წყავი – დეკორატიული და სამკურნალო მცენარე

წყავი, სამკურნალო, დეკორატიული

წყავი (ლათ. Prúnus laurocérasus) მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. აშენებენ, როგორც ხეხილს, ასევე დეკორატიული მიზნით.

წყავის სახეობებიდან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი წყავი.

წყავის სამშობლო დასავლეთ საქართველო და მცირე აზიაა. წყავი მარადწვანე ბუჩქი ან ხეა, რომელიც სიმაღლით 12 მეტრამდე და მეტსაც აღწევს. ფართო პრიალა, ოვალური ფოთლებით. ყვავილები წვრილია, თეთრი ფერის არომატული. ნაყოფი-შავი კენკრაა.

მოიცავს დაახლოებით 25 სახეობას. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ანტილიის კუნძულებზე.

წყავი გვხვდება კავკასიონის ტყეებში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე. სხვა მარადმწვანე მცენარეებისგან განსხვავებით, ის ყინვაგამძლე მცენარეა იტანს -250С –მდე ყინვებს.

წყავის კულტურულ ჯიშთა ნაყოფი (რბილობი) გამოიყენება ნედლად და წარმოადგენს სიცხის დამწევ საშუალებას. წყავის თესლი და მასში არსებული გული საჭმელად უვარგისია და შხამიანი. წყავის ნაყოფებისგან ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს, ფოთლებისაგან იღებენ „წყავის წყალს“, რომელიც მედიცინაში გამოიყენება, ფოთლები შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელსაც იყენებენ ტყავის წარმოებაში.

მწიფე წყავის ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებას, შაქრებს. მცენარე შეიძლება გამოყენებულ იქნას დეკორატიულ მებაღეობაში, ქარსაფარად და ფერდობების გასამაგრებლად.

წყავი

წყავის ნაყოფს მრავალი კვებითი, დიეტური და სამკურნალო მნიშვნელობა აქვს, მედიცინაში გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მიღებულია ფოთლებისა და მცენარის სხვა ნაწილებიდან. ამასთან წყავის ნაყოფში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ უნარი ადამიანის ორგანიზმში გააუვნებელყონ მავნე რადიოაქტიური ნივთიერებანი.

წყავი, რომელიც მარადმწვანე და ზომიერი კლიმატური პირობების მიმართ გამძლე მცენარეა, წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ქარსაფარ ზოლებში, დეკორატიულ ნარგაობაში, რადგან იგი გასხვლას კარგად იტანს და თავისუფლად შეიძლება მიეცეს სასურველი დეკორატიული ფორმა. მისი მერქანი მკვრივია და გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობათა დასამზადებლად.

დასავლეთ საქართველოს პირობებში წყავის მცენარე სავეგეტაციო კვირტების ზრდას იწყებს დეკემბრის მეორე ნახევრიდან, როდესაც საშუალო დღეღამური ტემპერატურა 70C-ია. წყავი ყვავილობას იწყებს აპრილის პირველ დეკადაში და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 8-15 დღეს.

წყავი უხვად მოყვავილე მცენარეა, პირველი მასიური ყვავილობისას საშუალოდ მცენარეზე წარმოიქმნება 2-დან 9 ათასამდე, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში 11 ათასამდე საყვავილე ისარი (მტევანი).

წყავი

წყავზე, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიმჩნევა მეორე ყვავილობა, ჩვეულებრივ იგი აღინიშნება სექტემბრის შუა რიცხვებში და იშვიათად გრძელდება ოქტომბრის თვის მეორე დეკადამდე. ამ პერიოდში განვითარებული ყვავილების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე პირველი მასიური ყვავილობის შემთხვევაში.

წყავის მცენარზე ნაყოფის მომწიფება დასავლეთ საქართველოს პირობებში იწყება ივლისის პირველ-მეორე დეკადაში და მთავრდება ივლისის მეორე-მესამე დეკადაში. თუმცა, ცალკეულ საადრეო ან საგვიანო ჯიშებში განსხვავებულ ვადებში ხდება ნაყოფის მომწიფება.

მიუხედავად იმისა რომ, წყავი ძვირფასი კულტურაა და დასავლეთ საქართველოს ხელსაყრელი ნიადაგური და კლიმატური პირობებია, მისი ნარგაობა სამრეწველო სახით არ შენდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ნაკლებადაა შესწავლილი მცენარის ბიოეკოლოგიური თავისებურებანი, ნაყოფის ქიმიური შედგენილობა, მოსავლიანობა და სხვა.

წყავის ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩვეულებრივი წყავი, შავნაყოფა ტკბილი (ნაკიფუ), თეთრნაყოფა ტკბილი წყავი, ხოლო წყავის ფორმებიდან: ფორმა M14 (შავნაყოფა ჩლოუ), ფორმა 28 (წითელნაყოფა მსხვილი), ფორმა 29 (შავნაყოფა ტკბილი), ფორმა 33 (მოვარდის-ფრო), ფორმა 40 (შავნაყოფა ნარაზენი).

რეზო ჯაბნიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

თქვენი რეკლამა