სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

სუფრის, ყურძენი, ვენახი, ვაზი

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ვაზი მიეკუთვნება ვაზისებრთა ოჯახს. ბუნებრივად მოზარდი ვაზი მხვიარაა, საყრდენს ულვაშებით ანუ პწკალით ემაგრება; აქვს ყავისფერი ქერქი, რომელიც ზოლ-ზოლად სცილდება.

შტამბზე განლაგებულია მრავალწლიანი ტოტები (მხრები), ერთწლიანი რქები და ყლორტები. ფოთლის ყუნწის იღლიაში მოთავსებულია რთული აგებულების კვირტი, რომელიც ძირითადი და შემცვლელი (სათადარიგო) კვირტებისაგან შედგება.

მრავალწლიან ღეროზე ვითარდება მძინარე კვირტი. კულტურულ ვაზის ჯიშებში ყვავილები უმეტესად ორსქესიანია, ახასიათებს სხვადასხვა სიდიდის, ფორმის, დანაკვთულობის ფოთლები; მარცვალი სხვადასხვა შეფერილობის, ფორმის, სიდიდის, კონსისტენციის და გემური თვისებებისაა. მარცვალში წიპწების რაოდენობა მერყეობს 1-4 მდე; ზოგჯერ წიპწას არც შეიცავს (საქიშმიშე ჯიშები).

საქართველოში ვაზის სამრეწველო ნარგავები ძირითადად ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდეა გავრცელებული.

სავეგეტაციო პერიოდი წვენის მოძრაობის დაწყებიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე 200-220 დღეს შეადგენს და განსხვავებულია ჯიშების და ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით.

ვაზის განვითარება წლის პერიოდში იყოფა აქტიურ და მოსვენების ფაზებად. მოსვენების პერიოდში მიმდინარეობს სუნთქვის და აორთქლების პროცესები, საკვები ელემენტების გადანაცვლება ერთწლიანი ნაზარდებიდან მრავალწლიანში, აქედან ფესვებში.

ვაზის განვითარების აქტიური ფაზა მოიცავს:

ა) ვაზის ტირილი (წვენის მოძრაობის დაწყება);
ბ) კვირტის გაფურჩქვნა და ყლორტის განვითარება;
გ) ყვავილობა;
დ) მარცვლის გამონასკვა;
ე) ყურძნის სრული სიმწიფე;
ვ) ფოთოლცვენა.

ვაზი ვითარდება ისეთ ნიადაგებზეც კი, სადაც მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება შეუძლებელია ან მცირე ეფექტის მომცემია: საკმაოდ ან მეტად დაფერდებული ციცაბო ადგილები, ხირხატი და ქვიანი ნიადაგები, სილნარი და სხვ.

ვაზის ზრდა 80C-ზე დაბალ ტემპერატურაზე აღარ მიმდინარეობს. 25-300C -ის იგი ინტენსიურად ვითარდება, ხოლო 400C -ზე მეტი ტემპერატურის პირობებში მისი განვითარება ფერხდება და მწვანე ნაწილების არუჯვის გამო საბოლოოდ ჩერდება.

ვაზი ყინვებს 15-180C -მდე იტანს, ზოგიერთი ჯიში კი 300C -მდეც უძლებს. ვაზი მეზოფიტ მცენარეთა ჯგუფს ეკუთვნის, მაგრამ გვალვიან ადგილებში, სადაც ნალექის წლიური რაოდენობა 400 მილიმეტრამდეა ვენახის მორწყვა აუცილებელია.

ნაყოფი შეიცავს ქიმიურ შენაერთთა შემდეგ ჯგუფებს: ნახშირწყლებს, პექტინოვან ნივთიერებებს, გლუკოზიდებს, ორგანულ მჟავებსა და მათ მარილებს, მინერალურ ნივთიერებებს, უაზოტო ნივთიერებებს, ფერმენტებს, ვიტამინებს და შაქრებს 16-32 % -მდე.

ვაზი სრულ მსხმოიარობაში შედის ზრდა-განვითარების მეოთხე-მეხუთე წელს.

კულტურის ზოგადი დახასიათება

ვაზი, ყურძენი, სუფრის

სასუფრე ყურძნის გავრცელებული ჯიშები

საქართველოში ძირითადად გავრცელებული სასუფრე ყურძნის ჯიშებიდან ნაწილი აბორიგენულია, ნაწილი კი ინტროდუცირებული.

საქართველოს რეგიონების მიხედვით გამოყოფილია სასუფრე ყურძნის ძირითადი სამრეწველო ვაზის ჯიშების სორტიმენტი, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ ქართულ და უცხოურ ჯიშებს: ქართული საადრეო, კლარჯული, ყარაბურნუ, ხალილი, კოლხური, სახალხო თეთრი, შასლა თეთრი, გორულა, ალექსანდრული მუსკატი, წითელი ბუდეშური, თბილისური, ცხენის ძუძუ, მუსკატური რქაწითელი და ცხენის ძუძუ აფხაზური.

• კლარჯული

გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში (გურიასა და აჭარის რაიონებში). ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანია, მწიფდება ოქტომბერში.

აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევანი ცილინდრულ-კონუსისებური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია.

საქართველოში გავრცელებული აბორიგენული ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.

მოჭარბებული ტენიანობის მიუხედავად კლარჯულის მარცვალი არ სკდება და, პროდუქციის ღირსება ამით არ მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ მასში გროვდება წყლის დიდი რაოდენობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ყურძნის გემოვნურ თვისებებზე. ამიტომ მიზანშეწონილია რთველის დაგვიანებით ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მარცვალში ზედმეტი წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრაციას.

• გორულა

ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი ქართული ჯიშია და ერთ ჰექტარზე, საშუალოდ 100 ცენტნერზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანია, ხორციანი და ნაკლებწვნიანი. მწიფდება შუა ოქტომბერში. შაქრიანობა 18-19 %, მჟავიანობა 5-6 %-მდე.

გორულა არის ტრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიში, გავრცელებულია მცხეთის, ახალგორის, კასპის, გორის რაიონებში და თბილისის გარეუბანში.

• თითა

გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. განსაკუთრებით ცნობილია, „ქართლური თითა“, რომელიც შიდა ქართლსა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ.

ფოთოლი კვერცხისმაგვარი ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობის. ფერად მომწვანო-მოყვითალო, მოტკბო-მომჟავო გემო და სუსტი არომატი აქვს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა, მტევნის საშუალო წონაა 151 გრ. (უდიდესი 400 გრამი). მოსავალი ჰექტარზე 56 ც აღწევს.

• შასლა თეთრი

საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, კარგი აგროტექნიკის პირობებში ძლიერმზარდი. ორმხრივი შპალერული წესით ფორმირების შემთხვევაში მოსავალი 9-13 ტონაა ჰექტარზე.

მტევნის ფორმა ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრულია. მარცვალი საკმაოდ თხელკანიანი, ელასტიური, წვნიანი და ხორციანია. მტევნის საშუალო მასა 120-200 გრამია, მარცვალში 2-3 წიპწა. სრულ სიმწიფეში მზის მხრიდან ჭორფლიანი და ოქროსფერია.

• ჰამბურგის მუსკატი

საშუალო მწიფობის პერიოდის სასუფრე (უნივერსალური) ყურძნის ჯიში. მარცვალი მსხვილი, მომრგვალო და ოვალური. კანი შედარებით მკვრივი. რბილობი ხორციანი, წვნიანი. მტევანი მსხვილი ოვალური მუქი ლურჯი მარცვლებით. გემო მკვეთრად გამოხატული მუსკატის არომატით.

ამ ყურძნის ჯიშით დამზადებული კომპოტები, წვენები, მურაბა და მარინადები გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებებით.

• მიშელ პალიერი

საშულო მწიფობის პერიოდის სასუფრე ყურძნის ჯიში. მტევანი დიდი, ცილინდრული. მარცვალი დიდი და ძალიან დიდი, ოვალური შავი იისფერი ფერის. რბილობი ხორციანი ნეიტრალური, მაგრამ ტკბილი გემოთი. კანი სქელი.

• სენთენიელ სიდლესი

ადრეული მწიფობის პერიოდის, უწიპწო სასუფრე ყურძნის ჯიში. მტევნები მსხვილი კონუსური, საშუალოდ მკვრივი. მარცვალი საშუალო, ოვალური, მოყვითალო მწვანე ფერის. რბილობი ოდნავ ხრაშუნა, სასიამოვნო ჰარმონიული გემოთი, მუსკატის არომატით. კანი თხელი, ხრატუნა.

• იტალია

გვიანი მწიფობის პერიოდის სასუფრე ყურძნის ჯიში.მტევანი მსხვილი, ცილინდრულ-კონუსური, ხშირად დატოტილი. მარცვალი ძალიან ოვალური და კვერცხისებური, მოყვითალო-ქარვისებური. კანი სქელი და მტკიცე. რბილობი ხორციანი, მუსკატის არომატით. ყურძენს გამოიყენებენ, როგორც ცოცხლად ასევე კომპოტების, მურაბების და მარინადების დასამზადებლად.

• კრიმსონ სიდლესი

გვიანი მწიფობის პერიოდის, უწიპწო, მუქი წითელი ფერის სასუფრე ყურძნის ჯიში. მტევნები საშუალო ზომის, საშუალოდ მკვრივი ან მკვრივი. მარცვლები ღია წითელიდან მუქ წითელ ფერამდე, საშუალო ზომის ოვალურ -ცილინდრული. მაღალი კვებითი ღირებულებებით, კანი მკვრივი, საჭმელად ადვილი. Gგემრიელი, ნეიტრალური არომატით.

ნიადაგის და სავენახე ნაკვეთის შერჩევა

ნიადაგის არეს აქტიური რეაქციის ოპტიმალური დონე pH=6,0-7,0 (კომპონენტი დიდად არის დამოკიდებული ჯიშებზე).

ვაზი ცოცხლობს და ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებული და დამლაშებული ნიადაგებისა.

სამრეწველო მევენახეობის განვითარებისათვის საუკეთესო ნიადაგებია: ყავისფერი, ნეშომპალა – კარბონატული, რუხი ყავისფერი (წაბლა), მდელოს ყავისფერი, შავმიწა, შავმიწისებრი, ალუვიური ნიადაგები; მაღალი ხარისხის ყურძნის მისაღებად საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან-კარბონატული, ხირხატიანი და ქვიშნარი ნიადაგები.

მევენახეობის ყველა ზონაში სავენახე ფართობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე, მოსავლის ხარისხზე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის და ქვენიადაგის თვისებებს, ფერდობების დაქანებას, კარბონატების შემცველობას, ტემპერატურულ რეჟიმს და სხვა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არ უნდა იყოს 22000C – ზე ნაკლები; ყველაზე უფრო თბილი თვის საშუალო ტემპერატურა კი 160C – ზე ნაკლები;

საქართველოში შესაძლებელია სავენახედ გამოყენებული იქნას ვაკე და დაქანებული ფართობები, მაგრამ უმჯობესია ვენახის გაშენებისათვის სამხრეთისკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ დაქანებული ფერდობების შერჩევა. განსაკუთრებით ეს ეხება მთიან ზონას, სადაც შედარებით ნაკლები სითბოა.

რაც შეეხება ფართობის დაქანებას, ამ შემთხვევაში ოპტიმალურია 10°-მდე დახრილობის ფერდობები. ტაფობ ადგილებში გაშენებული ვაზი შესაძლოა ადვილად დაზიანდეს დაავადებებით და არახელსაყრელი კლიმატური პირობების ზემოქმედებით, ხოლო 10°-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ვენახის გაშენება შესაძლებელია დატერასების შემდეგ.

ტერასის სიგანე დამოკიდებულია ფართობის დაქანების კუთხეზე: რაც უფრო მეტადაა დაქანებული ნაკვეთი, მით უფრო ვიწრო ტერასია საჭირო. ტერასის ტიპის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია აგრეთვე ნიადაგის მექანიკური შედგენილობა.

ვენახის გაშენებამდე აუცილებელია სავენახე ნაკვეთის აგროქიმიური და ენტომოლოგიური ანალიზის ჩატარება და მიღებული შედეგების შესაბამისი აგროტექნიკური და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარება.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

სავენახედ გამოყოფილი ნაკვეთი, პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს ბუჩქნარის, ხე მცენარეების და მათი ფესვებებისგან, ასევე დიდი ზომის ქვების და ზოგადად, ნიადაგის დამუშავებაში ხელის შემშლელი ნებისმიერი მცენარეული და არამცენარეული ნარჩენებისგან.

ნიადაგში არ უნდა დარჩეს ფესვები, განსაკუთრებით უნდა გასუფთავდეს ნიადაგი ვაზის ფესვებისგან, რადგან ისინი, სხვა მცენარეულ ფესვებთან ერთად, არა მარტო ხელს უშლიან ნიადაგის დამუშავებას, არამედ შეუძლიათ ლპობის პროცესში გააუარესონ ნიადაგის ფიტოსანიტარული მდგომარეობა.

თუ სავენახე ნაკვეთზე გავრცელებულია სარეველები, მათ მოსასპობად მისაღებია ნაკვეთის დამუშავება ჰერბიციდებითაც. ნავენახარ ფართობზე საჭიროა ვაზის ძირფესვიანად ამოძირკვა, ნაკვეთიდან მისი გატანა და დაწვა. თუ სავენახე ფართობზე გვხვდება უსწორმასწორო ადგილები, ხევები, ორმოები, ბორცვები და სხვა, რაც საგრძნობლად შეუშლის ხელს ნიადაგის შემდგომ დამუშავებას, ხდება ნიადაგის ზედაპირის მოსწორება შესაბამისი ტექნიკით.

გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს ქარსაფარი ზოლის მოწყობა, სარწყავი ქსელის დაგეგმვა ან სადრენაჟო ქსელის მოწყობა. თუ ნაკვეთში არსებობს წყლის დაგუბების რისკები, აკეთებენ წყლის საწრეტ ქსელებს. თუ ნაკვეთის რომელიმე უბანს, ან მთლიანად ნაკვეთს აქვს ტაფობის ფორმა ანუ ჩაზნექილია შუაში, ასეთ შემთხვევაში იღებენ ღრმა ჭას და წყალსაწრეტ არხებს მიმართულება ეძლევათ ჭისკენ.

ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნიადაგის არე pH 6,0-დან 8.0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ვაზის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ვაზის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

მოკირიანბეის ან არეს სხვა ხელოვნური რეგულირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ვენახის გასაშენებელი ადგილის შერჩევის შემდეგ ტარდება ნიადაგის პლანტაჟი, ანუ ნიადაგის ღრმად დამუშავება ნიადაგის ფენათა გადაადგილებით. პლანტაჟის ჩატარების საუკეთესო დროდ ითვლება შემოდგომა. დასავლეთ საქართველოში პლანტაჟის სიღრმე უნდა იყოს 50-60სმ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 60-70სმ. პლანტაჟი ტარდება ვაზის დარგვამდე 3-5 თვით ადრე.

თუ ვაზის გაშენება იგეგმება ნავენახარ ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია 2-3 წლიანი დაყოვნების პერიოდის დაცვა – თესლბრუნვით რეკომენდირებული კულტურების თესვის ფონზე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები და გაუმჯობესდეს ნიადაგის ძირითადი აგროსაწარმოო მაჩვენებლები.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება

ვაზის დარგვამდე 20-25 დღით ადრე პლანტაჟირებული ნიადაგი უნდა გადაიხნას გარდი-გარდმო 25-30 სმ-ის სიღრმეზე და მოსწორდეს შესაბამისი ტექნიკით (ფრეზი, ფარცხი).

ამ ოპერაციის ჩატარებამდე, ნიადაგის პლანტაჟის შემდეგ, აგროქიმიური ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე, სავენახე ნაკვეთში შეაქვთ გადამწვარი ორგანული სასუქი (ნაკელი, ტოირფნაკელიანი ან ტორფწუნწუხიანი კომპოსტი, ნეშომპალა და სხვა ორგანული წარმომავლობის ბიომასა), ასევე შეაქვთ ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები და მელიორანტები ნიადაგის ანალიზის შესაბამისად.

მიზანშეწონილია ასევე, ორგანული და მინერალური სასუქების (ფოსფორი და კალიუმი) შესაბამისი დოზებით შეტანა პლანტაჟის დროს, რათა ვაზის ფესვთა სისტემის განვითარების ზონა თავიდანვე უზრუნველყოფილი იქნას საკვები ელემენტების მარაგით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

სასუქების და მელიორანტების შეტანის და ნიადაგის მოსწორებისა და შემდეგ ნაკვეთი იგეგმება დასარგავად. ამისათვის მწკრივებს შორის დადგენილ მანძილზე (2,0 – 2,5 – 3,0 მ) გაიჭიმება მავთული და გაივლება სწორი ხაზი. შემდეგ იგივე ოპერაცია სრულდება საწინაამღდეგო მიმართულებით – რიგში ვაზებს შორის დაგეგმილ მანძილზე (1,0- 1,25-1,5 -2,0 მ) გაივლება ასეთივე მავთული და მათი გადაკვეთის წერტილში მომზადდება ორმო ნერგის დასარგავად.

ნაკვეთის დაგეგმვა მონიშვნითაც შეიძლება. ამისათვის მწკრივების გასწვრივ თავსა და ბოლოში, მწკრივებს შორის მიღებულ მანძილზე ჩაისობა პალოები, მათზე გაიჭიმება მავთული და ვაზთა შორის მანძილი აღინიშნება ჩხირების ჩასობით.

ვაზის დარგვამდე, ასევე საჭიროა დამუშავდეს ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის საკითხი და შეიქმნას მექანიზაციის ფართოდ გამოყენების პირობები. ამის მისაღწევად, რელიეფისა და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით, ტერიტორია უნდა დაიყოს კვარტლებად, თარგებად, თარგებში კი რიგების მიმართულებად.

ამავდროულად საჭიროა დაიგეგმოს საგზაო ქსელი, ქარსაფარი ტყის ზოლები და სარწყავი სისტემა. სარწყავ რეგიონებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რიგების მიმართულების შერჩევას. რიგების მიმართულება უნდა უზრუნველყოფდეს ტერიტორიის დაცვას ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისაგან, ასევე მექანიზაციის შეუფერხებელ გამოყენებას.

ვაკე ადგილებში მწკრივები უმჯობესია განლაგდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმარღთულებით, რაც უზრუნველყოფს მთელი დღის განმავლობაში მცენარეთა კარგ განათებას. თარგთა შორისი და საპლანტაციო გზების სიგანე უნდა იყოს 6 მეტრი, ტრაქტორის მოსაბრუნებელი კი 8 მეტრი.

მევენახეობის პრაქტიკაში მიღებულია ვაზის განლაგების 3 წესი: მწკრივობრივი, კვადრატული და ჭადრაკული.

დაგეგმვის მწკრივობრივი წესი ეწოდება ისეთ წესს, როდესაც მწკრივთაშორისი მანძილი მეტია მწკრივებში ვაზებს შორის მანძილთან შედარებით. კვადრატული წესით დაგეგმვის დროს მანძილები თანაბარია, როგორც მწკრივებს შორის, ისე მწკრივებში-ვაზებს შორის.

ჭადრაკული წესის დროს ცალკეული ვაზი იმყოფება ტოლფერდა სამკუთხედის ცენტრში ან უახლოესი სამი ვაზის ჯგუფი ქმნის ტოლგვერდა სამკუთხედს. აღნიშნულ წესებს შორის ყველაზე მეტი პრაქტიკული გამოყენება აქვს მწკრივობრივად დარგვის წესს. დაგეგმვის ეს წესი შეხამებულია სამუშაოების მექანიზებულად ჩატარებასა და ვაზის სასურველ ფორმირებასთან.

აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემდეგ ფართობში, ზემოთაღწერილი მეთოდით მონიშნულ ადგილებში იღებენ ორმოებს, რომლის სიღრმე 40-50 სმ-ია, ხოლო სიგანე 30 სმ.

ვენახის გაშენება და მოვლითი სამუშაოები

ვაზის დარგვა შეიძლება, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომით, თუ უკანასკნელ შემთხვევაში საშიშროება არ არის ვაზის ახალდარგული ნერგის დაზიანებისა ყინვების გამო. გაზაფხულზე ვაზის დარგვა უნა დამთავრდეს კვირტის გაშლამდე. დასავლეთ საქართველოში ვაზის დარგვა უნდა დამთავრდეს 15 მარტამდე, აღმოსავლეთში კი 1 აპრილამდე.

ნერგი. – ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იყოს პირველი ხარისხის ნერგი, რომლის ძირითადი მაჩვენებლები ასეთია: კარგად განვითარებული, არანაკლებ ორი ძირითადი ფესვი, მათი საღი ნაწილის სიგრძე არანაკლებ 12 სმ, ფესვების განლაგება ქვედა მუხლის გარშემო.

ერთწლიანი მომწიფებული ნაზარდის სიგრძე არანაკლებ 20 სმ და ფუძეში 3-4 კარგად ფორმირებული კვირტი; პირველი მუხლთშორისის შუა ნაწილში ნაზარდის სიმსხო არანაკლებ 5 მმ, ხოლო ორი ნაზარდის შემთხვევაში მათი საერთო დიამეტრი 8 მმ. ნერგის სიგრძე ქუსლიდან საძირისა და სანამყენეს შეხორცების ადგილზე 26-32 სმ. სანამყენე სრულად უნდა იყოს შეზრდილი საძირესთან, ირგვლივ შეხორცებული, მოღუნვისას მაგარი და მტკიცე, ნერგის ფესვი და ნაზარდი იყოს სუფთა ყოველგვარი სოკოვანი დაავადებებისა და მექანიკური დაზიანებისაგან.

„საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“ გვავალდებულებს, რომ სამრეწველო ვენახები უნდა გაშენდეს ნამყენი ნერგით. ნამყენი, ეს არის ფილოქსერაგამძლე საძირეზე, ქართული, ევროპული ან სხვა ვაზის ჯიშების სანამყენე მასალის მყნობით მიღებული სარგავი ვაზის ნერგი.

საქართველოში დარაიონებული ათამდე საძირედან, ძირითადად გამოყენებული ფილოქსერაგამძლე საძირეების დასახელება და ზოგადი აღწერა:

• ბერლანდიერი X რიპარია 5BB – რეკომენდებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 20 %-მდე;

• ბერლანდიერი X რიპარია SO4 – რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 17 %-მდე;

• ბერლანდიერი X რიპარია 420 A რეკომენდებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, ხასიათდება გვალვაგამძლეობით, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 20 %-მდე;

• რიპარია X რუპესტრის 3309 – რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, ხასიათდება გვალვაგამძლეობით, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 11 %-მდე;

ვენახის გაშენება უნდა მოხდეს მხოლოდ ფილოქსერაგამძლე საძირეზე დამყნილი, უვირუსო და ჯიშურად გარანტირებული სარგავი მასალით – ნამყენი ნერგით.

დარგვის წესი

ნერგის დამსხვილებული ფესვები დარგვამდე უნდა შეიკვეცოს 8-12 სმ სიგრძეზე. წვრილი ფესვები კი უნდა მოიჭრას ბაზისთან.

რაც შეეხება ნაზარდს, ის შეიკვეცება 2-3 კვირტზე. ერთწლიან ნამყენ ნერგს აქვს ძირითადად ერთი რქა, ხოლო ორწლიანებს – მეტი. ამ დროს დასატოვებლად უნდა შეირჩეს უკეთესი მდებარეობისა და განვითარების მქონე ნაზარდი. ზოგ შემთხვევებში შესაძლოა, საჭირო გახდეს სარგავი მასალის წყალში დალბობა 8-12 საათის განმავლობაში.

დარგვისას ნერგები მწკრივში ერთ სწორ ხაზზე უნდა განლაგდეს და ორმოში ვერტიკალურად იქნას ჩარგული.

დარგვის დროს უნდა მომზადდეს ნიადაგის და სასუქის (ორგანული მასის) ნარევი, 2:1 ან 3:1 შეფარდებით. საორიენტაციოდ ურევენ ერთმანეთში 5-6 კგ. გადამწვარი ნაკელს, 60 გ. ფოსფორიან და 40 გ. კალიუმიან სასუქებს. რიგ შემთხვევაში, ნიადაგის ნაყოფიერების გათვალისწინებით, მზადდება მხოლოდ ნიადაგის და ორგანული მასის ნარევი, მინერალურისასუქების გარეშე.

ორმოები უნდა იყოს 40-50 სმ სიღმისა და 30 სმ სიგანის. ორმოს სიღრმე 8-10 სმ-ით უნდა აღემატებოდეს ვაზის ნერგის სიგრძეს. Dდარგვისას ნარევი შეიტანება ორმოს ფსკერზე, შეტანილ მასას ზემოდან უნდა დაეყაროს ე.წ. დამცავი ფენა (ნიადაგის და ორგანული მასის ნარევი) 6-8 სმ სისქეზე, რათა არ მოხდეს ახლად დარგული ნერგის ფესვების კონტაქტი მინერალურ სასუქთან (მათი გამოყენების შემთხვევაში).

ნერგს შუა ადგილზე მოაყრიან ნაკელ ნარევ მიწას და მოტკეპნიან, შემდეგ ორმოს პირამდე შეავსებენ და ხელმეორედ მოტკეპნიან. ბოლოს ნერგს ფხვიერი მიწით უკეთებენ ე.წ. კოკოლას (პატარა მიწაყრილი), რომლის სიმაღლე შემოდგომით დარგვისას უნდა უდრიდეს 10-12სმ-ს, ხოლო გაზაფხულზე დარგვის დროს 6-8სმ.

ნერგის ფორმირებისთვის კალმის ზედა ნაზარდი უნდა გადაიჭრას 2 კვირტის სიმაღლეზე, ხოლო მყნობისას ადგილი 2-3 სანტიმეტრით დაშორდეს ნიადაგის ზედაპირს.

დარგვისთანავე უნდა მოხდეს ნერგის მორწყვა ნელა, რომ წყალმა მოასწროს ფესვებამდე ჩასვლა. ნერგი უნდა აიკრას ინდივიდუალურ საყრდენზე.

ამ ბოლო დროს ხშირია ვაზის მწვანე ნერგით გაშენება, რაც მკვეთრად ამცირებს ვენახის მსხმოიარობაში შესვლის პერიოდს. ხარისხიანი ნერგი მოსავალს III-IV წელს გვაძლევს, ხოლო მწვანე ნამყენი ნერგი – 1 წლით ადრე.

დარგვის შემდეგ საჭიროა ნარგავის სისტემატური დათვალიერება, კოკოლების შესწორება, ამონაყრებისა და სანამყენედან გამოტანილი ფესვების მოცილება.

გავრცელებული კვების არეები: ვაზის ჯიშების ზრდის ინტენსივობის და მექანიზაციის გამოყენების გათვალისწინებით შესაძლებელია სხვადასხვა კვების არით მათი დარგვა. პრაქტიკაში ძირითადად იყენებენ შემდეგ კვების არეს: მანძილი მწკრივთა შორის 1,5 – 2 – 2,5 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,2 – 1,5 – 2 მ. შესაბამისად, 1 ჰა-ზე შეგვიძლია დავრგოთ 2000 -3333 – 3500 ძირი ნერგი.

ახალგაშენებული ვენახის მოვლა

გაშენების პირველ წელს პლანტაჟის გავლენით გაადვილებულია ნიადაგის დამუშავება. რეკომენდებულია ჯვარედინი კულტივაციის ჩატარება (მწკრივების გასწვრივ და პერპენდიკულარულად). იგი ამცირებს ხელით დასამუშავებელი მიწის ფართობს და აადვილებს სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას.

ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გაშენების პირველ წელს ნიადაგის გაფხვიერება. ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგი 3-4-ჯერ ფხვიერდება 10-12 სმ-ის სიღრმეზე. პირველი წლის შემოდგომაზე საჭიროა მოხვნა 18-20 სმ-ის სიღრმეზე და ვაზისათვის მიწის შემოყრა.

ვენახის გაშენების მეორე წელს ადრე გაზაფხულზე, ვენახი უნდა მოიხნას ნაზურგად, ვაზს შემოეცალოს მიწა და მწკრივები გაითოხნოს.

გამორგვა. ახლად გაშენებულ ვენახში თითქმის ყოველთვის წარმოიქმნება მოცდენილი ადგილები. ასეთ შემთხვევაში პირველი წლის შემოდგომაზე, ან მეორე წლის გაზაფხულზე გაცდენილი ადგილები უნდა გამოირგოს იგივე ჯიშის ნერგით.

დანორმება. საჭიროა პირველივე წელს შეირჩეს ორი უკეთესი მდგომარეობისა და განვითარების ყლორტი (დანარჩენი ყლორტები კი უნდა მოსცილდეს). თუკი ეს ღონისძიება ადრეულ ვადებში ჩატარდება, მალევე შემცირდება საკვები ნივთიერებების უსარგებლო ხარჯვა მცენარის გამოუსადეგარ ნაწილებზე. სავეგეტაციო პერიოდში ძირითად ყლორტზე განვითარებული ნამხრევები უნდა მოცილდეს მანამ, სანამ ისინი ნორჩ მდგომარეობაში იმყოფებიან. წლის მანძილზე საჭიროა ამ ოპერაციის 3-4-ჯერ ჩატარება.

საყრდენი სისტემა

ცნობილია ვაზის როგორც საყრდენიანი, ასევე უსაყრდენო ფორმები.

საყრდენი საშუალებებებიდან ძირითადად გავრცელებულია ორი მეთოდი: ცალკეული ვაზების დაყენება სარზე და შპალერის მოწყობა.

ვაზის დაყენება სარზე – საქართველოში ზოგიერთ რეგიონებში ძირითადად გამოიყენებოდა ცალკეული ვაზების დაყენება ერთ სარზე.

შპალერის მოწყობა – სასუფრე ყურძნის წარმოებისთვის ვაზის საყრდენ სისტემებს შორის ყველაზე გავრცელებულია შპალერის ტიპის საყრდენის მოწყობა. ამ ტიპის საყრდენი სისტემისათვის საჭიროა ბოძები, საყრდენი და მავთული, ცალკეული მწკრივების მიხედვით. შპალერული სისტემა შესაძლებელია მოეწყოს როგორც სტანდარტული ვერტიკალურ-სწორხაზოვანი ფორმით, ასევე T-ს მაგვარი საყრდენი სისტემით, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება სასუფრე ყურძნის წარმოების და რეალიზაციის სპეციფიკას.

პრაქტიკაში, მცირე ფართობებზე, სასუფრე ყურძნის საწარმოებლად უმჯობესია მოეწყოს ტალავერის ტიპის საყრდენი სისტემაც.

მსხმოიარე ვენახის მოვლა

აუცილებელია, რომ ვენახში ნიადაგის ზედა ფენა მუდმივად იყოს გაფხვიერებულ მდგომარეობაში.

შემოდგომით ნიადაგის დამუშავება შესაძლებელია დაიწყოს მოსავლის აღებისთანავე. პირველად ითოხნება მწკრივები, ხოლო შემდგომ კი მოიხვნება ნაღარად, ვაზის ძირებზე მიწის მიყრით. მოხვნის სიღრმე უნდა იყოს 20 სმ. ნიადაგი უნდა დამუშავდეს გაზაფხულზეც: ამჯერად 15 სმ-ის სიღრმეზე.

გაზაფხულზე ნიადაგის დამუშავება უნდა დაიწყოს ნიადაგის სათანადოდ გაშრობისთანავე. გასათვალისწინებელია, რომ ეს ღონისძიება უნდა დასრულდეს კვირტების გაღვიძებამდე.

დასავლეთ საქართველოს პირობებში ძირითადი მნიშვნელობა აქვს ვენახის ნიადაგის დამუშავებას გაზაფხულზე. შესაბამისად, ამ არეალში ნაკლებად მიზანშეწონილია ნიადაგის დამუშავება შემოდგომით.

ზაფხულში ვენახის ნიადაგი მუშავდება 7-10 სმ-ის სიღრმეზე. ამ ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს სარეველების შემცირება და ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება. ის უმთავრესად ტარდება სხვადასხვა ტიპის კულტივატორების გამოყენებით.

გასხვლა –  ვენახის გასხვლა შესაძლებელია ჩატარდეს ზამთარში (ფოთლების ჩამოცვენიდან ორი კვირის შემდეგ) და გაზაფხულზე (კვირტების დაბერვამდე).

პირველი გასხვლისას, დარგვიდან მეორე წელს ვაზს უტოვებენ ორ, კარგად განვითარებულ ქვედა კვირტს. მეორე გასხვლის დროს შეირჩევა უფრო განვითარებული რქა და გაისხვლება 3-4 კვირტზე.

მესამე წელს, ფორმირების წესის მიხედვით, ვაზის გასხვლა შესაძლებელია შტამბის გამოსაყვანად. ამ დროს არჩევენ კარგად განვითარებულ რქას და სხლავენ შტამბის სიმაღლეზე. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე სუსტია, შტამბს გამოიყვანენ მომდევნო წელს.

ვაზი, გასხვლა

შტამბის გამოყვანის დასრულების შემდეგ ტოვებენ ორ რქას, საიდანაც ერთს სხლავენ მოკლედ, 2-3 კვირტზე, რის შედეგადაც მისგან მიიღება სამამულე რქა. მასზე ვითარდება ფორმირების ელემენტები. მეორე რქას გრძლად სხლავენ – ვინაიდან საღვინესთან შედარებით სუფრის ყურძნის ვაზის ჯიშები უფრო ინტენსიური ზრდისაა – 10-12 კვირტზე და მისგან ვითარდება სანაყოფე რქა.

გასხვლისას საჭიროა შემდეგი ზოგადი წესების გათვალისწინება:

• ყველა ჭრილობა უნდა იყოს გლუვი;

• შტამბის დადაბლებას მიმართავენ მხოლოდ უკიდურესს შემთხვევაში;

• ჭრილობა შეძლებისდაგვარად ყოველ წელს უნდა იყოს ერთ მხარეს;

• სანაყოფე რქა უნდა მდებარეობდეს სამამულე რქაზე მაღლა;

• სანაყოფე და სამამულე რქები უნდა მდებარეობდეს ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და არ უნდა წარმოადგენდეს ერთმანეთის გაგრძელებას;

ყლორტების დანორმება  – ზედმეტი ყლორტების შეცლა, რაც წარმოადგენს სხვლის ოპერაციის გაგრძელებას, ყლორტების შეცლა წარმოებს ორ ეტაპად: პირველი – ახალგანვითარებული ყლორტი უნდა შეეცალოს ვაზის შტამბსა და მრავალწლიან ნაწილებს. მეორე – ზედმეტი ყლორტების შეცლა წარმოებს მაშინ, როდესაც შესაძლებელია მოსავლიანი და უმოსავლო ყლორტების გარჩევა . ტყუპი ყლორტებიდან ეცლება ერთ-ერთი. პირველ რიგში უმოსავლო, ხოლო შემდეგ სუსტად განვითარებული ყლორტი.

ყლორტების წვერის წაწყვეტა  – ითვალისწინებს უკეთესი პირობების შექმნას ვაზის დაყვავილებისათვის. იგი ყვავილცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებაა, ამიტომ ეს ოპერაცია ისეთ ჯიშებზე უნდა გამოვიყენოთ, რომელთაც ახასიათებს ჭარბი ყვავილცვენა. წვერის წაწყვეტისას ყლორტებს უნდა მოცილდეს 3-4 სმ სიგრძის ნორჩი წვერის ნაწილი. ეს სამუშაო ვაზის ყვავილობამდე 3-4 დღით ადრე უნდა ჩატარდეს.

ნამხრის შეცლა  – ვაზის განვითარების სიძლიერის მიხედვით ტარდება 2-3 ჯერ და სრულდება ყლორტების ახვევასთან ერთად. რამდენადაც ადრე შეეცლება ნამხარი, იმდენად ძირითადი ყლორტი უკეთ განვითარდება. ნამხრის გადაზრდის შემთხვევაში მთლიანად შეცლას ჯობს მისი წვერის წაწყვეტა ერთი-ორი ფოთლის დატოვებით.

ცის გახსნა  – განათებისა და აერაციის უკეთესი პირობების შექმნისათვის ცის გახსნა წარმოებს ვაზის ზრდის შენელების პერიოდში, ივლისის მეორე ნახევარში. ყლორტები უნდა გადავჭრათ ზედა მავთულიდან 4-5 მუხლის შემდეგ. მისი ნაადრევი ჩატარება ნამხრევებისა და მომავალი წლის კვირტების განვითარებას იწვევს, რაც შემდგომი წლის მოსავალზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ვენახის განოყიერების სისტემა შედგება: დარგვამდე, რგვის დროს, ახალგაზრდა და მსხმოიარე ვენახის განოყიერებისაგან.

ვენახში შესატანი საკვები ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

• აზოტი N-1,9-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე;

• ფოსფორი P-0,16-0,25%/მშრალ ნივთიერებაზე;

• კალიუმი K- 1,0-1,5%/მშრალ ნივთიერებაზე;

• მაგნიუმი Mგ-0,22-0,42%/მშრალ ნივთიერებაზე;

• კალციუმი ჩა-1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.

დარგვამდე განოყიერება

დარგვამდე განოყიერებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსხმოიარე ვაზის ფესვთა სისტემის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ნიადაგის 20-60 სმ ფენაში. შესაბამისად, ნიადაგის ნაყოფიერების უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი ორგანული (ნაკელი და სხვა) და მინერალური (ფოსფორ-კალიუმიან) სასუქებით უზრუნველყოფა.

მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე რეკომენდირებულია პლანტაჟის წინ შეტანილი იქნეს 60-80 ტ ნაკელი, მსუბუქ ნიადაგებზე 90-120 ტ. შავმიწებზე 40 ტ. დანარჩენი ტიპის ნიადაგებზე 60ტ ნაკელი.

ნაკელის და ზოგადად, ორგანული სასუქების ჩასანაცვლებლად იყენებენ სიდერატებს, რომელთა ჩახვნას აწარმოებენ პლანტაჟამდე ერთი წლით ადრე, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის შემცველი მინერალური სასუქების შეტანა ხდება პლანტაჟის დროს.

ამ სასუქების შეტანის საორიენტაციო რაოდენობაა: P100-150 კგ/ ჰა. თუმცა უკეთესია პლანტაჟის წინ ამ ნორმის ორ – სამჯერ გადიდება – 250-300 კგ/ ჰა (მოქმედი ნივთიერება), რათა, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ვაზის ფესვთა სისტემის განვითარების ზონა თავიდანვე უზრუნველყოფილი იქნას საკვები ელემენტების მარაგით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

უშუალოდ ნერგის დარგვის დროს განოყიერება აღწერილია ნერგის დარგვის წესის ქვეთავში.

ახალგაზრდა ვენახის განოყიერება

თუ პლანტაჟისა და რგვის დროს შეტანილია მინერალური და ორგანული სასუქები, ახალგაზრდა ვაზი განოყიერებას აღარ საჭიროებს. მხოლოდ მესამე – მეოთხე წლიდან იწყება 30- 40 კგ/ჰა(მ.ნ.) აზოტიანი სასუქის გამოყენება.

თუ პლანტაჟის ან დარგვის დროს ორგანული და მინერალური სასუქები არ იქნა შეტანილი, მაშინ ნიადაგში საკვები ელემენტებით ძალზე დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიტანება (მ.ნ.) 60-80კგ/ჰა აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველი სასუქები. დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში 40-60 კგ/ჰა, საშუალო უზრუნველყოფისას 30-40 კგ. ძალზე მაღალი უზრუნველყოფის შემთხვევაში სასუქი საერთოდ არ შეაქვთ.

მსხმოიარე ვენახის განოყიერება

მსხმოიარე ვენახში სასუქების ნორმები დაზუსტებული უნდა იქნეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების, ტენით უზრუნველყოფის, მცენარის მდგომარეობის, ფოთლებში საკვები ელემენტების შემცველობის, წინა წლის მოსავლის დონის და ხარისხის მიხედვით.

თუ პლანტაჟის დროს შეტანილია ნაკელი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, მსხმოიარობის დასაწყისში რეგულარულად შეაქვთ მხოლოდ აზოტიანი სასუქები.

საორიენტაციო-საშუალო დოზები მსხმოიარე ვენახში, 1 ჰექტარზე, მოქმედ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით შეადგენს: 40-50 ტ ორგანული, 90-180 კგ აზოტიანი, 90-120 კგ ფოსფორიანი და 60-120 კგ კალიუმიანი სასუქი.

ორგანული სასუქების შეტანის პერიოდულობას ადგენენ ნიადაგში ჰუმუსის შემცველობის მიხედვით: დაბალი უზრუნველყოფისას 2-3 წლის შემდეგ, საშუალო – 3-4, მაღალი 4-5 და ძალიან მაღალი უზრუნველყოფისას 5 წლის შემდეგ. ორგანული სასუქებიდან შეაქვთ ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები, შერეული კომპოსტები, ჭაჭა და სხვა ანარჩენები.

აზოტიანი სასუქებიდან ვენახის გასანოყიერებლად გამოიყენება ამონიაკური, ამონიაკურ-ნიტრატული და ამიდური ფორმის სასუქები, ფოსფორიანი სასუქებიდან – წყალში ხსნადი ერთჩანაცვლებული ფოსფატები, კალიუმიანი სასუქებიდან – კონცენტრირებული კალიუმიანი სასუქები. ეფექტურია კომბინირებული (NPK) სასუქების გამოყენება.

ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების ვაზის კულტურის ქვეშ შეაქვთ შემოდგომაზე გადახვნის (გადაბარვის) წინ 18-22სმ სიღრმეზე. უფრო ეფექტურია მათი სამ წელიწადში ერთხელ შეტანა 40-60სმ სიღრმეზე. ნაკელი, როგორც წესი, შეტანილ უნდა იქნას შემოდგომით. იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ვაზის ფესვთა სისტემა, სასუქების შეტანა და ნიადაგში ჩაკეთება უმჯობესია მოვახდინოთ მწკრივის გამოტოვებით. (ნაკელის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, დაცული უნდა იყოს მის შენახვის წესები – აგროკავკასია).

აზოტიანი სასუქების 2/3 ნაწილი ნიადაგში შეგვაქვს ადრე გაზაფხულზე, წვენთა მოძრაობის დაწყების წინ, 1/3 ნაწილი კი დამატებითი გამოკვების სახით ყვავილობის წინ ან დამთავრების შემდეგ. წილადობრივი შეტანით მცირდება აზოტის ჩარეცხვითი და აქროლებადი დანაკარგები, იზრდება მისი გამოყენების კოეფიციენტი.

მიკროელემენტების დეფიციტის შემთხვევაში ვენახში აუცილებლად უნდა იქნეს შეტანილი მიკროსასუქები.

მიკროსასუქებიდან გამოიყენება ბორის მჟავა, თუთიის სულფატი, მოლიბდენმჟავა ამონიუმი, მანგანუმის შლამი და სპილენძის სულფატი. თუ ვაზს რამდენიმე მიკროელემენტი აკლია, უმჯობესია მათი ერთთდროულად შესხურება. დანახარჯების შემცირების მიზნით, უმჯობესია მიკროსასუქების ხსნარების შესხურება ბორდოს ხსნართან ან სხვა ისეთი პრეპარატების ხსნარებთან ერთად, რომლებიც მიკროელემენტებს უხსნად ფორმაში არ გადაიყვანენ.

მევენახეობაში ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველი ხსნარებით ფესვგარეშე გამოკვების ჩატარება. ამ მიზნით იყენებენ ბორის, თუთიის, მანგანუმის, სპილენძის და სხვა ელემენტების შემცველი ნივთიერებების სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს. პირველ შესხურებას აწარმოებენ ყვავილობის წინ და შემდგომში საჭიროების და მიხედვით რამდენჯერმე იმეორებენ.

ვენახის ტენით უზრუნველყოფა

ვაზი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია შეთვალებისას და სიმწიფის დასაწყისში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

მორწყვა წვეთოვანი სისტემით. ერთი მორწყვის ნორმა: 50-70 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 16-20 -ჯერ.

მორწყვა მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით. ერთი მორწყვის ნორმა: 500-600 კუბ./მ 1 ჰა-ზე. მორწყვის რაოდენობა სეზონის განმავლობაში: 4-5-ჯერ.

მოსავლის აღება-შენახვა

სასუფრე და შესანახი ყურძნის ჯიშების კრეფის დროს, ადგენენ გარეგნული ნიშნების მიხედვით, ორგანოლეპტიკური შემოწმებით, მარცვლის დარბილებით, ყუნწიდან ადვილად მოცილების უნარიანობით და სხვა.

შესანახად განკუთვნილი ყურძენი უნდა მოიკრიფოს მაშინ, როდესაც შაქრებისა და მჟავების ფარდობითი კოეფიციენტი ჯიშების მიხედვით მიაღწევს გარკვეულ ზღვარს (მაგ. სუფრის გორულისათვის 22-26; რქაწითელისათვის 25-26).

შესანახი ყურძენი უნდა დაიკრიფოს შერჩევით, უპირატესობა ენიჭება მტევნებს ერთნაირი ზომის, შეფერილობისა, დაუზიანებელი და კარგად განვითარებული მარცვლებით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კრეფისას, რომ არ მოხდეს მტევნის ცვილის, იგივე პრუინის დაზიანება. დაუშვებელია ყურძნის ძირში გადაჭრა. აუცილებელია გარკვეული სიგრძის ყურნწით დატოვება. ყურძენი ლაგდება თითოეულ ფენად შესაბამის ტარაში.

ყურძენი ინახება შესაფერის ტემპერატურის მქონე სამაცივრე დანადგარებში. დაუშვებელია თუნდაც მცირედ დაზიანებული ნაყოფის შენახვა. ყურძნის შენახვის ოპტიმალური ტენიანობაა 85-90 %; შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა კი 0 – +10 C, ასეთ პირობებში ყურძნის შენახვა შესაძლებელია 2-6 თვის განმავლობაში.

რთველი დროულად უნდა დაიწყოს და რაც შეიძლება მოკლე დროში დამთავრდეს, რომ გარანტირებული იქნეს ტიპობრიობისა და ქიმიურ კომპონენტთა ოდენობითი მაჩვენებლების დაცვა.

შემდგენლები:

როზა ლორთქიფანიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო კელენჯერიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ლევან შავაძე – სოფლის მეურნეობის მაგისტრი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა