მსხალიჭა მრგვალფოთოლა

მსხალიჭა მრგვალფოთოლა (Pyrola Rotundifolia L) მსხალიჭასებრთა ოჯახში შედის. ტყის ამ ჯუჯა მცენარის ფოთლები თავისი მოყვანილობით და სტრუქტურით ფრიად წააგავს მსხლის ფოთოლს, ეტყობა სახელწოდებაც ამ ფაქტთანაა დაკავშირებული. მისი თოვლქვეშ მოყოლილი ფოთლები მწვანედ გადაიზამთრებენ ხოლმე.

ფოთლები ღეროს ძირშია შეჯგუფული (როზეტად განწყობილი), მათი ყუნწები ფირფიტებზე ოდნავ გრძელია, ხოლო ფირფიტა კი მომრგვალო-კვერცხისებრი მოყვანილობისაა.

სწორმდგომ საყვავილე ღეროზე თოვლივით თეთრი ყვავილები აღმამდგომ მოკლემტევნადაა შეკრებილი, ყვავილობაში მსხალიჭა ძალიან მიმზიდველია, იგი რამდენადმე შროშანას მოგვაგონებს. დამახასიათებელი ყვავილებით იგი ერთ-ერთი ულამაზესი ტყის ყვავილთაგანია.

ყვავის ივნის-აგვისტოში; უმეტესად თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო ყვავილებით. ხშირად გვხვდება ნაძვნარებში, ფიჭვნარებში და ფიჭვნარ-ნაძვნარებში. გარდა ამისა, ჩვენს ტყეებში სხვა სახეობის მსხალიჭებიც იზრდება, რომელნიც თავიანთი ფიტოქიმიური შემადგენლობით ახლოს დგანან აქ განხილულ სახეობასთან.

მსხალიჭა, სამკურნალო

მსხალიჭა მაღალი დეკორატიული ღირსებების მცენარეა, მაგრამ იგი ყოველ წელიწადს არ ყვავილობს. ისე როგორც ტყის სხვა ბევრი მცენარისათვის, მისთვისაც დამახასიათებელია მეწლეობა.

საერთოდ ეს მცენარე შხამიანია, წამლავს საქონელს და სისხლიან შარდვას იწვევს.

ხალხური მედიცინა იყენებს გულის სამკურნალოდ და შარდმდენ საშუალებად.

ბულგარეთის მედიცინის მიერაც მსხალიჭას ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შარდმდენი საშუალება და გამოიყენება საშარდე ბუშტის ქრონიკული ანთებისას. შარდში ჩირქის გამოყოლების შემთხვევაში, აგრეთვე წინამდებარე ჯირკვლის ანთების, წყალმანკის და თირკმლების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ. დანაყილი ნედლი ფოთლების ფაფისებრი მასა ძნელად შესახორცებელი ჭრილობებსათვის გამოიყენება.

მსხალიჭა, სამკურნალო

გარდა ამისა ნედლეულისაგან ცხელი ნაყენიც მზადდება. 1-2 ჩაის კოვზ ნედლეულზე 1 ჭიქა მდუღარე წყალი (1 დღის დოზა-დ.იორდანოვი).

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.

*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა