ნიახურის ფესვები – სამკურნალო თვისებები და რეცეპტები

ნიახური, ფესვები, რეცეპტები

სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული და ათასნაირი მწვანილით მორთული სალათები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ვიტამინების მთელ ასორტს შეიცავს, მაგრამ ნიახურის ძირებს კერძების შესაკაზმავად ყველა როდი იყენებს.

ჩვენ კი გირჩევთ: ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს და თან თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს.

ნიახური ოხრახუშის „ახლო ნათესავია“, თუმცა ნიახურს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ბოსტნეულის რიგში დაიმკვიდრებდა ადგილს.

შუა საუკუნეებში ის ერთ-ერთ სერიოზულ სამკურნალო მცენარეულ საშუალებად მიიჩნეოდა. ნიახურით მკურნალობდნენ სიყვითლეს, პოდაგრას, რევმატიზმს, სისხლნაკლულობას, თირკმლების დაავადებებს. თურმე ცნობილ მოგზაურს ჯეიმს კუკს ექსპედიციებში ყოველთვის მიჰქონდა ნიახური და სწორედ მისი წყალობით გადაურჩა სურავანდს.

ნიახური ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, C, B, PP და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინ U-ს შეიცავს. ნიახური დღესაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში.

მთვარის ფესვები

ნიახურს ძველი ბერძნები მთვარის მცენარეს უწოდებდნენ. ის სიყვარულის იმ უძველეს ჯადოსნურ სასმელში შედის, რომლის რეცეპტიც საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა ხალხური მკურნალები ამტკიცებენ, რომ მისი მსგავსი სასმელი ანუ საშუალება, რომელსაც მამაკაცური ძალების აღდგენის უნარი შესწევს, შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა იოლად მოამზადოს:

აურიეთ 0,5 ჭიქა ნიახურის ძირების წვენი და 1/4 ჭიქა გარეული მსხლის წვენი (შეიძლება შეცვალოთ 1 ს. კოვზი ვაშლის ძმრით). ახალმომზადებული სასმელი მამაკაცებმა შებინდებისას უნდა მიირთვან.

ნიახურის ძირები არა მარტო მამაკაცებს ეხმარება ძალების აღდგენაში, არამედ ქალებსაც: კლიმაქსი შეუმჩნევლად ჩაივლის, თუ 35 წლის ასაკიდან ხშირ-ხშირად მიირთმევთ ნიახურის ძირებით შეკაზმულ კერძებს.

ნიახურის ძირებისგან მომზადებული სალათა ადამიანს სწრაფად მოუხსნის მოთენთილობას და სიმხნევეს შემატებს. ეს სალათა შეგიძლიათ ასე მოამზადოთ:

მსხვილ სახეხზე გახეხეთ ნიახურის ძირები, მომჟავო-მოტკბო გათლილი ვაშლი და საშუალო ზომის სტაფილო. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 2 ს. კოვზი ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილი – გემოვნებით. დაასხით მცენარეული ზეთი ან ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი.

ნიახური ყველასთვის სასარგებლოა, ოღონდ არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის.

ნივთიერებათა ცვლა ყოველთვის ნორმაში გექნებათ

ნიახური განსაკუთრებით ხანში შესულ ადამიანებს ესაჭიროებათ. ის ამ დროისთვის დარღვეულ წყალ-მარილოვან ცვლას აღადგენს. სწორედ ამიტომაა სასარგებლო ნიახურის მიღება მათთვის, ვისაც სიმსუქნე, პოდაგრა, დიაბეტი, რევმატიზმი და პოლიართრიტი აწუხებს. მცენარე კურნავს ამ დაავადებებს და პარალელურად სახსრების ტკივილსაც ხსნის.

ართრიტის დროს სასარგებლოა ახალგამოწურული ნიახურისა და ოხრახუშის წვენის ნარევი (თანაბარი რაოდენობით). მიიღება 2 ს. კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

რევმატიზმის, პოდაგრის, სახსრების ტკივილის დროს შემდეგი წესით დამზადებული ნიახურის ძირების ნაყენი მიიღეთ: 1 ს. კოვზ ნედლ, წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, 4 საათი თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ 2 ს. კოვზი, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.

ნიახურის ძირები ზემოთ ხსენებულ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენება.

დაავადებული კანისთვის უებარი საშუალება

სახალხო მკურნალები ნიახურის ძირებს კანის მრავალი დაავადების სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. სებორეის, თმის ცვენის (ალოპეცია), სებორეული ეგზემის, ფსორიაზისა და ვიტილიგოს დროს რეკომენდებულია ნიახურის შეზელა კანში, დღეგამოშვებით, 10-20 წუთის განმავლობაში. სულ უნდა გაკეთდეს 10-18 პროცედურა. 2-3 თვის შემდეგ კი მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ.

მკურნალობა მეტად ეფექტიანი იქნება, თუ ნიახურს გამოიყენებენ არა მარტო კანის ზედაპირული დამუშავების, არამედ შინაგანი მოხმარების მიზნითაც, რადგან ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ღვიძლის მუშაობას უწყობს ხელს.

კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს 1 ს. კოვზ წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. კარგია 1-2 ჩ. კოვზი ახალგამოწურული ნიახურის ძირების წვენის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ჰიპოკრატეს საშუალება

თვით ჰიპოკრატე მიიჩნევდა, რომ ნერვული აშლილობის დროს ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ნიახურის ძირები უნდა მიიღოს — დამშვიდდება და გაწონასწორებული გახდება.

ნერვების დასამშვიდებლად ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, 8-8 ჩაის კოვზი ნარევი.

თანაბარი რაოდენობით აღებული ნიახურის წვენისა და სტაფილოსაგან მომზადებული ნარევი ნერვული სისტემისთვის ძლიერ სასარგებლოა.

ავტორი: ნინო ჩარგეიშვილი. ჟურნალი ”გზა”.
*ზოგადად მცენარის სამკურნალოდ გამოყენებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

იხილეთ აგრეთვე: ნიახური – კულტურა, გარემო პირობები, თესვა-რგვა

თქვენი რეკლამა