ხურმის კვებითი და სამკურნალო ღირებულება

ხურმა, სამკურნალო

სუბტროპიკული ხურმა (Diospyros Kaki L) ჩინური წარმოშობის მცენარეა, რომელიც საქართველოში შემოტანილი იქნა იტალიიდან მე-19 საუკუნის ბოლოს.

ხურმა ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლით 5-12 მ, ფორმით ოვალურია, გამოირჩევა მაღალი ყინვაგამძლეობით (-200C-მდე) და უხვმოსავლიანობით. პლანტაციების უმეტესი ნაწილი გაშენებულია დასავლეთ საქართველოში, მაგრამ საკმაოდ გვხვდება ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილის ცალკეულ რეგიონებში.

სუბტროპიკული ხურმის რამდენიმე ჯიში

ცნობილია სუბტროპიკული ხურმის ათეულობით ჯიში. ჩვენს პირობებს კარგად შეეგუა და გავრცელება ჰპოვა შემდეგმა ჯიშებმა: ჰაჩია, ჰიაკუმე, ჩინებული, ფუიუ და სხვ.

ჰაჩია ითვლება საუკეთესო სამეურნეო ჯიშად. იგი იძლევა მუქი ნარინჯისფერი-მოწითალო შეფერილობის დიდი ზომის წაგრძელებულ-კონუსური ფორმის ნაყოფს, რომლის სიმაღლე 75,4 მმ-ია, დიამეტრი 72,0 მმ, ხოლო მასა 400-500 გ. ნაყოფი უთესლოა, მკვრივი კანით, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, გამოირჩევა სასიამოვნო ტკბილი გემოთი. დამწიფებამდე ნაყოფის რბილობს ახასიათებს სიმწკლარტე. ნაყოფი ხასიათდება შენახვისა და ტრანსპორტაბელობის კარგი უნარით.

ჰიაკუმე ჩენში ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიშია, მას „კარალიოკს“ უწოდებენ. ნაყოფი თესლიანია (6 ცალამდე), საშუალო და დიდი ზომის (120-400 გ), მომრგვალო ფორმის, ორივე მხრიდან შებრტყელებული, ღია ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერ-მოწითალო შეფერილობის კანით. ნაყოფი სიმაღლით საშუალოდ 60,7 მმ-ს აღწევს, ხოლო დიამეტრით _ 67,9 მმ-ს. მწიფდება ნოემბერში, რბილობი გამოირჩევა  სასიამოვნო გემოთი, არ არის მწკლარტე; გამოირჩევა კარგი შენახვის უნარიანობით და ტრანსპორტაბელობით.

ფუიუ ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია ჩვენს პირობებში, იძლევა საშუალო და დიდი ზომის (150-250 გ), მომრგვალო-მობრტყელო ფორმის მოყვითალო ელფერის, მუქ- წითლად შეფერილ ნაყოფს. რბილობი მოყვითალო-ნარინჯისფერია საშუალოდ წვნიანი, სასიამოვნო გემოს, არ ახასიათებს სიმწკლარტე. ნაყოფი შეიცავს მცირე რაოდენობით თესლს ან უთესლოა, მწიფდება ნოემბრის დასაწყისში, გამოირჩევა კარგი შენახვის უნარიანობით.

საგემოვნო თვისებების მიხედვით სუბტროპიკული ხურმის ჯიშებს პირობით სამ ჯგუფად ყოფენ: მწკლარტე (ჰაჩია და სხვ.), რაც ქრება ნაყოფის დარბილებასთან ერთად; ტკბილი (ფუიუ და სხვ.); ცვალებადი, ძირითადად „კარალიოკები“ (ჰაიკუმე და სხვ.).

ხურმის ნაყოფის კვებითი და სამკურნალო ღირებულება

ხურმის ნაყოფის კვებითი და სამკურნალო ღირებულება დამოკიდებულია მასში ბიოლიგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. ხურმის ნაყოფში მშრალი ნივთიერებების რაოდენობა 14-20%-ის ფარგლებში მერყეობს ცალკეული ჯიშების მიხედვით.

ნაყოფის სიმწკლარტეს განაპირობებს მასში ხსნადი ფენოლური ნაერთების შემცველობა, რომელთა ჯამური რაოდენობა 2,25%-ს არ აღემატება. ნაყოფის მომწიფების კვალობაზე ფენოლური ნაერთები შემცველობა მცირდება, მაგრამ პირდაპირი დამოკიდებულება ფენოლური ნაერთების რაოდენობასა და საგემოვნო მახასიათებლებს (სიმწკლარტე) შორის არ არის დადგენილი.

სუბტროპიკული ხურმის ნაყოფი შეიცავს კატეხინებს (168 – 274 მგ/100გ), ლეიკოანტოციანებს (20.4 – 21,2 მგ/100გ), ფლავონოლებს (10 – 32 მგ/100გ). ნაყოფში ნაპოვნია აგრეთვე გალის მჟავა (41,6 მგ/100გ), კოფეინის და ქლოროგენის მჟავები. ხურმის ნაყოფისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ხსნადი გლუკოზის და ფრუქტოზის დაგროვების უნარი. არსებული მონაცემებით, ჩვენს პირობებში, ხსნადი ნახშირწყლების შემცველობა 9,0 – 1 8,1 %-ს შეადგენს ნედლ მასაზე გაანგარიშებით. საქაროზას შემცველობა 0,4 -1,2% -ის დიაპაზონში მერყეობს.

გლუკოზის და ფრუქტოზის ჯამური რაოდენობის 53 -55%-ს გლუკოზა შეადგენს. ნაყოფის მომწიფებასთან ერთად იზრდება მასში ხსნადი შაქრების რაოდენობა. შაქრების დაგროვებაზე გავლენას ახდენს ეკოლოგიური ფაქტორი. მშრალ კლიმატურ პირობებში კულტივირებადი მცენარის ნაყოფი მეტი რაოდენობით ხსნად ნახშირწყლებს აგროვებს. პოლისაქარიდებიდან ნაყოფის რბილობში წარმოდგენილია პექტინოვანი ნივთიერებები და ცელულოზა.

ჰიდროპექტინის შემცველობა შეადგენს 0,2 – 0,69%, პროტოპექტინის რაოდენობა იცვლება საკმაოდ დიდ დიაპაზონში – 0,20 – 1,75%, ხოლო ცელულოზის 0,70 – 1,2%-ის ფარგლებში.

გარდა P ვიტამინური აქტივობის ნივთიერებებისა სუბტროპიკული ხურმის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინოიდებს, მათ შორის, β _კაროტინს 1,2 – 2,9 მგ/100გ; საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს ჩ ვიტამინის შემცველობა (12,3 – 59 მგ/100გ) სუბტროპიკული ხურმის ჯიშური შედგენილობისაგან დამოკიდებულე-ბით.

ნაყოფის განვითრებასა და მომწიფებასთან ერთად იზრდება C ვიტამინის შემცველობა, და თავის მაქსიმუმს ტექნიკური სიმწიფის ფაზაში აღწევს, ხოლო შემდგომ ეტაპზე თანდათანობით მცირდება. ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს B1 და B2 შესაბამისად  0,141 – 0,306 მგ/% და 0,216 – 0,466 მგ/%-ის ოდენობით.

PP ვიტამინის რაოდენობით ხურმის ნაყოფი აღემატება  მანდარინს და საშუალოდ ამ ნაერთის შემცველობა 0,9 მგ/100გ შეადგენს. ორგანული მჟავებიდან ნაყოფში ძირითადად წარმოდგენილია ვაშლის მჟავა, ნაკლები რაოდენობით ლიმონის და ქარვის მჟავები. ნაყოფის სიმწიფის ფაზაში მასში ორგანული მჟავების შემცველობა შეადგენს 0,05 – 0,2% ვაშლის მჟავაზე გადაანგარიშებით. ხურმის ნაყოფი გამოირჩევა ყველაზე დაბალი მჟავიანობით და მაღალი შაქარმჟავური ინდექსით (40 პირობით ერთეულამდე) სუბრტოპიკული ხეხილოვნების ნაყოფებს შორის.

სხვადასხვა ჯიშის ხურმის ნაყოფში თავისუფალი ამინომჟავების შემცველობა 105 – 141,7 მგ/100გ შეადგენს. მინერალური ნივთიერებების რაოდენობა ნაყოფში 0,36 – 0,67%-ის ფარგლებში მერყეობს. იგი შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, სპილენძს, რკინას, იოდს და სხვა ნივთიერებებს.

ქიმიური შემადგენლობიდან ჩანს, რომ მაღალია ხურმის ნაყოფის კვებითი ღირებულება. იგი საკვებად გამოიყენება ნედლი და მშრალი (ჩირი), ასევე კონსერვირებული სახით. ხურმის ნაყოფი გამოიყენება წვენის, მურაბის, ხილფაფის და ცუკატის მისაღებად; ასევე საკონდიტრო პროდუქტების და ლიქიორის წარმოებაში.

თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი,
თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი.

იხილეთ აგრეთვე: აღმოსავლური ხურმის გამრავლება

თქვენი რეკლამა