ბატის ხინკალი – უძველესი მესხური საახალწლო კერძი (ვიდეო)

2732 Views

ბატის ჩაშუშული (ხინკალი) – უძველესი მესხური საახალწლო კერძი

ერთ–ერთი კერძი, რომელიც მესხეთის სოფლებში, ახალ წელს აუცილებლად მზადდებოდა, ბატის ჩაშუშულია – ბატის გამხმარი ხორცისგან მომზადებული ხინკალი. ძველი ტრადიცია, სპეციალურად „სამხრეთის კარიბჭესთვის“, სოფელ ხიზაბავრაში, მექოშვილებმა გააცოცხლეს.

ბატის ჩაშუშული ბატის გამხმარი ხორცისგან მზადდება. როგორც დიასახლისი გვიხსნის, ბატს, ნოემბერში, პირველივე ყინვის შემდეგ კლავდნენ. გასულ წლებში, თითო ოჯახი, 10–15 ბატს კლავდა, ბუმბულს აცლიდა და ბალიშების შესაკერად იყენებდა, გასუფთავებულ ფრინველს კი ჯერ ერთი კვირის განმავლობაში მარილიან წყალში ალბობდა, შემდეგ თბილ წყალში რეცხავდა და გარეთ, გასახმობად კიდებდა. ახლა ბატს ერთეულები კლავენ და ისიც, მხოლოდ რამდენიმეს.

ბატი

როგორც კი გამოშიგნული და გასუფთავებული ბატი კარგად გახმება, მისი ხორცი უკვე მზადაა სხვადასხვა საჭმელში გამოსაყენებლად. ერთ–ერთი, ყველაზე გავრცელებული კერძი, ბატის ჩაშუშული ხინკალია, რომელსაც ახალ წელს, ახლაც ამზადებენ.

ბატის ჩაშუშულის მოსამზადებლად საჭიროა:

→ ბატის გამხმარი ხორცი;

→ ფქვილი;

→ მარილი;

→ წყალი;

→ ერბო;

→ ბატის ხორცი;

→ ხახვი.

ცომი იზილება ცივი წყლით, უნდა დაემატოს ცოტაოდენი მარილი. მოზელის შემდეგ, ცომს გუნდებად ამზადებენ და დაახლოებით ნახევარ საათს ტოვებენ იმისათვის, რომ დაისვენოს და დარბილდეს.

ვიდრე ცომი დაისვენებს, ხინკლის შიგთავსი მზადდება, – გამხმარ ხორცს ჭრიან კუბიკებად. შემდეგ ცომს იქამდე შლიან, ვიდრე თხელი ფენა არ გახდება, კუბიკებად ჭრიან და მასში ხორცს ალაგებენ. კუბიკებად დაჭრილ ცომს პირები ისე უნდა შეუკრათ, რომ სივრცე დარჩეს მასში წყლის შესასვლელად, გამზადებული ხინკალი ცხელ წყალში იხარშება.

ბატი, ხინკალი

მოხარშვის დროს გემოვნებისთვის ამატებენ ერბოს (შინაური დამდნარი კარაქი), მარილს და პილპილს. ზოგი ჭურჭელში ხორცისგან გასუფთავებულ ძვლებსაც აწყობს. უკვე მოხარშულ ხინკალს ზემოდან ასხამენ ერბოში მოშუშულ ხახვს და ისე მიირთმევენ.

თინათინ ზაზაძე, გიორგი ლონდარიძე, ასპინძა.
წყარო: sknews.ge

1203Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB