დიდგულა და ანწლი – სამკურნალო თვისებები, გამოყენება

ანწლი, დიდგულა, რეცეპტები

დიდგულა

დიდგულა (ლათ. Sambucus nigra) მსხვილი ბუჩქნარია, მოპირისპირედ განლაგებული კენტფრთიანი ფოთლებით, ყვავილები წვრილია, სურნელოვანი, მოყვითალო-მოთეთრო, შეკრებილია მრავალყვავილედოვან ფარებად.

ცალკეული ყვავილები მჯდომარეა ან სხედან მოკლე ყუნწებზე. ჯამი ხუთკბილიანია, ფოთლებშეზრდილი, ოდნავ შესამჩნევი. გვირგვინი მრგვალია, ხუთფურცლიანი, დიამეტრით 5-6 მმ.

მტვრიანები (5) მიმაგრებული არიან გვირგვინზე და მთავრდებიან ყვითელი სამტვერეთი. ბუტკოს (1) ქვედა ნასკვით, ზედა ნაწილში აქვს მასიური ბადრო სამი მოკლე დინგით. ნაყოფი შავია, კურკიანი, 3-6 კურკით.

დიდგულას ქართლ-კახეთში დუდგულას ეძახიან, ზემო იმერეთში – ხეკროს, ქვემო იმერეთში – ანწლს, რაჭაში – ხრეკოლას, გურიაში – ხელთოფას.

ვარაუდობენ რომ ამ მცენარის ლათინური სახელწოდება წარმოდგა ირანული მუსიკალური საკრავიდან – სამბუკი, რომელსაც დიდგულას ღეროდან ამზადებენ.

დიდგულა გვხვდება ფოთლოვანი ტყეების ქვეტყეებში, ბუჩქნარის ბარდებში, ხშირად ნახავთ ბაღებსა და პარკებში.

დიდგულა – სოფელი ღები (ონის მუნიციპალიტეტი), ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ კაჭარავამ.

ნედლეულად ძირითადად იყენებენ ყვავილებს. აგროვებენ მთელ ყვავილედს მათი სრული გაშლის შემდეგ. აშრობენ ჩრდილში, შემდეგ კი, ხეხავენ ცხრილზე ყვავილის ყუნწის მოსაცილებლად.

ნედლეულის შეგროვებისას შესაძლებელია შეყვეს მყრალი დიდგულა, რომლის მტვრიანები წითელი ფერისაა, აგრეთვე წითელი დიდგულა. წითელი დიდგულას ყვავილები უფრო პატარა ზომისაა, მომწვანო; ბუსუსიანი ყვავილის ყუნწით.

დიდგულას ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს, ფლავონურ გლიკოზიდ რუტინს, ეთერზეთის კვალს. გლიკოზიდი სამბუცინიგრინი აღმოჩენილია მხოლოდ ახალ ყვავილში, გაშრობის შემდეგ ის ორთქლდება.

დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონტოექტაზების დროს. ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება – თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.

ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას. 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს, აჩერებენ თავდახურულს  20 წუთის განმავლობაში, გაწურავენ და სვამენ ცხელ ნაყენს. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში.

ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების და რინიტისა და ანგინის დროს. გარდა ამისა მას იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება.

დიდგულას ყვავილის ნაყენი

დიდგულას ყვავილის ნაყენის მისაღებად აიღეთ 5 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1/2 – 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც სუსტ საფაღარათო საშუალებას, ხოლო ქერქის ნახარშს – როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას.

დიდგულას ნაყოფისაგან ტკბილი ნაყენის მისაღებად აიღეთ დიდგულას 200 გ სიროფი (ვაჟინი) 1 ლ არაყი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. სიროფი გახსენით წყალში, დაუმატეთ არაყი და დადგით 3-4 დღე.

დღეგრძელთა სასმელის მისაღებად 1 სუფრის კოვზ გამშრალ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ წყალი, მოხარშეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი სახით.

დიდგულა ტოქსიკური მცენარეა.

ანწლი

ანწლი (ლათ. Sambucus ebulus) მყრალი ბალახოვანია მცენარეა. აქვს სწორი 0,6-1,4 სიმაღლის დატოტვილი ღერო, რომელსაც გარედან მთელ სიგრძეზე ჩასდევს ნაღარები.

კენტფრთართული ფოთლები ღეროზე ერთიმეორის საპირისპიროდაა განლაგებული, თითოეული მათგანი 5-9 წაგრძელებულლანცეტა, დაკბილული ფოთოლაკისგან შედგება.

თეთრი ყვავილები აღმდგომ სამ მთავარტოტიან ქოლგააა შეკრებილი. კენკრა შავი ფერისაა, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

ანწლი

მცენარე სპეციფიკური სუნით ხასიათდება. გავრცელებეულია საქართველოში, იზრდება ღობეების ძირში, გზების პირას, არცთუ იშვიათად ასარევლიანებს ამეჩხერებულ ტყეებს და ხელს უშლის ტყის ბუნებრივ განახლებას. მცენარე შხამიანია.

ხალხურ მედიცინაში უმთავრესად ფესვურები და ფესვები გამოიყენება, ზოგჯერ კი ფოთლები და ყვავილები, რომლებიც აყვავებული მცენარეებიდან გროვდება, ხოლო ფესვურები და ფესვები შემოდგომით, უმეტესად უფრო ახალგაზრდა ეგზემპლარებიდან.

წვრილად დაჭრილი ფესვებისა და ფესვურების ნახარშის მოსამზადებლად 30 გ მასალას იღებენ 1 ლიტრ წყალზე, ადუღებენ 20 წუთის განმავლობაში. სვამენ თითო ჭიქას დღეში სამჯერ, იყენებენ როგორც ძლიერ შარდმდენ საშუალებას თირკმლების ტკივილისა და წყალმნაკის დროს, აგრეთვე დიაბეტის დროსაც.

ანწლის არაყი

არაყი ანწლისა. ანწლის მტევანს რომ მარცვლები გაუშავდეს და შემოუვიდეს, იმას მოამტვრიეთ, დამარცვლეთ, ჩაყარეთ რაშიმე, წყალი დაასხით; როცა დამჟავდეს, როგორც ჭაჭის არაყი , ისე გამოხადეთ. (ბარბარე ჯორჯაძე. რჩეული სამზარეულო.1914 წ.).

ავტორები: ს. ჩაგელიშვილი; მ. გოგორიშვილი; შ. ხიდაშელი.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა