ქართული ლუდის ისტორია და მომზადების ტექნოლოგია

ლუდი

ქართული ლუდის ისტორია

რა ისტორიული წანამძღვრები ჰქონდა საქართველოში ლუდის გამოყენებას? როგორია მისი გენეზისი, წარმოშობის გზები, რა წვლილი აქვთ ქართველებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურის განვითარებაში?

ლუდის წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხორბლეულის კულტურა, მასთან დაკავშირებული სამიწათმოქმედო იარაღების განვითარებულობა და კულტურულ-გენეტიკური კავშირები იმ ცენტრებთან, სადაც ლუდის წარმოებას დაედო სათავე.

მსოფლიოში ცნობილი 17 სახეობის ხორბლიდან 12 საქართველოში ითესებოდა,  ადგილობრივი წარმოშობისაა მახა და ზანდური-გარდამავალი ჯიშები ველურიდან კულტურული ხორბლის ჩამოყალიბების გზაზე. ესაა მოვლენა უნიკუმი, სელექციის უტყუარი ფაქტი, სადაც საინტერესოდ იკვეთება მრავალდარგოვანი სამეურნეო ცხოვრების გრძელი გზა.

საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია, ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით გამორკვეული და დადასტურებულია.

რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე.

ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით ბარი და მთა გაყოფილია ვაზის გავრცელების არეალითაც. იქ სადაც ვაზი ხარობს ის ტერიტორია ბარადაა მიჩნეული, ხოლო სადაც არ ხარობს, მთად. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.

ლუდი მთის ყოფაში

 საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული და ლუდით იყო გაწმენდილ-გაპატიოსნებული, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ-მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული.

საინტერესოა, რომ როცა შუაკაცებით მოჩხუბრები არ რიგდებოდნენ, მაშინ ხატის სახელით დაანამუსებდნენ. მოჩხუბართ ჯვრის კარზე მიიყვანდნენ. დამნაშავეს ლუდით სავსე თასს მისცემდნენ, რაც უკვე იმას ნიშნავდა, რომ შერიგების ნაბიჯი მას პირველს უნდა გადაედგა,  უნდა დაედასტურებინა მოშუღარის მიმართ სიტყვებით “ეს თასი შენი პატივისა იყოს”, ეს იმას ნიშნავდა, რომ უკან იხევდა და თავის დანაშაულს აღიარებდა. ასეთი შერიგება ლუდის გარეშე არ შედგებოდა, რაც ამ სასმელის მიმართ კიდევ ერთი დიდი პატივისცემის გამოხატულებად უნდა იქნეს მიჩნეული.

კიდევ რამდენიმე ტრადიცია, რომელიც პირიქით ხევსურეთში იყო გავრცელებული: სოფ. ახიელში, წინაშუადღის დღესასწაულისას, იმართებოდა გასართობი, სასეირნო სანახაობა – “ქალის მოტაცება”. ორ ჯგუფად გაყოფილი სოფლებიდან ერთნი იტაცებდნენ ქალს, ხოლო მეორენი არ ანებებდნენ და იმართებოდა “ხელჩართული ბრძოლა”.

ამ თეატრალიზირებულ დადგმაში საბოლოოდ ერთი კაცი “იჭრება” და სამკურნალოდ უნიშნავდნენ  ლუდის დალევას, ხოლო გატაცებულ ქალს, რომელმაც კარგად შეასრულა თავისი როლი, დიდი პატივით საწდეთი მიართმევდნენ ლუდს. ამ თამაშობაში მონაწილეობას ღებულობდნენ მგლოვიარე ქალებიც, რომლებიც, მიუხედავად  თავისი მდგომარეობისა, საერთო მხიარულებაში იყვნენ ჩართულნი და მათაც პატივისცემისა და გლოვისაგან ახსნის ნიშნად მიერთმეოდათ ლუდი.

ინიციაციის უძველესი წესის გამოხატულებას წარმოადგენს ლუდის დალევით ახალგაზრდის სრულფასოვან მამაკაცად აღიარება. ხევსურეთში თოთხმეტი წლის ახალგაზრდას ლუდის დალევის უფლება ჰქონდა. ამ დროიდან იგი “მასმურად” ითვლებოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ლუდის გამოხდის დროს ასეთი ახალგაზრდებიც  საერთო მსმელთა სიაში შეეყვანათ და მათზე ჩვეულებრივ ყოფილიყო  გათვალისწინებული ლუდი.

რაც შეეხება, პატარა ბავშვებს, დღესასწაულის დროს მათაც ასმევდნენ ერთ მომცრო კათხა ლუდს და შუბლზე ნახშირის წასმით დანიშნავდნენ, ხელმეორედ რომ არ ეცადათ დალევა.

ლუდის სარიტუალო დანიშნულება

ლუდის სარიტუალო პროცესების სათავეში დგას ხევისბერი. ხევისბრობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საკრალური თანამდებობა იყო.

ეს სახალხო დავალება, უპირველს ყოვლისა, მას ხატსა და ხალხს შორის შუამავლობას აკისრებდა.

ხევისბერის აუცილებელი მოვალეობაა, რომ ყოველი ხატობის წინ იწმინდაოს (ქრისტიანულად რომ ვთქვათ, შეინახოს ყველანაირი მარხვა), ამიტომ იგი სახლში კი არა, ხატის საბეროში დგება და განმარტოებით ცხოვრობს მცირე სამარხვო საკვებით.

ჩვეულებრივი დღესასწაულის დროს ლუდის დაყენება ხდებოდა ჯვარის სალუდეში. კოდის გახსნისა და დალოცვის შემდეგ ლუდი ჩხუტებით გამოჰქონდათ საჯარეზე და იწყებოდა საერთო სმა, ზოგიერთ ხატში საჯარე დაცული იყო ქარ-წვიმისაგან და ადამიანებს ჰქონდათ საშუალება ნორმალურად მოწყობილიყვნენ.

მაგრამ სადაც ასე არ იყო და ხალხს სიცივეში არ დაედგომებოდა მაშინ სოფელში ერთი, კარგად გამართული სახლის ჭერხოში მოაწყობდნენ დასასხდომებს, გაამზადებდნენ სუფრას და საღამოსათვის ყველანი იქ მოიყრიდნენ თავს.

ახალგაზრდა ბიჭები ამ დროს უკვე ხატში არიან წასული ლუდის მოსატანად. ისინი მივლენ სალოცავის  კართან, ქვაბებს დასდებენ და დაილოცებიან. დარბაზში მყოფი ჯვარიონი ერთსულოვნად მიესალმება მოსულთ. თასებით ლუდს შეასმევენ, აუვსებენ ქვაბებს, რომელთა სახელურებში კეტებია გაყრილი და გამოატანენ სოფელში.

სოფელში მოტანილ ლუდს ხალხი ფეხზედგომით შეხვდებოდა და ერთხმად იტყოდა “ლუდი წინა ვაჟებო, გამტან ბედნიერი, მაგვიხეით მშვიდობით”. მელუდეთ ცეცხლთან დასვამდნენ, გამოკითხავდნენ ჯვარიონის ამბებს, შემდეგ მოიტანდნენ ყველანაირ სასმისებს და უფროს-უმცროსობით, პირველი სადღეგრძელოთი იტყოდნენ მიცვალებულთა შესანდობარს.

თუშ-ფშავ-ხევსურეთში ლუდის სარიტუალო დანიშნულება კარგადაა გამოხატული მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ დღესასწაულებზე. ესაა გარდაცვალებულთა საპატივცემულოდ გამართული – წლისთავი (ფშავში), საქნარი (ხევსურეთში) და წლის ალუდი (თუშეთში), რომელთაგან ამ შემთხვევაში უფრო საინტერესოა თუშური ალუდი-ალუდები.

ამ რიტუალების მთავარი დედააზრია სიამოვნების მინიჭება და პატივისცემა მიცვალებულთა სულებისათვის, რაც გამოიხატება მათდამი სუფრის გაშლით, დატირებით  და დოღის გამართვით.

გარდაცვლილის სახლში იმართება დიდი პურობა, რომელიც მიმდინარეობს სარიტუალო ლუდის სმით და როცა სუფრა აიშლება და სტუმრები წავლენ, მასპინძლები მათ სოფლის გასასვლელამდე გააცილებდნენ.

იქ ერთხელ კიდევ შეავსებენ ლუდით თასებს და კოდ-მესაფუვრეს დალოცავენ: “ვისაც კოდმეკოდეობის წესრიგი  დაეყენებინოს და დღეს აღარ იყვნენ მათი შესანდობარი იყოს”.

ლუდის მოხმარების ასე ფართო სარიტუალო დანიშნულება კიდევ ერთი საბუთია ლუდის, როგორც საკულტო სასმელის უძველესობისა საქართველოს მთიანეთში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიური რწმენის ყველაზე უადრეს ფორმასთან – ანიმიზმთან.

როგორ ამზადებდნენ ლუდს საქართველოში 

მთიელისათვის ლუდი ნაციონალური სასმელია, რაც განუწყვეტლად სდევს მის ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორც საერო, ასევე საკულტო-სარიტუალო წესთმსახურების შესრულებისას, ყველა სამეურნეო საქმიანობა ლუდის გამოხდასთანაა დაკავშირებული და თითქოს ლუდით იხსნება იმ ღვთაებრივი  სამყაროს კარიბჭე, რომლის იქით ღმერთები ცხოვრობენ.

ალბათ ამიტომაა ქართველ მთიელთა ლუდის გამოხდის ტრადიციები დახვეწილი, წარმოების პროცესით მდიდარი, ხელ-ჭურჭლით მრავალფეროვანი და მოხმარების წესით ორიგინალური.

საზოგადოდ, ლუდის გამოხდა-დაყენებას მთიელები მიმართავენ როგორც სარიტუალო მიზნებისათვის, ასევე საოჯახო მოხმარებისათვისაც. ისინი ლუდს ძირითადად ქერისაგან ადუღებდნენ.

ხატის ბეღლიდან გარჩეულ-გასუფთავებულ მარცვალს დასტური  ჩაყრის  თხის ბალნისაგან წმინდად მოქსოვილ ტომრებში და წაიღებს  მდინარეზე დასალბობად. მთლიანად წყლით დაფარულ მასას 2-3  დღე ამყოფებენ წყალში.

მესამე დღეს დამბალი ქერის ტომრებს ნაპირზე გამოზიდავენ და ზედ დიდ სიპებზე დაალაგებენ, რათა ქერი კარგად დაიწუროს წყლისაგან. შემდეგ ტომრებს წაიღებენ ერთ რომელიმე გამორჩეულ სახლში, რომელსაც აქვს ფართო, სუფთა და ქერის დასაღვივებლად მოსახერხებელი ჭერხო.

ჭერხოში ტომრებს წამოაპირქვავებენ, ქერს გადმოყრიან და გაშლიან ერთი ციდის სიმაღლეზე და ზემოდან გადააფარებენ მშრალ ნამჯას და ასე დაათბუნებენ, რათა ქერი გაღვივდეს – ამ პროცესს “ფორის დადება” ეწოდება.

3-4 დღეში, ქერის მარცვალი თითქმის ერთ სანტიმეტრიან ბუსუსებს გამოიღებს და დაღვივდება.საერთოდ, ლუდის დუღების სამზადისი დღესასწაულის დაწყებამდე 7-8 დღით ადრე იმართება, რასაც ხევსურეთში “ქვაბების დაყრას” უწოდებენ, თუშეთში კი ქვაბების “შეკიდებას”.

დასტურები მოიტანენ ფორის ფქვილს, აწყავენ საწყავით და რამდენ საწყაოსაც ჩაყრიან ქვაბში, იმდენ საწყაო წყალს დაასხამენ. ესაა საუკეთესო პროპორცია. ქვაბში ჩასხმული ქერისა და წყლის მასას გამუდმებით ურევენ, რათა ფქვილი არ შეიკოლტოს და ფსკერზე არ დადგეს.

ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მხარშველები ცეცხლის ზომას. როგორც წესი სალუდე მასა დუღილის განმავლობაში ჯერ იმატებს და რომ არ დაიღვაროს, ცალკე ქვაბში გადააქვთ, რათა შემდგომი დუღილისაგან  დაკლებულ მასას კვლავ დაუმატონ. როცა მთლიანი მასა სასურველ სიმაღლეზე დაიკლებს, ხარშვის პროცესი უნდა დამთავრდეს.

ამის შემდეგ ქვაბს გამოუნელებენ ცეცხლს, წვენს გემოს გაუსინჯავენ და თუ იგი  არის მოტკბო, სქელი და წებოვანი, ეს მანიშნებელია დუღების ციკლის დასასრულისა. ცეცხლგამონელებულ ქვაბს, რამდენიმე ხანს ადროვებენ, რომ ნახარშის უხეშმა მასამ ძირზე დაიწყოს დალექვა. რამდენიმე ხანში ქვაბის ზედა ნაწილი ისე გაიწმინდება, რომ მას გაწურვა არ სჭირდება და პირდაპირ გადაიღებენ სხვა ჭურჭელში.

ლუდისათვის სვია არის საუკეთესო საკაზმავ-შესანელებელი მცენარე, რომელიც სრულყოფილ თვისებას აძლევს ლუდს. სვია უძველესიდან ხარობდა საქართველოში, მაგრამ ძალიან ცოტაა და ისიც უხარისხო მის მთიან ნაწილში. ამიტომ ხევსურები და ფშაველები სვიას ან ყიდულობდნენ (ძირითადად ცვლიდნენ ნატურალურ  საქონელზე – ყველი, მატყლი, საკლავი) ან თავად მიჰქონდათ წინასწარ შეგულებული ადგილებიდან.

ლუდი საუკეთესო მაშინ გამოვა, თუკი სვია ფორის რაოდენობისა დაეყრება. ასეთი პროპორციით მიცემული სვია ლუდს “სიმწარესა და თრობას” აძლევს.

სვიის ფუებას ხევისბერი წარმართავს, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ამ საქმეს შეალია და გამოცდილებაც ყველაზე მეტი აქვს. ამავე დროს, ამ პროცესში, უკვე შემოდის რაღაც მისტერიული სულისკვეთება, იმის აშკარა გამოხატულებით, რომ ფუება შეუძლია მხოლოდ იმ კაცს, ვინც ღმერთსა და ხალხს შორის შუამავალია. აქედან  ლუდის, როგორც სარიტუალო სასმელის ხასიათი იკვეთება და ის უკვე გამოდის ჩვეულებრივი ყოფითი პრაქტიკის ფარგლებიდან.

ამ პროცესში კიდევ ერთხელ და მერამდენედ გამოიცდება ხევისბერის ავტორიტეტი საკრალიზაციის მთელი არსენალით, რის გამოც ის შერჩეული იქნა თავის დროზე ხალხსა და ღვთაებათა შორის მეკავშირედ.

მესაფუვრე ხევისბერი რამდენ კოდ სისწვენს “შაჰყრის” და გაამზადებს ასადუღებლად საფუვრისათვის იმდენჯერ უნდა განბანოს. რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ლუდი სარიტუალო სასმელია, ხოლო ლუდის ფუება – გაცოცხლების სიმბოლო, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული განგების ნებასთან. ამიტომ ლუდის გამომხდელი სუფთა უნდა იყოს სხეულითაც და სულითაც.

დადუღებულ ლუდს ვერცხლის სახუცო თასით ამოიღებენ და კოდთან დადგამენ. გადაახვევენ რამდენიმე  სანთელს ერთად და კოდზე დააკრავენ. პატარა სანთლებს ვერცხლის ლუდიან თასს მიაკრავენ და ხევისბერი დაიწყებს ხატ-ჯვარის დიდებას.

ლოცვის შემდეგ ლუდს მოსვამს, მერე წრეში დაატრიალებს და საბოლოოდ მასთან მისულს თავადვე გამოცლის. მთიელთა შეხედულებით ლუდი უნდა იყოს სქელი, ხშირი, სვიანი, მომწარო-მოტკბო და ფერიანი – “ყორნის თბესავით შავი”.

მთიელმა კარგად იცის ლუდის ფასი, მისი ცხოვრების სიხარულიანი დღეები ლუდთანაა დაკავშირებული, მძიმე შრომისაგან დაღლილს ლუდი აძლევს ახალი ძალ-ღონის მოკრეფის საშუალებას, და ერთი მისი ნატვრაც ლუდის გამოულევლობითაა ნაოცნებარი: “დგომაც ქნა შავის ლუდისა. გათავდის წესიმც არ იყვა.”

ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან “ქართული ლუდი”
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

თქვენი რეკლამა