კავკასიური სოჭი

კავკასიური, სოჭი

კავკასიური სოჭი (ლათ. Abies nordmanniana) ფიჭვისებრთა ოჯახს ეკუთვნის. სიმაღლეში 50-60 მეტრამდე აღწევს. დიამეტრი კი – 2 მეტრამდე.

კავკასიური სოჭის ფისითა და მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი ქერქი, ერთწლიან ყლორტებზე მოყვითალომწვანე ან მურა-მოწითალოა, ზოგჯერ – ღია ყავისფერი. ევროპული სოჭისაგან განსხვავებით, ყლორტის კენწეროზე ოთხი კვირტი ზის.

ბლაგვი ან წვერომოკვეთილი ბრტყელი წიწვი ქვედა მხრიდან წყვილ თეთრზოლიანია, ტოტზე წიწვები ორ მწკრივადაა განლაგებული.

ღია ადგილზე სოჭი 30-40 წლის, ხოლო კორომში 60-70 წლის ასაკში იწყებს მსხმოიარობას. მოყვითალო მწვანე მამრობითი ყვავილები თავთავისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი წიწვების იღლიებში და გასული წლის ტოტების კენწრულ ნაწილში არის განლაგებული.

მდედრობითი აღმამდგომი გირჩები გასული წლის ყლორტების კენწეროებზე ზის, ამასთან ხის მხოლოდ კენწეროშია თავმოყრილი. თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, გირჩის დაშლა და თესლის გამობნევაც ამ დროს ხდება. 1000 ცალი თესლის წონა 64 გრამს შეადგენს. კავკასიური სოჭის სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 წელს აღწევს.

კავკასიური სოჭი ქიმიკო-ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი, მაგრამ ამ მიმართებით იგი ძალიან ახლოს დგას ციმბირულ სოჭთან და მის შემცვლელადაც გამოდგება.

მედიცინაში სოჭის წიწვები, ქერქი და ახალგაზრდა ტოტები გამოიყენება, მათგან მიღებული ეთერზეთი ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სინთეზური ქაფურის მისაღებად.

ქაფური სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის აღმგზნები, ინფექციური და სხვა დაავადების დროს გულის მოქმედების გამაძლიერებელი საშუალება. ამავე მიზნით გამოიყენება გულის გასამაგრებლად ნარკოტიკებით, ძილისმომგვრელი და ტკივილგამაყუჩებელი (მორფინი) ნივთიერებებით მოწამვლისას და სხვ.

ქაფურს გარეგან საშუალებადაც იყენებენ მიოზიტის, ნევრიტის და სახსრების რევმატიზმების დროს. დიდი დოზით შიზოფრენიის მკურნალობაში იყენებენ. სოჭისაგან მიღებულ სკიპიდარს გარეგან სახმარად იყენებენ გამაღიზიანებელ საშუალებად.

კვირტებისა და ჩვილი წიწვების ნახარში ვიტამინიზებული სასმელია და შესაძლოა გამოყენებული იქნას სურავანდის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.

სოჭის ფისისაგან მიღებული „სოჭის ბალზამი“ მედიცინაში ჭრილობების შეხორცების მასტიმულიზებელ საშუალებადაა ცნობილი, მასვე ხმარობენ მინის შესაწებებლად.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე.

*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი, ნერგებს არ ვყიდით.

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა