სამკურნალო მცენარეები-ტყის კამა (Peucedanum Caucasicum (M. B.) c Koch)

331 Views Comment Off

ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. ტყის კამა 30-120 სმ სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა. მისი წვრილად დაღარული, გულგულით ამოვსებული ღერო განივჭრილში მრგვალშემოწერილობისაა და შუა და ზედა ნაწილში დატოტვილია.

ღეროს ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები ფრთისებრ ორ-სამჯერაა დაყოფილი; ბოლო სეგმენტი ფართო სოლისებრ-რომბული ან კვერცხისებრ-რომბულია. ფოთლის ყველა სეგმენტის კიდე მსხვილადაა დაკბილული; ღეროს კენწრული ნაწილის ფოთლები ძლიერ დაკნინებულია, სამადაა გაყოფილი ან მარტივი და ლანცეტა ფორმისაა.

კენწეროსა და ფოთლების იღლიებიდან ამოსული ტოტების ბოლოებზე განლაგებული უთანაბრო სიგრძის ქოლგები მრავალრიცხოვანი, 6-10 (16) სხივით: ქოლგას საერთო საბურველის ფოთლები არა აქვს. კერძო საბურველი 2-3 ჯაგრისებრ ფოთლისაგან შედგება და ქოლგას აღემატება.

თითისტარისებურად გამსხვილებული ფესვი ოდნავ მოყვითალო-თეთრია; ფესვის ყელი გამხმარი ფოთლების ყუნწების მუქწაბლისფერ ქეჩისებრ ბოჭკოებშია გახვეული.

ყვავის ივნისს-აგვისტოში მოყვითალო ყვავილებით. გავრცელებულია ბარში. მთაში ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლემდე გვხვდება. ხშირია მუხნარებში; კარგად ვითარდება საშუალო და დაბალი სიხშირის ტყის კორომებში; შედარებით მცირე რაოდენობით იზრდება ფიჭვნარებში, ფიჭვნარ-ნაძვნარებში და სოჭნარ-ნაძვნარებში, ბუჩქნარებში და პატარა ყალთაღებში.

ნორჩი ღერო და ფესვი იჭმება მოხარშული, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. საქონელი ხალისით ძოვს განსაკუთრებით ჩვილ ღეროსა და ფოთლებს.

ფესვები შეიცავს ფურიკუმარინ პეუცედანინს, რის გამოც მცენარეს დაერქვა სახელწოდება — Peucedanum Morisonii Bess., რომელიც დასავლეთ ციმბირში, ყაზახეთსა და ალტაიშია გავრცელებული.

ამ ბოლო დროს მედიცინაში გამოიყენება, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატ თიოფოსფამიდის მოქმედების გამაძლიერებელი საშუალება. ამიტომ ამ პრეპარატთან ერთად პეუცედანინი ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში გამოიყენება.

ამ მიმართებით ჩვენს ტყეებში გავრცელებული ტყის კამა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და ელოდება გულდასმით ფარმაკოლოგიურ გამოკვლევებსა და მრავალმხრივ კლინიკურ ცდებს.

ხალხში ტყის კამის ფესვებს იყენებდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად. შარდმდენ და ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებად, მასვე ხმარობდნენ ძვლებში ე.წ. «მტვრევის» შეგრძნების საწინააღმდეგოდ.

t_gorichnik_kama_agrokavkaz_1011

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB