ქართული ყოჩივარდა – სამკურნალო მცენარე

ყოჩივარდა, სამკურნალო

ქართული ყოჩივარდა (ლათ. Cyclamen vernum Sm.) ფურისულასებრთა ოჯახში შედის. იგი მრავალწლიანი ტუბერისმაგვარი განიერფესვურიანი მცენარეა.

ქართული ყოჩივარდა ადრე გაზაფხულზე, ცისთვალას, თეთრყვავილასა და სხვა ადრე მოყვავილე, ტყის კალთის ქვეშ მოზარდ ყვავილებთან ერთად წითელი (მოვარდისფრო) ლამაზი ყვავილებით ამკობს ჩვენს ტყეებსა და ბუჩქნარებს.

ზემოდან და ქვემოდან შებრტყელებული, მომრგვალო ფესვურის სიმსხო 2-4 სმ ფარგლებში მერყეობს. ფესვები ფუნჯისებრია და ტუბერის ქვედა მხარეს ვითარდება. ფოთლები გულის მოყვანილობისაა, ზოგჯერ მოგრძო კვერცხისებრ გულისნაირი, კიდემთლიანი, ზემოდან მოთეთრო-მომწვანო ლაქებით.

საერთოდ ყვავილების ყუნწები სწრომდგომია, მაგრამ ყვავილობამდე და ყვავილობის ჟამს თავდახრილი, დაყვავილების შემდეგ კი სპირალურად ეხვევა და თესლი მიწაში ჩააქვს.

ყოჩივარდას ჩვენში გავრცელებული ყველა სახეობა შხამიანია და ყველა ცხოველს წამლავს, გარდა ღორისა.

გამხმარი ტუბერი ტოქსიკურობას ჰკარგავს და მისი საკვებად გამოყენება შეიძლება.

მრავალრიცხოვანი წითელი ყვავილებით და თეთრლაქებიანი ფოთლებით ყოჩივარდა ლამაზი მცენარეა, იგი ფართოდ ინერგება დეკორატიულ მებაღეობაში; სელექციონერებმა გამოიყვანეს მისი საბაღო ფორმებიც.

ყოჩივარდა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ღვიძლის და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, ფრონტიტის და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს.

სისტემატიური თავის ტკივილების დროს ცხვირის ნესტოებში ფესურის თბილ წვენს იწვეთებენ.

ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ნერვიული აღგზნებულობის დროს.

რეკომენდებულია აგრეთვე ნევრალგიის, საჭმლის მონელების მოშლის, გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალების და რევმატული ტკივილების შემთხვევებში.

იყენებენ ფესურის ნაყენს წყალზე ცხელ მდგომარეობაში (1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა 2 ჭიქა წყალზე, ორი დღის დოზა), ან სპირტიან ნაყენს (1გ ნედლეული 10გ 70 გრადუსიან სპირტზე). 30-40 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.

samkurn_yochiv_20193720

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა