ურთხელი, უთხოვარი – სასარგებლო მცენარე

ურთხელი, უთხოვარი

ურთხელი, უთხოვარი (Taxus baccata L.) ურთხელისებრთა ოჯახის 20-25 (32) მ სიმაღლის ორსახლიანი ხეა 1,5 მეტრამდე დიამეტრითა და მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით.

ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. მისი სქესგაყოფილი ყვავილები ცალ-ცალკე გაბნეულია ვარჯში. უთხოვარს არ აქვს გირჩები, მისი ნაყოფები „უთხოვრის კენკრის“ სახელით მოიხსენიება.

თესლები მურა ფერისაა, მაგარი, ოვალური, რომელსაც მთლიანად ან ნაწილობრივ გარს ეკვრის ჯამისებრი ლილვაკი. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია, თუმცა უთხოვრის წითელი ხორციანი, ჟელეს მაგვარი ნაყოფსაფარი აბსოლუტურად უვნებელია და საკვებადაც ვარგისია.

საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა, საუკუნეების განმავლობაში დაუზოგავი გაძლიერებული ექსპლუატაციის გამო.

ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე. მდ. ალაზნის ზემოწელში, პანკისის ხეობაში.

უთხოვარი, ურთხელი

ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მ სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს.

მიუხედავად საკმაოდ ვრცელი არეალისა, ამჟამად გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. საუცხოოა გამწვანებისათვის.

უთხოვარი, ურთხელი

საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს. ქერქისგან ხდიან წებოს.

ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია. მათ ადრე დასავლეთის ქვეყნებში საკვებად აძლევდნენ მეწველ საქონელს წველადობის გაზრდის მიზნით. წიწვებს იყენებდნენ გულის სამკურნალოდ და წყლისადმი შიშის დასაოკებლად.

ურთხელი, უთხოვარი

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.

*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ აგრეთვე: ჩვეულებრივი ანუ ევროპული ურთხელი, უთხოვარი

თქვენი რეკლამა