პანტა – დახასიათება, გავრცელება, პანტის პროდუქტები (ჩირი, ხილფაფა, წვენი)

პანტა, კავკასიური, მსხალი, ხილფაფა, ჩირი

დახასიათება

პანტა (Pyrus Caucasica) არის 20-25 (30) მ სიმაღლის ხე, პირამიდული ან ოვალური ვარჯით და ეკლიანი ტოტებით. ყლორტები მომწვანო ან მუქი ყავისფერია, მცირე ზომის ღია შეფერილობით.

ფოთლები 3-5 სმ სიგრძის და 2.5-4.5 სმ სიგანისაა, ოვალური, ელიფსური ან მომრგვალო ფორმის. ახალგაზრდა მცენარის ფოთლები დაკბილული და პრიალაა. მოზრდილ ხეებზე ფოთლები კიდემთლიანია და მხოლოდ კიდეებზე აქვს ბუსუსი.

პანტის ხის 2.5-3.5 დიამეტრის ყვავილები 5-8 ყვავილიან ყვავილედშია შეკრებილი. ფოთოლაკები თეთრი ან მოვარდისფრო ფერისაა. პანტის ნაყოფი დიამეტრით 1.5-3 სმ- მდე აღწევს, ფორმით მსხლისებრი, მომრგვალო ან მობრტყო, ფერით ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალოა, ძირზე ჯამის მცირე ზომის ფოთოლაკებით.

იტანს დაჩრდილულ (ტყის პირა) ან ჩრდილის არმქონე ადგილებს. მცენარე გვალვაგამძლეა, ხოლო ზოგიერთი მდგრადი სახეობა იტანს -15°C ტემპერატურასაც.

სიმწიფის ვადების მიხედვით, არსებობს საადრეო (აგვისტო), საშუალო სიმწიფის (სექტემბერი) და საგვიანო (ოქტომბერ-ნოემბერი).

გავრცელება

პანტა კავკასიისთვის რელიქტურ და ენდემურ სახეობას წარმოადგენს. იგი საქართველოში გავრცელებული მსხლის სხვადასხვა ჯიშების წინაპრად ითვლება.

საქართველოში სულ 11 სახეობის ველური მსხალი გვხვდება, თუმცა მათგან პანტა არის ყველაზე გავრცელებული ენდემური ჯიში. იგი თითქმის ყველგან გვხვდება კავკასიის ტყეებში, მთა-გორიან ადგილებში და დაბლობებში ან მდინარის ნაპირებზე, სადაც ნიადაგს გააჩნია საკმარისი ტენიანობა.

კავკასიური პანტა იზრდება ზღვის დონიდან 1500-1600 მეტრზე. იგი საქართველოში ყველაზე გავრცელებული ველური ხილია. არაოფიციალური მონაცემებით პანტის ბიოლოგიური მოსავალი საქართველოში 80 000 –90 000 ტონას შეადგენს.

გამოყენება

გამოყენება მედიცინაში – პანტის ნაყოფი მდიდარია სასარგებლო საკვები დანამატებით, როგორიცაა ბოჭკო, ანტიოქსიდანტები, მინერალები და ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.

გარდა ამისა, პანტის ნაყოფი ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიულია სხვა ხილთან შედარებით და დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. იგი მინერალების კარგი წყაროა, რადგან შეიცავს სპილენძს, რკინას, კალიუმს, მანგანუმს და მაგნიუმს, ასევე B-კომპლექსის ვიტამინებს: ფოლატებს, რიბოფლავინს და პირიდოქსინს (ვიტამინიB-6).

პანტა ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება კოლიტის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების, ართრიტის და პოდაგრას სამკურნალოდ.

გამოყენება კულინარიაში – ველური პანტის ნაყოფი გამოიყენება საკვებად და სხვადასხვა საკვები პროდუქტების – წვენების, მურაბების და ჩირის სახით. პანტას ასევე იყენებენ ჯემების, მარმელადის და პანტის სიდრის დასამზადებლად.

ველური მსხლის (პანტის) პროდუქტები

პანტის ჯემი (ხილფაფა)

მასალები:

• 2 კგ პანტა: გაფრცქვნილი, კურკაგამოცლილი და წვრილად დაჭრილი;
• 3 საშუალო ზომის ლიმონი;
• 1 კგ გრანულირებული შაქარი;
•1 ლ წყალი.

მომზადება

• წინასწარ მომზადებული პანტა მოათავსეთ დიდი ზომის სახურავიან ქვაბში, რათა ნაყოფი არ გაშავდეს;
• ლიმონს ფრთხილად მოაცილეთ ცედრა, რათა არ შეგყვეთ მწარე თეთრი კანი, გადადეთ მიღებული ცედრა, გამოწურეთ ლიმნის წვენი და გაატარეთ დოლბანდში;
• დიდი ზომის, სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ პანტა, დაუმატეთ ლიმნის ცედრა და წვენი;
• ადუღეთ ნელ ცეცხლზე მსხლის ნაყოფის დარბილებამდე;
• მიღებულ მასას დაუმატეთ შაქარი და ურიეთ საშუალო ან დაბალ ცეცხლზე, შაქრის სრულად გალღვობამდე;
• მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გასინჯეთ ჯემის სისქე. თუ სისქე საკმარისი არ არის, კვლავ გააგრძელეთ მისი ხარშვა და რამდენიმე წუთში განმეორებით გასინჯეთ;
• ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ მცირე ხანში ჩაასხით ჯემი სტერილიზებულ ქილებში;
• ქილები მოხუფეთ შესაბამისი ხრახნიანი ან ცვილის ხუფებით. შეგრილებული ქილები დაათარიღეთ და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.

პანტის ჩირი

მასალები:

• პანტა (შეარჩიეთ მწიფე, მაგრამ არა გადამწიფებული ხილი);
• ლიმნის წვენი (სასურველია, იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომ პანტამ არ მიიღოს მუქი ყავისფერი) გამოიყენეთ დაახლოებით 300 მლ ლიმნის წვენი ყოველ 4 ლიტრ წყალზე.

მომზადება

• გარეცხეთ პანტა და ამოაჭერით დაჟეჟილი ან გაფუჭებული ადგილები;
• დაჭერით პანტა ფირფიტებად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის გამოსაკურკი მოწყობილობა, რათა პანტას ამოაცალოთ გული და შემდეგ დაჭრათ რგოლებად, ან შეგიძლიათ დაჭრათ ფირფიტებად გულის/კურკების გამოცლის გარეშე; ფირფიტები უნდა იყოს 6-13 მმ სისქის; უფრო თხლად დაჭრილი ნაყოფი გახდება ხრაშუნა ტექსტურის, ხოლო სქლად დაჭრილ ფირფიტებს ექნება მჭიდრო/დასაღეჭი ტექსტურა;
• თუ არ გსურთ რომ პანტა გახდეს მუქი ყავისფერი, 10 წუთით ჩაალბეთ ლიმნის წვენიან წყალში;
• დააწყვეთ პანტის ნაყოფი საშრობის ფირფიტაზე. თუ მის გაშრობას ღუმელში აპირებთ, საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი და შემდეგ დააწყვეთ პანტა; ან მოათავსეთ დაჭრილი პანტა საშრობ ცხაურებზე და დააწყვეთ ისინი საცხობ ფირფიტაზე;
• ღუმელი გაახურეთ 160°C (ან, თუ ღუმელს არ აქვს ასეთი მაღალი ტემპერატურის რეჟიმი, გამოიყენეთ რეჟიმი „სითბო“). მოათავსეთ პანტა ღუმელში და გააშრეთ 3 საათის განმავლობაში, შემდეგ შეამოწმეთ. თუ მიღებული ტექსტურა თქვენთვის მისაღებია, გამოდგით ჩირი ღუმელიდან. ხოლო თუ არ არის მისაღები, კვლავ შედგით ღუმელში და ამოწმეთ ყოველ ნახევარ საათში;
• პანტის გაშრობას დაახლოებით 3-დან 6 საათამდე დრო დასჭირდება, რაც დამოკიდებულია ნაყოფის ტენიანობაზე და ღუმელის ტიპზე. თუ თქვენ საშრობს იყენებთ მიჰყევით მის ინსტრუქციაში მოცემულ მითითებებს. თუ ინსტრუქციაში არ არის მოცემული კონკრეტულად მსხლის გაშრობა, მის ნაცვლად გამოიყენეთ ვაშლის გაშრობის ინსტრუქცი;
• პანტის გაშრობის შემდგომ, გამოდგით ჩირი ღუმელიდან და აცადეთ გაგრილება.

შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში. თუ იმაზე მეტი ჩირი დაამზადეთ, რომლის მოხმარებასაც ვერ შეძლებთ, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, გარკვეული ნაწილი გაყინეთ. ასეთი სახით ჩირი დიდხანს ინახება და არ იწყებს დაობებას.

პანტის წვენი

მასალები:

• 6 ცალი მწიფე, გაფრცქვნილი და კურკაგამოცლილი პანტა;
• 30 მლ ახლადგამოწურული ლიმნის წვენი;
• 1,2 ლ წყალი;
• სასურველი დამატკბობელი: შაქრის ფხვნილი, თაფლი ან სხვა.

მომზადება

• დაჭერით პანტა მსხვილად. ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში და დაფარეთ ხილი წყლით;
• ადუღეთ პანტა საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, ნაყოფის დარბილებამდე;
• ჩაჭყლიტეთ პანტა თავისსავე წვენში;
• ხის კოვზის დახმარებით მიღებული ხილფაფა გადაწურეთ წვრილ საწურზე, რათა მიღებულ მასას მოსცილდეს პანტის გულის ან კანის ნარჩენები;
• საჭიროების შემთხვევაში ხილფაფა გააზავეთ წყლით დასალევი კონსისტენციის მიღებამდე.;
• გასინჯეთ წვენი და სურვილისამებრ დაატკბეთ. თუ მიღებული წვენი მჟავეა, დაუმატეთ მას შაქრის ფხვნილი ან სხვა დამატკბობლები.

ავტორი: ლადო ბასილიძე – ტყის არამერქნული პროდუქტების სპეციალისტი.
/ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობები/

იხილეთ აგრეთვე: მსხალი – სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

თქვენი რეკლამა