სამკურნალო მცენარეები-სელიჭა (Linaria Vulgaris Mill-Льнянка обыкновенная)

166 Views Comment Off

შავწამალასებრთა ოჯახში შედის. სწორმდგომღეროიანი, 90 სმ-მდე სიმაღლის, მრავალწლიანი მცენარეა. ხაზურ-ლანცეტა ან ხაზურ, მახვილწვერიანი, შიშველი, 2-7 მმ სიგრძის მჯდომარე ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. ორტუჩა, დეზიანი, ქვედა ტუჩზე კაშკაშა ნარინჯისფერი ამონაბურცვით (ზოჯერ ამონაბურცვი კაშკაშა ყვითელია), ყვითელი ყვავილები, აღმმდგომ კენწრულ მჭიდრო მტევანშია შეკრებილი.

ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. ოვალური კოლოფა ნაყოფი ჯამზე ორჯერ უფრო გრძელია. შავი თესლები ბადროსებრია სიფრიფნა არშიით.

იზრდება მთის შუა სარტყლამდე მთის ტყიან ზონაში, როგორც სარეველა და რუდელარული მცენარე მდელოებსა და მინდვრებზე, ტყისპირებში, გზებისა და ბილიკების პირას საქართველოს ყველა რაიონში. მართალია ვრცელი არეალით ხასიათდება, მაგრამ სელიჭას მარაგი არც თუ დიდია.
სელიჭას ღერო და ფოთლები ალკალოიდ პეგანინს შეიცავს, გარდა ამისა, მოიპოვება ფოანიდური გლიკოზიდების (ლინაონი და სხვ.) ფიტოსტერინი, ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ორგანული მჟავები.

სელიჭას ექსტრაქტის ექსპერიმენტულმა შესწავლამ ცხოველებში გამოავლინა მისი გამხსნელი თვისება. ექსტრაქტის გამოყენებამ ნაწლავთა ატონიით, მეტეროიზმითა და ხანგრძლივი კუჭშეკრულობით შეპყრობილ ავადმყოფებში დადებითი შედეგები გამოიღო.

სელიჭას ფოთლებიდან მიღებულმა ალკალოიდმა პეგანინმა 0,01 გ. დოზით დღეშ სამჯერ, 30 დღის განმავლობაში განაპირობა იმ ავადმყოფთა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელთაც მუსკულატურის პროგრესული დისტროფია ჰქონდათ, გაიზარდა მუსკულატურის ძალა, კიდურების სახსრებში გაიზარდა აქტიურ მოძრაობათა მოცულობა.

მიოპატიით ავადმყოფთა პეგანინით მკურნალობისას 3 კვირის შემდეგ აღინიშნა ძალის მომატება კიდურების მუსკულებში, გაიზარდა მოძრაობის უნარი და სხვა.

ხალხურ მედიცინაში სელიჭას საფაღარათო და შარდმდენ საშუალებად იყენებენ. ერთ მუჭა აყვავებულ სელიჭას 1 ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, დგამენ რამოდენიმე წუთს, წურავენ, გემოვნებით უმატებენ შაქარს და თითო სუფრის კოვზს იღებენ ყოველ 1 ან 2 საათში. სელიჭას თესლის ნახარშს ამზადებენ თანაფარდობით: 15-30 გ 1 ლ მდუღარე წყალზე და თითო ჩაის კოვზს იღებენ დღეში რამდენიმეჯერ, როგორც საფაღარათო და ნაღვლისდენის გამაძლიერებელ საშუალებას.

40,0 გ სელიჭას 1 ლ მდუღარე წყალზე დაყენებულ ჩაის ღვიძლის სამკურნალოდ ხმარობენ. სელიჭას იღებენ აგრეთვე ბუასილის დროს მალამოს სახით: 1 ნაწილი სელიჭას ყვავილები, 1 ნაწილი მუხის ქერქი, 1 ნაწილი წყლის წიწაკა (წალკი). ყოველივე ამას ერთმანეთში ურევენ, 12 საათის განმავლობაში აყენებენ გამდნარ ღორის ქონზე (ე.ი. გამდნარ ქონში ურევენ), დროდადრო ურევენ, შემდეგ აცხელებენ და წურავენ. მალამოთი ჟღენთავენ დოლბანდის ნაჭერს და იგი სწორ ნაწლავში შეყავთ 4-5 საათით. აღინიშნება ტკივილების გაყუჩება და ანთებითი მოვლენების შემცირება. სისხლისდენის შეჩერება. სელიჭას ნახარშის მოსამზადებლად იღებენ 20,0 გ ბალახს, რომელსც 0,5 მმ სიგრძის ნაწილებად აქუცმაცებენ, ასხამენ ოთახის ტემპერატურის 1 ლ წყალს, ადუღებენ 30 წუთს, მაშინვე წურავენ რომელსაც შარდმდენ და ნაღველისდენის გამაძლიერებელ საშუალებად იყენებენ.

აღსანიშნავია სელიჭას ბუასილის საწინააღმდეგო ეფექტიც. ამ მიზნით გამოიყენება მალამო, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ნაწილ ბალახს 5 ნაწილ ღორის ქონში აცხელებენ, წურავენ და მალამოს იცხებენ ბუასილურ გამონაზარდებზე (სწორი ნაწლავის კიდეზე გარეთ გამოსულ მსხვილ მეჭეჭისებრ გამონაზარდებზე). ამავე მალამოთი სარგებლობენ ეგზემის მკურნალობაში, აგრეთვე სირსველის წინააღმდეგაც.

სელიჭას მოსახლეობა ოთახის მწერების მოსასპობადაც იყენებს, ე.ი. მას ინსექტიციდური თვისებაც გააჩნია, ამ მიზნით ნედლ ბალახს იყენებენ. იგი ცხენებისათვის საწამლავი ბალახია.

სელიჭას ჩაის (40,0 გ 1 ლ მდუღარე წყალზე) სვამენ ნაწლავთა გაბერვისა და ღვიძლის დაავადებათა დროს. სიყვითლის დროს ნეგოსთან შერევით, ორივე 15-15 გ. 10 გ სიმინდის «ულვაშის» დამატებით. ყველა ამ ნარევს, 40,0 გ. იღებენ 1 ლ წყალზე. ამავე ნარევს წყლით გამონაწვლილის სახით იღებენ თირკმლების სამკურნალოდ (ჩაი მთელი ღამე იდგმება თბილ ღუმელში და დილით იწურება).

წყლიანი ნაყენი გამონაწვლილი შემდეგი ნარევისაა: 1 ნაწილი სელიჭა, 1 ნაწილი ღიღილოს ფურცლები, 1 ნაწილი კორდისკბილა. ამ ნარევს ასხამენ მდუღარე წყალს და 8 საათს დგამენ. ამ ხსნარში დასველებულ ნაჭერს ანთებინ თვალებზე იფენენ. შველის სიყვითლის დროს თვალებში არსებული დაჩირქებებს და საერთოდ მხედველობას აუმჯობესებს. ამ პროცედურების კეთებას ავტორი მთელი თვეების განმავლობაში ურჩევს სრული სისუფთავის დაცვით ამავე სითხის თვალში ჩაწვეთებითაც. დადებითი შედეგი მხოლოდ ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ შეიმჩნევა.

lnjanka_seliwa_020202098476777555

*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB