ვაზის სხვლა – ფორმირება, ვადები, ტექნიკა, ვიდეორჩევა

3055 Views

ვაზის სხვლის ვადები

ვაზის სხვლა შეიძლება დაიწყოს შემოდგომაზე, ფოთოლცვენის შემდეგ. სხვლის წარმოება შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზე – კვირტების გაშლამდე.

სხვლა არ უნდა წარმოებდეს ძლიერ ყინვიან დღეებში, რადგან რქები მყიფეა და ადვილად ტყდება, ხოლო გადაჭრის ადგილი მეტად მგრძნობიარეა ყინვისადმი.

მსხვილ სამრეწველო ვენახებში სხვლა მთელი ზამთრის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა მუშახელი დროზე გამოთავისუფლდეს ვენახის სხვა სამუშაოების ჩასატარებლად.

თუ ასეთი პრობლემა არ არის, ვაზის სხვლა შეიძლება ჩატარდეს კვირტების დაბერვის წინ, რადგან ვაზის გვიანი სხვლა რამდენიმე დღით აგვიანებს კვირტების გამოსვლას, ეს კი ხელს უწყობს საგაზაფხულო წაყინვებისაგან ვაზის დაცვას.

სხვლის ტექნიკა

სხვლის დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე სავენახე სასხლავი მაკრატელი. მაკრატელი უნდა იყოს გალესილი, მსუბუქი და მოხერხებული. დატვირთვა სასხლავ მაკრატელზე დიდია, ამიტომ აუცილებელია სისტემატური შემოწმება ვარგისიანობაზე და მისი მოვლა (გალესვა, შეზეთვა, დარეგულირება).

კარგი მაკრატელი უნდა იყოს მაღალმწარმოებლური, არ უნდა მოითხოვდეს დიდ ძალას და რქაზე ტოვებდეს სუფთა ჭრილს. მიზანშეწონილია, მსხვლელი ატარებდეს სხვლის დროს პატარა ხელის ხერხს, განსაკუთრებით ძველ ვენახებში მუშაობის დროს, ძველი გამხმარი, მრავალწლიანი ტოტების მოსაცილებლად. ეს აადვილებს მუშის შრომას და მსხვილი ტოტების მოჭრის დროს იცავს მაკრატელს გაფუჭებისგან.

ძველი ნაწილების სხვლის დროს ჭრილობა უნდა გაკეთდეს სწორი კუთხით, ჭრილის ნაკლები ფართის უზრუნველსაყოფად, ჭრილობა არ უნდა იყოს ძლიერ ახლოს რქის ფუძესთან ანუ მხართან. ერთწლიანი რქები იჭრება მკაცრად, ბოლო კვირტიდან 1-3 სმ-ზე.

ვაზის სხვლის მიზანია ყურძნის რეგულარული და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება. გასხვლის საშუალებით მყარდება სასურველი შეფარდება ვაზის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას შორის.

საქართველოში გავრცელებული ვაზის ფორმირების წესები

საქართველოში გავრცელებული ვაზის ფორმირების წესებიდან აღსანიშნავია: ქართული ცალმხრივი, ქართული ორმხრივი, ორმხრივი მოკლე კორდონი, ცალმხრივი კორდონი, ორსართულიანი მრავალსაკავებლიანი თავისუფალი ფორმა. სამოყვარულო მევენახეობაში გამოყენებულია ოლიხნარი, ხეივანი და სხვა.

ყველა ამ ფორმას ახასიათებს ვერტიკალური სწორმდგომი შტამბი, განსხვავებით იმ ფორმებისაგან, რომლებიც გავრცელებულია ყინვასაშიშ რეგიონებში (რუსეთი, უკრაინა და სხვ.).

საქართველოს მევენახეობის რაიონების აგროეკოლოგიური პირობების მრავალფეროვნება, ვაზის ჯიშის გენეტიკური პოტენციალის სხვადასხვა დოზით გამოვლინებას განაპირობებს. ამიტომ, ერთი და იგივე ჯიში შეიძლება განსხვავებულ აგროეკოლოგიურ პირობებში განსხვავებულ ფორმირებას მოითხოვდეს.

წყარო: მევენახეობა – ვ. გოცირიძე ა. გოდაბრელიძე

ვაზის სხვლა-ფორმირება – ვიდეო

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი “ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში” (SEAS) ორგანიზებით.

1Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB