ქრისტესისხლა – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

ქრისტესისხლა, სამკურნალო, მცენარე

ქრისტესისხლა (ლათ. Chelidonium majus L) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 25-100 სმ.

ქრისტესისხლა აჭარაში ქარცეცხლას, საყვითლოს, ხევსურეთში სისხლა ბალახას, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ცხენისოფას სახელით არის ცნობილი.

ღეროს და ფოთლებს მოწყვეტისას ნარინჯისფერ წვენი სდის. მისი ფესვი მთავარღერძაა, დატოტვილი, მოკლე ფესურით.

ღერო სწორმდგომია, შიშველი ფოთლები მწვანე აქვს, ქვემოდან მონაცრისფრო. თითქმის მოპირისპირედ განლაგებული, კენტად ფრთადანაკვთული. ფოთლები უმეტესად მომრგვალოა, არათანაბრად დაკბილული.

ყვითელი ყვავილები ღეროს ბოლოს ქოლგისებრ ყვავილედადაა შეკრებილი. ქოლგა შედგება ოთხი ფართო, კვერცხისებრი ფურცლისაგან.

ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, სიგრძით 3-6 სმ-მდე, მრავალი მოშავო-ყავისფერი, პრიალა თესლით. ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში. გავრცელებულია ჩრდილიან, ქვიან ადგილებში, მეჩხერ ტყეებში, ხშირად საცხოვრებელი სახლების ახლოსაც გვხვდება, ბაღებში, ბოსტნებში, როგორც წესი იზრდება პატარა კვლებად.

სამკურნალო

აგროვებენ ქრისტესისხლას მიწისზედა ნაწილებს მისი ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით და აცილებენ გაუხეშებულ ნაწილებს. მცენარე შხამიანია, ამიტომ შეგროვების დროს არ შეიძლება ხელებით სახეს ან თვალებს შეეხოთ. ბალახს აშრობენ თხელ ფენად გაშლილს საშრობებში, სხვენებზე, ფარდულებში, რომლებიც კარგად ნიავდება.

იგი პერიოდულად უნდა გადაბრუნდეს. ნედლეული ითვლება გამხმარად, თუ ღერო გადაღუნვის დროს გადატყდება და არ მოიხრება. რაც უფრო სწრაფად გაშრება ნედლეული, მით მეტი რძეწვენი დარჩება მასში. გამხმარი ნედლეული უნდა შევინახოთ ნაჭრის პარკში მშრალ, ჰაერიან ადგილას, შენახვის ვადა სამი წელია.

ქრისტესისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ხელიდონინი, ჰემოხელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ხელერიტრინი, სანგვინარინი, საპონინები, ფლავონოიდები, ასკორბინის მჟავა – ვიტამინი A, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონის, ქარვის და სხვა.

ქრისტესისხლა

ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძეწვენს ხმარობენ მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად. წყლულების, ჭრილობების, სირსველის, დანაყარის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ ნახარშებსა და ნაყენებს იყენებენ, ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს  როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ქრისტესისხლას ნახარშს იყენებენ ცხვირში და ყელში გამოსავლებად პოლიპების დროს.

ქრისტესისხლას გამონაწვლილი რომ მიიღოთ, 1 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს დაასხით 500 მლ მდუღარე და დადგით 1 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ არყის ჭიქით 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენისა და გამონაწვლილის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა (თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ, მისი გამოყენების დროს, საჭიროა დიდი სიფრთხილე და იგი მხოლოდ ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.

ქრისტესისხლას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ფოთოლი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილ მასა გამოწურეთ, შეავსეთ მიღებული ნაყენი ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წთ-ით ადრე.

ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ანთებითი პროცესების ჩასაქრობად.

ავტორები: ს. ჩაგელიშვილი; მ. გოგორიშვილი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა