მჟაველა ჩვეულებრივი

მჟაველა ჩვეულებრივი (Oxalis Acetosella L) მჟაველასებრთა ოჯახში შედის. მჟაველა 5-10 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ფესვურიანი მცენარეა, რომელსაც მიწის ზედა ღერო არ გააჩნია.

ფესვის ყელიდან ჯგუფურად ამოსული სამყურა ფოთლები გრძელყუნწიანია. ფოთოლაკები უკუკვერცხისებრი მოყვანილობისაა.

ყვავის აპრილ-აგვისტოს განმავლობაში თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო ყვავილებით. ფართოდაა გავრცელებული უმთავრესად ხშირ ტყეებსა და ბუჩქნარებში. განსაკუთრებით ნაძვნარ-სოჭნარებში და წიფლნარებში, გვხვდება ჩრდილო ფერდობებზე დასახლებულ ფიჭვნარებშიაც.

მჟაველა

ფოთლებში 0,9 პროცენტამდე თავისუფალი მჟავები და მათი მარილები მოიპოვება (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ქარვისა და სხვა მჟავები). მათშივე მოიპოვება 150 მგ. პროცენტამდე C ვიტამინი, A პროვიტამინი და რუტინი. ფოთლებისაგან მომზადებული სასმელი კარგად კლავს წყლის წყურვილს. იგი თაფლოვანი და ფრიად დეკორაციული მცენარეა.

ლიტერატურაში არის ცნობა იმის შესახებ, რომ თუ ძროხამ მჟაველა ჭამა, ნაღებისაგან ცხიმის გამოყოფა თითქმის შეუძლებელი ხდება.

მჟაველა

ფოტო: ო. ვ. ტომე „გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ფლორა“ 1885 წ.

მედიცინაში მჟაველას ნედლ მდგომარეობაში გამოყენება რეკომენდებულია ღვიძლის დაავადების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის, სიყვითლის, თირკმლების დაავადების, სურავანდის დროს, აგრეთვე პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ. გამოიყენება ახალი, დაუმჭკნარი ფოთლები.

მჟაველა

საჭიროა სიფრთხილე, რადგან ხანგრძლივი გამოყენებისას აზიანებს თირკმელს. ხალხურ მედიცინაში იგი გამოიყენება აგრეთვე, როგორც შარდმდენი საშუალება, უხვსისხლიანი მენსტრუაციის და ათეროსკლეროზის დროს.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა