ბურღულეული – არჩევის და შენახვის წესები

ბურღული

ბურღულეულს მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. ისინი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით და ადამიანის კვების რაციონში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია.

საქართველოში ძირითადად მოიხმარება წიწიბურა, ბრინჯი, შვრია.

ბურღულის არჩევა

ბურღულეულის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ნებისმიერ ბურღულს აქვს დრო რომელშიც უნდა მოიხარშოს, თუ პაკეტს აწერია, რომ ესა თუ ის ბურღული იხარშება X წუთში და მის მოხარშვას ბევრად მეტი სჭირდება, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ ბურღული ძველია და მისი ხარისხი დაბალია. ანუ ხარშვის დრო უნდა შეესაბამებოდეს სახეობას.
  • რაც უფრო ახალია ბურღულეული, მით უფრო სწრაფად იხარშება იგი.
  • ყველაზე სწრაფად მანის ბურღული იხარშება.
  • წინასწარ დამუშავებული ბურღული (მაგალითად მანი, ჰერკულესი, დაღერღილი ან დაფქვილი წიწიბურა) უფრო სწრაფად იხარშება ვიდრე დაუმუშავებელი;

ანუ, თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია შეიძინოთ წინასწარ დამუშავებული, მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ახალი ბურღულეული.

მაღალი ხარისხის ბურღულეულის შესარჩევად ყურადღება მიაქციეთ მის:

  • ფერს — მაგალითად, ბრინჯის მარცვლები უნდა იყოს გამჭვირვალე, თეთრი, ყვითელი ან მოყავისფრო — კონკრეტული ასორტიმენტისათვის დამახასიათებელი ფერის. დაუმუშავებელი წიწიბურა ღია ჩალისფერია მოყვითალო ან მომწვანო ელფერით, ერთხელ მოხალული წიწიბურა ღია ყავისფერია. მაღალი ხარისხის შვრიის ბურღული მონაცრისფრო-მოყვითალო ფერისაა, მანის-თეთრი ან კრემისფერი; (რა ფერის შეიძლება იყოს დაბალი ხარისხის იგივე ბურღული? ბრინჯი გაუმჭურვალე, მაგრამ კონკრეტული სახეობისათვის დამახასიათებელი ფერის, წიწიბურა — მუქი ყავისფერი, შვრიის ფანელები ჭუჭყიანი ნაცრისფერი, ხოლო მანი ძალიან თეთრი)
  • სუნს-აუცილებლად დაყნოსეთ ბურღული. თუ იგრძენით სინესტის ან ობის სუნი-ეს პროდუქტი გაფუჭებულია. თუ ბურღულეული არომატიზირებულია მაშინ შესაძლებელია ბურღულს უცხო, არომატის შესაბამისი სუნი ჰქონდეს. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებული. არაარომატიზირებულ ბურღულში თაფლის სუნი -პროდუქტში ტკიპების გაჩენის მაუწყებელია.
  • გემოს- გაკვნიტეთ ბურღულის ერთ-ორი მარცვალი. საღი და ხარისხიანი პროდუქტი მოტკბო გემოსია, მხოლოდ შვრიას შესაძლებელია ქონდეს ოდნავ მწარე გემო.
  • კონსისტენციას — ბურღული არ უნდა იყოს დამტვრეული, ნაგვიანი, არ უნდა შეიცავდეს მწერებს ან ჩრჩილის აბლაბუდას.

ბუნებრივია, აუცილებლად შეხედეთ პროდუქტის დამზადების ვადას.

ბურღულეულის არჩევისას გირჩევთ, უპირატესობა ჰერმეტულად დაფასოებულ პროდუქტს მიანიჭოთ- სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც საწყობებში ან მაღაზიებში ბურღულს არასათანადო პიროებებში ინახავენ და იგი ამძაღებას ან ლპობას იწყებს.

როგორ შევინახოთ ბურღულეული: 

ბურღულის შესანახად შეიძლება გამოვიყენოთ კერამიკული, მინის, პლასტმასის ან მეტალის ქილები. აუცილებელია — შესანახ ჭურჭელს თავსახური კარგად ქონდეს დახურული, რათა არ მოხდეს ბურღულეულის დანესტიანება და მასში მწერების გაჩენა. ასევე ბურღულის შენახვა უნდა მოხდეს გრილ და მშრალ ადგილას.

ბურღულის სახეობების მიხედვით ( ოთახის ტემპერატურაზე), შენახვის ვადებიც განსხვავებულია: ხორბლის, მანის, სიმინდისა და შვრიის ბურღული ინახება 4-10 თვე, წიწიბურა 20 თვე, ბრინჯი 16-18 თვე.

თუ თქვენ ბურღულეულის დიდ მარაგს იკეთებთ, აუცილებელია მისი წელიწადში 3-4-ჯერ შემოწმება, თუ მასში აღმოაჩინეთ მწერები-პროდუქტი საკვებად აღარ გამოიყენება; სოფლის პირობებში გაფუჭებული პროდუქტი შეგიძიათ ფრინველის საკვებად გამოიყენოთ

ბრინჯის ბურღული

ბაზარზე ბრინჯის ბურღულის რამდენიმე სახეობა გვხვდება. გარდა გრძელი ან მრგვალი თეთრი ბრინჯისა, არსებობს სუფთა (გასუფთავებული, სპეციალურად დამუშავებული ბრინჯი, რომელსაც გარჩევაც კი არ უნდა ), ყავისფერი, ოქროსფერი, გაშლიფული და დამტვრეული ბრინჯი. ყველა მათგანს მაღალი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულება გააჩნია).

ყველაზე სასარგებლო ყავისფერი (მსუბუქად გაშლიფული) ბრინჯია, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობით, ამიტომ მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ბრინჯის ამ სახეობას მოიხმარენ. საქართველოში მომხმარებელი უფრო შეჩვეულია თეთრი, ანუ გაშლიფული ბრინჯს გამოყენებას.

ბრინჯის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ფერს. ბრინჯის მარცვალი უნდა იყოს საღი, გამჭვირვალე, ასორტიმენტისათვის დამახასიათებელი ფერის. დიდი რაოდენობით ნამტვრევების ან თეთრი ცარცისმაგვარი მარცვლების არსებობა ბრინჯის დაბალი ხარისხის მაჩვენებელია, თუმცა დამტვრეულ ბრინჯსაც, თუ ის ახალი და საღია, მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, მაგრამ დაბალი ხარისხისაა, როგორც პროდუქტი, ვინაიდან დამტვრეულია.

წიწიბურა

ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ვიტამინების, მიკროელემენტების და სრულფასოვანი ცილების მაღალი შემცველობის გამო, წიწიბურა ჯანმრთელი კვების შეუცვლელი კომპონენტია. გარდა ამისა, წიწიბურას მოყვანის დროს არ გამოიყენება სასუქები, პესტიციდები და ჰერბიციდები, ამიტომ იგი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სასოფლო-სამეურნეო მცენარედ არის მიჩნეული. გარდა ამისა წიწიბურა ერთადერთი მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება ვერ მოხერხდა.

წიწიბურიდან მზადდება რამდენიმე სახის ბურღული: მთელმარცვლოვანი, მსხვილად დაღეღღილი, წვრილად დაღერღილი, წიწიბურას ფქვილი. ეს ბურღულეული იყიდება როგორც მოუხალავი, ასევე მოხალული.

გაითვალისწინეთ:

მოუხალავი (ღია ფერის, მომწვანო-მოყვითალო) წიწიბურა უფრო ახალი და საღია. ღია ყავისფერი წიწიბურა ერთხელ მოხალულია, ხოლო თუ წიწიბურა მუქი ყავისფერია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბურღული ერთხელ უკვე დაძველდა და სუნის გასაყვანად და გასაახლებლად მოხდა მისის ხელმეორედ, ან რამდენჯერმე გადახალვა.

ასეთ წიწიბურას დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია და მისი შენახვის ვადაც ერთხელ უკვე გასულია. თავდაცვის მიზნით უმჯობესია მოუხალავი, ღია ფერის წიწიბურა შეიძინოთ და თვითონ მოხალოთ, ვინაიდან მოხალული წიწიბურა ბევრად გემრიელია.

კარგად დააკვირდით, თუ წიწიბურის შეფუთვაში მინარევებისა და დამტვრეული მარცვლების შესამჩნევი რაოდენობაა, მაშინ თქვენ წინაშე დაბალი ხარისხის პროდუქტია.

შვრიის ბურღული (იგივე ჰერკულესი)

ჰერკულესის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ იგი სასურველია ჰერმეტულად იყოს შეფუთული, ვინაიდან ადვილად ნესტიანდება და მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში მიმდინარე გარდაქმნების შედეგად ბურღული კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს. ამიტომ სახლში ამოტანილი და უკვე გახსნილი ჰერკულესი უმჯობესია გადაიტანოთ თავსახურიან ჭურჭელში შემდგომი შენახვისათვის.

სანამ ჰერკულესის მოხმარებას დაიწყებთ, კოლოფიდან, თეთრ თეფშზე გადმოყარეთ ფანტელების მცირე ნაწილი და ფერს დააკვირდით. ხარისხიანი შვრიის ფანტელების ფერი შეიძლება იცვლებოდეს მონაცრისფერო კრემისფერიდან მოყვითალომდე. აუცილებლად ნახეთ ფანტელების სუნიც, ხარისხიანი შვრიის ფანტელებს აქვთ მსუბუქი შვრიის სუნი და რაც მთავარია არ უნდა იგრძნობოდეს ობის ან შმორის სუნი;

თუ ხარშვის დროს ფანტელები მარკირებაზე მითითებულ დროზე უფრო დიდხანს არ მოიხარშა ე.ს. იყიდეთ დაბალხარსიხოვანი პროდუქტი. ჩახარშვის დრო მკაცრად უნდა ეთანადებოდეს სორტს- ორივე შეფუთვაზეა მითითებული;

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მოუხარშავ ჰერკულესს შესაძლოა (მაგრამ არა აუცილებელი და სასურველი) ოდნავ მომწარო გემო ჰქონდეს, თუმცა ეს სიმწარე მოხარშვის შემდეგ არღარ უნდა იგრძნობოდეს. არასასიამოვნო გემო შესაძლებელია გაჩნდეს მარცვლის არასწორი დამუშავების ან პროდუქტის არასწორი შენახვის შედეგად;

მანის ბურღული

მანის ბურღული წმინდად დაღერღილი ხორბალია. მანის პოპულარობა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ყუათიანობითა და შეთვისების უნარიანობით, აგრეთვე სწრაფი მომზადებით არის განპირობებული.

მანი დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა ბავშთა და დიეტური კვების ძირითადი პროდუქტების სიაში, მაგრამ ამჟამად მანის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

დღეს დიეტოლოგთა უმრავლესობა კრძალავს მის მოხმარებას ერთ წლამდე და ზღუდავს-სამ წლამდე ბავშვებისთვის (ხორბალში არსებული ცილა-გლუტენი, ხელს უშლის ნაწლავებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას და ამასთან ერთად საკმაოდ ძლიერი ალერგენია).

თუმცა მანში დიდი რაოდენობითა ფიტინის (რომელიც ბოჭავს კალციუმს რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამორეცხვას ) შემცველობის და მაღალკალორიულობის გამო, ის საკმაოდ სასარგებლო ბურღულად ითვლება და ამიტომ მთლიანად ნუ ამოიღებთ მანს თქვენი კვების რაციონიდან, მაგრამ ნურც ყოვლედღიური მენიუს შემადგენელ ნაწილად აქცევთ.

გაითვალისწინეთ, რომ მანის ბურღულის შესანახად, აუცილებლად, ჰერმეტული ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ და ამ შემთხვევაში შენახვის ვადა მაქსიმუმ 12-14 თვეა. უფრო ხანგრძლივი შენახვის დროს მანში წარმოიქმნება კოშტები და იგი ღებულობს არასასიამოვნო გემოს;

ვინაიდან ბურღულებიდან მანში ყველაზე ხშირად ჩნდება ჩრჩილი, ამიტომ ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ გამოშვების ვადას, თუ შეფუთვა გამჭვირვალეა აუცილებლად შეარხიეთ პაკეტი და დააკვირდით, ხომ არ არის მასში აბლაბუდა.

წყარო: momxmarebeli.ge

თქვენი რეკლამა