აღმოსავლური ხურმის ჯიშები

ხურმა, ჯიშები, ბაღი, გაშენება

აღმოსავლური (იაპონური) ხურმა (Diospyros Kaki L) მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ხეხილოვანი კულტურაა.

აღმოსავლური ხურმის სამშობლოდ ჩრდილოეთ ჩინეთი ითვლება. ეს კულტურა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 90–იან წლებში იტალიიდან შემოიტანეს, საიდანაც გავრცელდა საქართველოს სხვა რეგიონებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ კულტურის ველური მონათესავე სახეობა, კავკასიური ხურმა (Diospyros lotus) საქართველოში დიდი ხანია ცნობილია.

საქართველოში გავრცელებული ხურმის ჯიშები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს: მწკლარტე – ჰაჩია, როხო ბრილიანტე, კაკი ტიპო; არამწკლარტე (დამტვერვაზე დამოკიდებულებით) – ჰიაკუმე, ზენჯი-მარუ; მუდმივ არამწკლარტე – ფუიუ.

ხურმის ზოგიერთი ჯიში

ჰაჩია – სინონიმი „იაპონური ხურმა“, ხურმის მწკლარტე რბილობიანი ჯიშია, ხე ძლიერი ზრდისაა, ვარჯი პირამიდული ფორმის. ნაყოფები მსხვილია, 230–270 გრამი წონის, კონუსური ფორმის, გამოკვეთილი წვეტით. შეფერვა მუქი ნარინჯისფერია, ნაყოფები ხეზე დიდხანს რჩება. ნაყოფები უთესლოა, ზოგჯერ რამდენიმე თესლით. რეგულარული მსხმოიარობისთვის საჭიროებს დამტვერვას. რბილობი ნაყოფის სრულ სიმწიფემდე მწკლარტეა, სიმწიფეში – ტკბილი, სასიამოვნო გემოსია. გამოიყენება როგორც ნედლ ხილად, ასევე საჩირედ. მწიფდება ნოემბერში.

ფუიუ – ხე საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ნაყოფი მსხვილია, ბრტყელი, დაკუთხული, მოსავალი იკრიფება ოქტომბერში, ნაყოფის შეფერვა ღია ყვითელი, რბილობი ღია ნარინჯისფერი, შებრტყელებული, გამოკვეთილი გვერდითი წიბოებით, არ ახასიათებს სიმწკლარტე. ტკბილი სასიამოვნო გემოსია. ჯიში ტრანსპორტაბელურია, გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე მაღალი ხარისხის ჩირის დასამზადებლად. მწიფდება ნოემბრის დასაწყისში, ამ ჯიშის ნარგაობა გვხვდება ფოთის, სენაკის, სამტრედიის, ლანჩხუთის ზუგდიდის საწარმოო პლანტაციებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში.

ჰიაკუმე – სინონიმი „კარალიოკი“, ფართოდ არის გავრცელებული სუბტროპიკულ რეგიონებში, ხე საშუალო ზრდისაა, ხშირი ვარჯით, უხვმოსავლიანი ჯიშია, მოსავალი შემოდის არაერთდროულად, იკრიფება ოქტომბერში, ნაყოფი მსხვილი, მრგვალი ფორმის, ღია ნარინჯისფერი. თუ ნაყოფი მიღებულია დამტვერვით რბილობი ტკბილია და მუქი ყავისფერია. გამოიყენება ძირითადად ნედლ ხილად, უფრო ნაკლებად საჩირედ. მწიფდება ოქტომბერ–ნოემბერში.

ჩინებული – ხე საშუალო ან საშუალოზე დაბალი სიდიდისაა, სუსტად მოზარდია, სიმაღლით 6-8 მ. ნაყოფი დიდი ზომისაა 300-400 გრ. ფორმით ფართო კონუსურია, წაწვეტილი, კანი პრიალა, გლუვი, რბილობი სქელი ცომისმაგვარი, მკვრივი. დამწიფებამდე მაგარი და მწკლარტე, შემდეგ ტკბილი. მისგან მზადდება საუკეთესო ჩირი. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

როხო ბრილიანტე – ესპანური მწკლარტე რბილობიანი ხურმის ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ვარჯი გადაშლილი. ნაყოფები მსხვილია, 220–270 გრამი წონის, ოდნავ კონუსური ფორმის. რეგულარული მსხმოიარობისთვის საჭიროებს დამტვერვას. ძირითადად გამოიყენება სასუფრედ, მწიფდება ოქტომბერ–ნოემბერში

გეილეი – საუკეთესო ჯიშად ითვლება ხურმის ბაღებში როგორც დამამტვერიანებელი. ნაყოფი პატარა ზომისაა, მოგრძო კონუსური ფორმის. რბილობი მკვრივი, წვნიანი, ნაყოფი თესლიანია, დაბალი კვებითი ღირებულებით.

იხილეთ: აღმოსავლური ხურმა – დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, რამდენიმე ჯიში

თქვენი რეკლამა