მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები

4202 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან.

ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო საყვავილე ღერო.

ყვავილები თავთავისებურ ყვავილედშია შეკრებილი. ფოთლები ყუნწიანია, ფართო კვერცხისებრი ან ფართო ელიფსური, კიდემთლიანი შიშველი ან სუსტად შებუსული, სიგრძით 12 სმ, 3-9 რკალისებრი გრძივი ძარღვით, ყვავილები თავთავში წვრილია, შეუმჩნეველი. ნაყოფი კვერცხისებრი მრავალთესლიანი კოლოფია, წვრილი წახნაგოვანი თესლით.

ყვავილობს მაის-აგვისტოში. თესლი შემოდის აგვისტო-ოქტომბერში.

მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, ტყის კორომებში, საცხოვრებლის ახლოს, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.

ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე.

ფოთლების შეგროვება მიზანშეწონილია მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.

მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუბინს. ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით. ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.

მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.

ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.

მრავალძარღვა

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში.

მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.

მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.

10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.

ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).

ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.

მრავალძარღვა

ავტორები: ს. ჩაგელიშვილი, მ.გოგორიშვილი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB