ონტკოფა (დუდღობო) – სამკურნალო მცენარე

3640 Views

ონტკოფა (ლათ.Physalis Alkekengi) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. აჭარაში მას სატკაჩუნას ეძახიან, რაჭა-ლეჩხუმში ბაბუშტელას, გურიაში კატაყვერას,  ქართლ-კახეთში დუდღუბოს.

მრავალწლიანი ფესვურიანი მცენარეა, 20-100 სმ სიმაღლის სწორმდგომი მარტივი (ზოგჯერ კენწრულ ნაწილში სუსტად დატოტვილი) ღეროთი.

ღეროზე მორიგეობით, მაგრამ წყვილ-წყვილად განლაგებული, საკმაოდ გრძელყუნწიანი, წაგრძელებულ-კვერცხისებრი, იშვიათად რომბულ-კვერცხისებრი, ბოლოში გრძლადწაწვეტილი ფოთლების კიდეები ოდნავ ამოკვეთილია, რაც ნაკლებად შეიმჩნევა, ამიტომ ფოთლები კიდემთლიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ყვავილები სათითაოდაა გაბნეული მთელს ღეროზე ფოთლების იღლიებში. ყვავილის ჯამი ზარის მაგვარია, რომელიც დაყვავილების შემდეგ თვალსაჩინოდ იზრდება და ბუშტივით იბერება. ყვავილის გვირგვინი თეთრი და ბორბლისებრი მოყვანილობისაა, ხუთკუთხა კონტურით.

ბურთივით მრგვალი, 1,2-2,0 სმ სიგრძის ნარინჯისფერ-წითელი კაშკაშა წითელი ბუშტივით გაბერილ ჯამში ჩამალული ნაყოფი წვნიანი კენკრაა, რომელიც თირკმლისებრ მრავალრიცხოვან მოთეთრო თესლებს შეიცავს. ყვავის მაისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე.

იზრდება გამეჩხრილ ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ხევებში, ბაღებსა და ღობისძირებში.

საკვებად გამოიყენება პერუული ფიზალისი (Physalis peruviana), მის ნაყოფს აგრეთვე იყენებენ ლიმონმჟავას მისაღებადაც, აგრეთვე სამურაბედ, ცუკატების, პიურეს, ხილფაფის დასამზადებლად, მისგან ამზადებენ ჩირს, ამწნილებენ.

ონტკოფას ნაყოფი შეიცავს შაქარს, ლიმონის მჟავას, C ვიტამინს, ცხიმს, კაროტინს, სულ მცირე რაოდენობით ალკალოიდებს. აბრეშუმის ქსოვილს ღებავს ყვითლად და ნარინჯისფრად, სათანადო კომპონენტის დამატებისას წითლადაც.

ონტკოფას ნედლი ფოთლის წვენს ქართული ხალხური მედიცინა ოდითგანვე ჭიის დამდენ და წყურვილის მოსაკლავ საშუალებად იყენებდა.

ბულგარეთის მედიცინაში ონტკოფას ნაყოფები რეკომენდებულია როგორც შარდდამდენი საშუალება თირკმლების და საშრდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებისას, სასქესო ორგანოების ჩირქოვანი ანთების, წყალმანკის, ნიკრისის ქარისა და სახსრების რევმატიზმის სამკურნალოდ.

ნაყოფებს ნახარშის სახით იყენებენ: 15-30 გ ხმელი ნაყოფი 0,5 ლ წყალზე (2 დღის დოზა, რომელსაც ყლუპ-ყლუპობით სვამენ), ან ჭამენ 10-15 ნედლ მწიფე ნაყოფს ერთი დღის განმავლობაში, ან კიდევ ყოველდღე ოც-ოც გრამ ნედლი მწიფე ნაყოფისაგან გამოწურულ წვენს სვამენ (ონტკოფას მოუმწიფებელმა ნაყოფმა შესაძლოა გამოიწვიოს მოწამლვა).

ონტკოფას წითელი ბუშტივით გაბერილი ყვავილის ჯამი შხამიანია, ამიტომ არ უნდა შეგვცდეს და ყვავილის ჯამი არ უნდა გამოვიყენოთ. (დ. იორდანოვი, პ. ნიკოლოვი, ა. ბოიჩანოვი)

ontokofa-_Physalis_alkekengi_299875

ავტორები: შალვა ხიდაშელი; ვანო პაპუნიძე.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

იხილეთ აგრეთვე: ფიზალისი (Physalis peruviana) მოვლა – მოყვანა, გამოყენება

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB