ხარისჩლიქა (Asarum ibericum Stev) — სამკურნალო მცენარე

792 Views Comment Off

ხარისჩლიქა ძირმწარასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 10 სმ-მდე სიმაღლის, მოკლე ბუსუსებით შემოსილი, მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა. მიწის ზედა ნაწილები სუნითა და გემოთი წიწაკის მსგავსია, გასრესილი ფესურა კი კატაბალახას (კატაპარიას) სუნს გამოსცემს.

ფესურიდან ორი (იშვიათად სამი) გრძელყუნწა ფოთოლი ამოდის, ფოთლები საერთოდ მორიგეობითაა განლაგებული, მაგრამ ზოგჯერ ფოთლების ყუნწები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ მოპირისპირედ განწყობის შთაბეჭდილებას ქმნის. თოვლის ქვეშ მოყოლილი ფოთლები, მარადმწვანე მცენარეების მსგავსად, ხშირად კარგად გადაიზამთრებს ხოლმე. ფოთლის ფირფიტა მომრგვალო თირკმლისებრია, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან კი მკრთალი.

ფოთლების იღლიებში სათითაოდ ამოსული ყვავილის ყუნწი მიწისკენაა დახრილი და ამიტომ ყვავილი თავჩაქინდრულია, იგი გარედან მწვანე-მოწითალოა, შიგნიდან კი მღვრიე წითელი ფერის. ყვავის მაის-ივლისის განმავლობაში.

იზრდება ნესტიან, ხშირ ტყეებში, განსაკუთრებით წიფლნარებში, სოჭნარ-ნაძვნარებში, თხილის ბუჩქებში და სხვ. ხარისჩლიქა შხამიანი მცენარეა, მაგრამ ჩვენთან მისი მიზეზით საქონლის დაცემის შემთხვევა არ არის აღნიშნული. სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის გამო, როგორც ჩანს, საქონელი არ ძოვს, ამავე დროს ხშირ ტყეებსა და ბუჩქნარებში გავრცელების გამო პირუტყვისათვის ძნელად მისადგომია.

ხასხასა მწვანე, ორიგინალური ფორმის ფოთლებით ხარისჩლიქა ძალიან ლამაზი მცენარეა, იგი საუკეთესოა დაჩრდილული ნესტიანი ადგილების გასამშვენიერებლად.

მედიცინაში ხარისჩლიქას ფესვები, ფესურები და ფოთლები გამოიყენება. ხალხურ მედიცინაში ფესურა გამოიყენება, როგორც პირსასაქმებელი და ამოსახველებელი საშუალება, ზოგ ქვეყნებში ამის გარდა სიყვითლის, წყალმანკის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ, როგორც რძისმომგვრელი და საფაღარათო საშუალებაა.

ფოთლებს მალარიის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით ფოთლებში არსებული გლიკოზიდი აძლიერებს გულის კუმშვას, ალკალოიდი აზარინი მაღლა სწევს არტერიულ წნევას, ავიწროებს პერიფერიულ ძარღვებს, ამაღლებს ვენების ტონუსს, აზარინი იწვევს პირღებინებას, აგრეთვე აღმგზნებად მოქმედებს გულზე.

გერმანიაში ძირითადი სასმელების არომატიზებისათვის გამოიყენება. მასვე აქვს ოფლმდენი მოქმედება და ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ გაციებულობის დროს. მაგრამ ეს ავტორები ხაზს უსვამენ დიდი სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას ხარისჩლიქას გამოყენებისას, რადგან დიდ დოზებში იგი თავის ტკივილს იწვევს.

უკრაინის ხალხურ მედიცინაში ხარისჩლიქას შარდმდენ საშუალებად ხმარობენ. საამისოდ ხარისჩლიქას ფესურას თხის რძეში ხარშავენ, ან წყლით გამონახარშით სარგებლობენ. ხარისჩლიქას ჩაი ქალებს მენსტურაციას უადვილებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

გამოიყენება გასტრიტის, ღვიძლის დაავადებებისა და სიყვითლის წინააღმდეგ; დოზა: 3-5 გ ხმელი ხარისჩლიქას ბალახი ერთ ჭიქა სითხეზე. საუკეთესოდ მიიჩნევენ მის რძესთან ერთად გამოყენებას.

გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებშიც ხარისჩლიქა განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება:

1. ხარისჩლიქას ბალახისა და ნეგოს ყვავილების თანაბარი რაოდენობით ნარევის წყლით გამონაწვლილი სასარგებლოდ ითვლება სიყვითლის დროს (1 სუფრის კოვზი ნარევი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე).

2. ბრონქიტის დროს გამოიყენება შემდეგი ნარევის ნახარში: ხარისჩლიქა — 2,0 გ, ოშოშა — 3,0 და ბირკავა — 2,0 გ. 2 სუფრის კოვზ ამ ნარევს ნახევარ ლიტრ წყალში 10 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით. შემდეგ 20 წუთით დგამენ თბილ ღუმელში, წურავენ და ყლუპ-ყლუპობით სვამენ დღეში არა უმეტეს ორი ფინჯნისა (დაახლოებით ერთი ჭიქა).

საერთოდ გათვალისწინებულია ხარისჩლიქას ძლიერი ტოქსიკურობა, ამიტომ მისი პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის გამოწერითა და მისი უშუალო მეთვალყურეობით. ხარისჩლიქას თვითნებური გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

asrumge_9262

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB