ დამზადებისას რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

წარაფის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი კლიმატი: ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, ტყის ყავისფერი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, ვაზის ჯიშების განსაკუთრებული თვისებები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „წარაფი“ განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და მაღალ რეპუტაციას.

წარაფი, ღვინო, მიკროზონა, კარდენახი

ღვინის ეროვნული სააგენტო.

თქვენი რეკლამა