წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე

3506 Views Comment Off

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ სიმსხოს ხეებიც. ყლორტები თეთრმეჭეჭებიანი მოყავისფრო ქერქიანია. ხნიერი ტოტები კი ნაცრისფერკანიანია, ღეროს ქერქი მუქი-მოყავისფროა, ღრმად დაღარული.

10-25 სმ სიგრძის ლანცეტა, კიდეხერხკბილა, ზემოდან შიშველი ან სუსტად შებუსვილი, ქვემოდან დატოტვილი ბეწვებით შებუსვილი, ტყავისებრი ბოლოწვეტიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.

ერთსახლიანი მცენარეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვითელი ყვავილები გრძელ აღმამდგომ თავთავისებრ მჭადა თანაყვავილედებშია შეკრებილი, რომელთა სიგრძე 10-35 სმ ფარგლებში მერყეობს, სიმსხო კი 1 სმ-მდე აღწევს. თანაყვავილედთა უმეტესობა კი მხოლოდ მამრობითი ყვავილებისაგან შედგება.

ნაყოფი ერთთესლიანი, ტყავისებრ კანიანი კაკალია. სამ-სამი, იშვიათად 1-7 ნაყოფი ბურთისებრ მრგვალი და ხშირეკლებიან საერთო საბურველშია გახვეული, რომელიც მომწიფებისას 4 სეგმენტად სკდება და ნაყოფები სცვივა.

წაბლი იფოთლება აპრილ-მაისში, ყვავის ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება და სცვივა სექტემბერ-ოქტომბერსა და ზოგჯერ ნოემბერში, რამდენიმე წლის განმავლობაში ერთხელ უხვად ნაყოფმსხმოიარობს, ცოტა კი თითქმის ყოველ წელს ასხია. გავრცელებულია უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, სამეგრელო, რაჭა, იმერეთი, აჭარა, გურია).

აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სურამ-ქვიშხეთში, ცხინვალის რეგიონში, კახეთში ალაზნის მარცხენა ნაპირზეა გავრცელებული ახმეტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. გავრცელებულია ბარსა და მთის შუა სარტყელში ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე.

ამ ნაშრომის ავტორთა მიერ შიდა აჭარაში არცთუ იშვიათად აღწერილია 1700-1800 მეტრზეც ზღვის დონიდან. მაგრამ საუკეთესო ზრდით ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გამოირჩევა.

ხშირად შერეულია მუხასთან, წიფელთან, სოჭსა და რცხილასთან. ერთ ჰექტარზე წაბლის მარაგი მისთვის ზრდის ოპტიმალური პირობებში 400-600 კუბმეტრს შეადგენს. იგი მეზოფიტი და სიცივის ნაკლებ ამტანი ჯიშია. კარგად იზრდება ტენით უზრუნველყოფილ ღრმა ნოყიერ ნიადაგებზე მთის შუა სარტყელში.

მისი მერქანი მეტად მაღალხარისხოვანი და ფრიად გამძლეა ლპობისა და მავნე ენტომოფაუნის მიმართ. ფართოდ გამოიყენება მშენებლობასა და საავეჯო წარმოებაში, სხვადასხვა სახის საყრდენ მასალად სოფლის მეურნეობაში. ვიტამინებით მდიდარი მწვანე ნეკერი ფართოდ გამოიყენება მეცხოველეობაში.

ნაყოფი 60 პროცენტამდე სახამებელს, 15 პროცენტამდე შაქრებს, თითქმის 6 პროცენტამდე ცილებს და 2 პროცენტამდე ცხიმებს შეიცავს. მეტად ყუათიანია და კარგი გემოთიც გამოირჩევა, განსაკუთრებით მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში.

გამოიყენება ტორტების, შაქარლამის, ნაყინის, კანფეტების და სხვა კულინარიული ნამზადისათვის. ხმელი წაბლის ფქვილით ამდიდრებენ პურის ფქვილს, იყენებენ ყავის შემცვლელად. საუცხოო საკვებია როგორც გარეული, ასვე შინაური ცხოველებისათვის. საშუალო საჰექტარო მოსავალი ტყეში 1 ტონამდე აღწევს.

წაბლის თითქმის ყველა ორგანო ტანინებით მდიდარია (მერქანში 8-18, ქერქში — 10, ნაყოფის ეკლიან საბურველში — 8-20, ახლად ჩამოცვენილ ფოთოლში — 12, დაცვენილ ყვავილედებში — 13 პროცენტი).

ფართო შესაძლებლობები ისახება მისი მთრიმლავი ექსტრაქტების წარმოებაში დასანერგავად. ამ მიმართებით ნედლეული საკმაოდ უნდა იყოს, რადგან ჩამოცვენილი ფოთლების მასა ერთ ჰექტარზე 2000 კგ, თანაყვავილედები — 400 და ეკლიანი საბურველი 800 კგ შეადგენს.

წაბლი ფართოდ ცნობილი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა.

ფოთლები K ვიტამინითა და ტანინებით სიმდიდრის გამო ხალხურ მედიცინაში შიდა ორგანოებში სისხლჩაქცევების დროს გამოიყენება.

ქერქისაგან მაღალხარისხოვანი მელანი მზადდება. ყლორტები, ფოთლები და ნაყოფის კანი შავად და მუქყავისფრად ღებავს ქსოვილებს, საღებავად გამოიყენება ქერქიც.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum) სამკურნალო მცენარე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
522 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1376 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB