მუხა (Quercus) სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

მუხა, რკო, სამკურნალო, რეცეპტი

საქართველოში 5 სახეობის მუხაა გავრცელებული:

  • ქართული მუხა (Quercus iberica);
  • ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora);
  • კოლხური ანუ ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana);
  • იმერული მუხა (Quercus imeretina);
  • მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus marganthera).

მუხა  წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთლოვანი ხეა, სიმაღლით 40 მ-მდე, ტანის დიამეტრით 2 მ-მდე, მძლავრი, გაშლილი ვარჯით.

ყლორტების კანი მუქი-წენგოსფერია, მოგვიანებით მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია, გლუვი. უფრო ძველ, 50-60 წლის ხეებს ქერქი ღრმად დაღარული, მუქი-ნაცრისფერი აქვს, სისქით რამდენიმე სანტიმეტრი. კვირტები ფართო ოვალურია ან ნახევრადსფერული, ღია-რუხი ფერის, ქერცლის კიდეებზე წამწამებიანი.

ფოთლები 7-15 სმ -ის სიგრძისაა მორიგეობით განლაგებული, მოკლეყუნწიანი. შიშველი, პრიალა, ზემოდან მწვანე, ქვედა მხრიდან მკრთალი მწვანე, ფრთისებრდანაკვთული, მოგრძო-კვერცხისებრი ამონაყარი ყლორტებზე ფოთლები უფრო მსხვილია, მათი სიგრძე 30 სმ-მდეა.

მუხა, რკო, სამკურნალო, რეცეპტი

ფოთლის უბეში მათი გამოსვლის დროს წარმოიქმნება თხელყვავილიანი ყვავილედი-საყურე. ყვავილები – ერთსქესიანია, მცენარე – ერთსახლიანი. ნაყოფი ოვალური ფორმის რკო, სიგრძით 1,5-3,5 სმ, მურა ყვითელი, გრძივი, მომწვანო ზოლებითა და ქაცვებით წვეროზე.

მუხა ყვავილობას იწყებს 30-40 წლის შემდეგ, ცოცხლობს  400-500 წელი, ზოგიერთი მათგანი – 1000-1500 წელიწადი და აღწევენ დიამეტრით 4 მ-მდე.

მუხა, რკო, სამკურნალო, რეცეპტი

მუხა საქართველოს ტყეებში ფართოდაა გავრცელებული, როგორც ფართოფოთლოვან, ისე შერეულ ტყეებში, ქმნის მუხნარებს. იგი სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. პირველ წლებში იზრდება ძალიან ნელა, 10 წლის მუხა მხოლოდ 1 მ-მდეა სიმაღლით.

აგროვებენ მუხის ქერქს აპრილიდან ივნისამდე, როდესაც უჯრედის წვენი ინტენსიურად მოძრაობს. გლუვი ქერქის მოსახსნელად წვრილ ღერებზე დანით აკეთებენ ღრმა წრიულ ნაჭდევს ერთმანეთისაგან 3 სმ დაშორებით. შემდეგ მათ აერთებენ ღრმა გრძივი ნაჭდევებით, შემდეგ აცლიან ქერქს ღარაკის ან მილის სახით.

ნედლეულს, თხელ ფენად გაშლილს ქაღალდზე ან ქსოვილზე, აშრობენ ფარდულებში, ან სხვენებზე, რომლებიც კარგად ნიავდება. ამასთან, ყოველდღიურად აბრუნებენ. გამშრალი ქერქი ხმაურით უნდა ტყდებოდეს. ინახავენ მშრალ ადგილებში ხუთი წლის განმავლობაში.

მუხის ქერქი შეიცავს 10-20% გალოტანინებს, 13-14% პენტოზანებს, 6% პექტინებს, ფლავონოიდ კვერციტინს, ლევულინს და სხვ. რკო შეიცავს 40%-მდე სახამებელს, 5-8% სათრიმლავ ნივთიერებებს, 5% ცხიმოვან ზეთს, ცილოვან ნივთიერებებს.

მუხა, რკო, სამკურნალო, რეცეპტი

მუხის ქერქის ნაყენები გამოიყენება როგორც შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, გინგივიტების, ფარინგიტების დროს.

განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის ნახარში (1:10). ამისათვის 20 გრ (2 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ 10 წთ, გადაწურეთ. მიღებული ნახარში გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ-მდე) მიღებამდე.

ეს ნახარში გამოიყენება ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად 6-8-ჯერ დღეში. ასეთივე კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, ნაწლავების ქრონიკული ანთების დროს. დალიეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

ზოგჯერ ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 6 სთ-ს, მიიღებნ 1/2 ჭიქას 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

მუხა, რკო, სამკურნალო, რეცეპტი

ავტორები:  ს. ჩაგელიშვილი, მ. გოგორიშვილი
*სამკურნალოდ გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა