წითელი ნემსიწვერას სამკურნალო თვისებები

969 Views

წითელი ნემსიწვერა (ლათ. Geranium sanguineum L) ნემსიწვერასებრთა ოჯახს ეკუთვნის, მრავალწლიანი ბალახია. 30-50 სმ სიმაღლის ღერო სწორმდგომი ან წამოწეულია. უხვად არი დატოტვილი და აბურძგნილი ბეწვით დაფარული. ბეწვითაა დაფარული აგრეთვე ყვავილების ყუნწები, ჯამი და ფოთლების ყუნწები.

გარეგნული მოხაზულობით ფოთლები მომრგვალო-თირკმლისებრია და 5-7 სეგმენტადაა გაყოფილი. თითოეული სეგმენტი, თავის მხრივ, 5-7 ნაწილადაა დანაკვთული.

ყვავის სისხლისფერ-წითელი ყვავილებით ივნის-ივლისის განმავლობაში, ზოგჯერ აყვავებულ ეგზემპლარებს სექტემბერშიაც კი ვხვდებით. ყვავილის გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებრია და 15-20 მმ სიგრძისაა. თითო ყუნწზე თითო ყვავილია მოთავსებული.

დიდი რაოდენობით გვხვდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, უფრო მეტად — შეთხელებულ ტყეებში, ტყისპირას, ტყის მასივებში არსებულ ველებსა და დაბლობებზე, აგრეთვე ღია ადგილებშიც. მთაში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე აღწევს.

წითელ ნემსიწვერას საქონელი ხალისით ძოვს, ამასთან გამხმარს უფრო გემრიელად შეექცევა. მისი ფოთლები, ღერო და ფესვები მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით. ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება.

ფართოდ იყენებენ ვეტერინარიაშიც თურქულისა და საქონლის ეგზემის სამკურნალოდ.
წითელი ნემსიწვერას ფესურა კუჭშემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო გავლენას ახდენს კუჭაშლილობის, კუჭ-ნაწლავის კატარის, დიზენტერიის დროს;

გარეგან სახმარადაც უნიშნავენ, კერძოდ ნაყენის ტამპონებს ცხვირიდან სისხლდენის დროს. ნაყენის კომპრესი საუკეთესო საშუალებაა კანის დაავადებების მარგულის (წყლულის ერთ-ერთი სახეობა), კანის ანთებადი ქავილის და სხვათა სამკურნალოდ.

დასალევად იღებენ ცივი წყლით გამონაწვლილს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჭიქა ცივ წყალს და 8 საათის განმავლობაში დგამენ (ერთი დღის დოზა). ამავე გამონაწვლილს ხმარობენ ტამპონების და კომპრესებისათვის.

წითელი ნემსიწვერას ნახარშით იბანენ თავს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

agrokavkaz-geranium-citeli-frei-bodendecker-storchschnabel

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

33Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB