ყვითელი ძიძო — Melilotus officinalis

510 Views Comment Off

ყვითელი ძიძო ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო აღმავალია ან სწორმდგომი, დასაწყისიდანვე დატოტვილი, სიმაღლით 50-100 (200) სმ.

ფოთლები მორიგეობითია, სამფოთოლაკიანი, ფოთოლაკები შებრუნებულ-კვერცხისებრია, არათანაბრად ხერხისებურად დაკბილული, წვეროში ფხით. ყვავილები – მოკლეა, ყვავილედებად – მტევნებად არის შეკრებილი.

ზედა ფოთლების უბეებში გვირგვინი ყვითელია, ხუთი არათანაბარი სიდიდის ფურცლით; ნაყოფი პარკია, ოვალური, შიშველი, სადგისისებრი წვერით, ჩვეულებრივად ერთი ან ორი თესლით. ყვავილობს ივნის-სექტემბერში.

ძიძოს ქართლსა და ჯავახეთში ვირის იონჯას ეძახიან, რაჭაში – სამთითას, იმერეთში – ცხენისოფას.

იზრდება ნესტიან, ბალახოვან ადგილებში როგორც სარეველა მცენარე. ნედლეულად იყენებენ ღეროს კენწრულ ნაწილს ფოთლებითა და ყვავილებით. მოჭრილ ღეროებს კრავენ პატარა კონებად და აშრობენ ჩრდილში ან შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება.

ყვითელი ძიძო გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება გაძლიერებული აღგზნებისა და უძილობის დროს; ხალხულ მედიცინაში მას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, სასუნთქი გზების ანთების, მეტეორიზმისა და სისხლის მაღალი წნევის დროს.

ძიძოს ხმარობენ აგრეთვე გარეგან საშუალებად დაჩირქებული ჭრილობების, შუა ყურის ანთების დროს (იყენებენ ნედლეულის ადუღების დროს გამოყოფილ ორთქლს). ნიკრისის ქარისა და სახსრების შეშუპებისას იკეთებენ ყვითელი ძიძოს აბაზანებს.

თავის ტკივილის შემთხვევაში იყენებენ ძიძოს სპირტიან ნაყენს. ნედლეულს ასხამენ მაგარ არაყს, აჩერებენ 10-15 დღეს, წურავენ და იდებენ ნაყენში დასველებულ საფენს თავზე.

ნედლეულის დიდი ხნით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები: გულისრევა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, რასაც იწვევს მცენარეში არსებული კუმარინები.

განსაკუთრებით მძიმე მოწამვლა შეუძლია გამოიწვიოს ნედლეულის შრობის ტექნოლოგიის დარღვევამ და შენახვამ. ამის მიზეზი ხდება ძიძოს ლპობა და მასში დიკუმარინის წარმოშობა. დიკუმარინი ხელს უშლის ორგანიზმში პროთრომბინის წარმოქმნას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მძიმე ფორმით სისხლის ჩაქცევა.

გარეგანი დანიშნულებით (კომპრესები, დასაბანად) ძიძოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წთ-ის განმავლობაში, გაწურეთ.

ყვითელი ძიძოს ნაყენი როგორც ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ასეთი წესით შეგიძლიათ მოამზადოთ: 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი. დაახურეთ თავზე, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე ანადუღარი წყლით. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

ხალხურ მედიცინაში ყვითელი ძიძოს დაქუცმაცებულ ნედლეულს ადუღებენ ზეთში და ამ ნახარშის საფენებს იყენებენ დაჩირქებული ადგილების მოსამწიფებლად.

ყვითელი ძიძო უმთავრესად გამოიყენება ნაკრებებში. მისი გამოყენება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ არის მიზანშეწონილი.

dzidzo_yviTeli_344303035547748035

*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB