ზოგადი ინფორმაცია მათთვის ვინც სათბურის აწყობას გეგმავს

სათბური, სათბურები

საქართველოში არასეზონური ბოსტნეულის წარმოება შეუძლებელია სათბურებისა და სპეციალურად მოწყობილი კონსტრუქციების გარეშე.

სათბური საშუალებას გვაძლევს ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე, მოვახდინოთ მზის ენერგიის აკუმულირება და ხელოვნურად ვარეგულიროთ მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ფაქტორი, დავიცვათ მცენარეები ბუნების არახელსაყრელი ზემოქმედებისგან _ სეტყვა, ქარი, გვალვა, წაყინვები.

ამ მიზნიდან გამომდინარე, თანამედროვე სათბურები აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შევქმნათ მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი.

თანამედროვე სათბურების მშენებლობა საკმაოდ შრომატევადი და კაპიტალდაბანდებადი საქმეა, ამიტომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს ნაკლები დანახარჯებით მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებას.

ტრადიციულად, ღია გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება წყდება არახელსაყრელი გარემო პირობების დადგომისას, ამიტომ ბაზარზე იქმნება ნედლი ბოსტნეულის დეფიციტი და მის შესავსებად მიმართავენ პროდუქციის წარმოებას სათბურებში.

სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განსხვავებულია სათბურის კონსტრუქციები. მრავალგვარია სათბურის ასაგები მასალაც _ რკინა, ალუმინი, ხე, მსუბუქი შენადნობები, პლასტიკატური მასალები და სხვა.

მოდელიდან გამომდინარე, სათბურების პარამეტრები (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან და საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს – სიგრძე 10 მ-დან 75-85 მ-მდე (უფრო მეტიც, თუმცა უფრო გრძელი სათბურები არ არის მიზანშეწონილი, რადგან მათში რთულდება ჰაერის ცირკულირება), სიგანე 3-მ-დან 18 მ-მდე, სიმაღლე ცენტრში 2,5-მ-დან 6-7 მ-მდე. საყრდენ ბოძებს შორის მანძილი 1,5 მ-დან 5-7 მ-მდე.

საქართველოში უახლოეს წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული 810-73 პროექტის მოდელი ან მისი მოდიფიკაციები, რომლის პარამეტრები არის სიგანე – 6,4 მ, სიგრძე – 75 მ, სიმაღლე ცენტრში – 3,5 მ (ამ მოდელის ცალკეული ან მცირე ბლოკური კონსტრუქციები ახლაც გვხვდება).

გარდა ამისა, სათბურის კონსტრუქციების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია თოვლის დაწოლისა (55-70 კგ/მ2) და ქარის სიჩქარის (65-80 კმ/სთ) მიმართ მედეგობა.

სათბურის გადასახურად გამოიყენებენ სხვადასხვა მასალებს:

  • მინა;
  • სპეციალური ცელოფანი (3 ან 5-ფენიანი, რომლებიც შეიცავენ სპეციალურ კომპონენტებს);
  • პოლიკარბონატი.

ყოველ მათგანს გააჩნია რიგი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

  • მინა – ხასიათდება მაღალი სინათლის გამტარობით, ქიმიური ინერტულობით, ნაკლოვანებებად ითვლება: სიმყიფე, საგრძნობი წონა, რკინის მასალის დიდი ხარჯი, მაღალი თბოგამტარობა (K=5);
  • სასათბურე ფირი  (ცელოფანი) – სისქე 120, 150, 180, 210, 240 მკრ. ჩვენი პირობებისთვის ყველაზე მისაღები და რენტაბელურია – 150-180 მკრ ცელოფნის ფირის გამოყენება. ნაკლოვანება: ხანმოკლე ექსპლუატაციის პერიოდი (3-5 წელი), მისი გაშლისა და მონტაჟისთვის საჭიროა წყნარი, თბილი ამინდი, მონტაჟისას აუცილებელია ფირის ზომიერი და თანაბარი დაჭიმვა. უპირატესობა: დაბალი ფასი, მავნე ულტრაიისფერი სხივების არეკვლის უნარი, ანტიკონდენსატური საფარველი, სითბოს დაბალი გამტარობა (K=4-4,5), მონტაჟის სიმარტივე, კულტურების მიხედვით შუქგამტარობის შეცვლის საშუალება, სინათლის გაბნევის მაღალი კოეფიციენტი (რაც ამცირებს დაჩრდილვის აუცილებლობას);
  • პოლიკარბონატი – უპირატესობები: მაღალი მედეგობა (ორფენიანი, 6 მმ სისქის უძლებს 2.1 ჯოულ დარტყმას, ეს ნიშნავს, 2 სმ-ის დიამეტრის სეტყვას 114 კმ/სთ სიჩქარით) მაღალი პლასტიკურობა და სიმტკიცე, დაბალი წონა და შესაბამისად კონსტრუქციის ნაკლები ხარჯი, დაბალი სითბოგამტარობა (K=2-2,5), ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი (15-25 წელი). შედარებითი ნაკლოვანება _ მაღალი ფასი.

ზოგადად სათბურები იყოფა ორ ჯგუფად _ ერთსექციანი და ბლოკური. ორივეს გააჩნია რიგი უპირატესობანი და ნაკლოვანებები.

სოფლის მეურნეობის მოწინავე ქვეყნებში საწარმოო მიზნებისთვის იყენებენ ბლოკურ სათბურებს. ერთსექციანი (თაღური ან ტრაპეციისებური) სათბურებიდან უფრო მეტადაა გავრცელებული ანგარული ტიპის მინით, პოლიეთილენის ფირით ან პოლიკარბონატით გადახურული სათბურები.

მათში განათება გაცილებით მაღალია, ვიდრე ბლოკურ სათბურებში. თუმცა სითბოს დანაკარგები ანგარულ სათბურებში მეტია, გარდა ამისა დაჩრდილვის თავიდან აცილების მიზნით მათ გარკვეული მანძილით აშორებენ ერთმანეთს, რისთვისაც საჭიროა მეტი სამშენებლო ფართი.

ბლოკურ სათბურებში შედარებით შემცირებულია სითბოს დანაკარგები, შესაძლებელია მექანიზაციის გამოყენება (რაც საგრძნობლად ამცირებს შრომის დანახარჯებს) და მიკროკლიმატის ავტომატური რეგულირება.

სათბურის თავსახურის ოპტიმალური დახრის კუთხედ მიღებულია 25-300. უფრო მეტი დახრილობის შემთხვევაში ხდება მზის სხივების დიდი არეკვლა.

სათბურის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი ფაქტორები:

  • ვენტილირების შესაძლებლობა

ნებისმიერი სათბურის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი წინაპირობაა ვენტილირების შესაძლებლობა. მას მიმართავენ სათბურებიდან ზედმეტი ტენისა და გადახურებული ჰაერის მოსაცილებლად.

ვენტილირებას ახდენენ სათბურის ჭერზე და გვერდებზე განლაგებული ფრამუგებით (ბუნებრივი ვენტილირება). საუკეთესო შედეგი მიიღწევა გვერდითი და ზედა ფრამუგების ერთდროული გახსნით, რადგან გვერდითი ფრამუგები გვევლინება ჰაერის შედინების წყაროდ, ხოლო ჭერში განლაგებული კი – ემსახურება ჰაერის გადინებას.

  • სადრენაჟო სისტემა

სათბურების ფუნქციონირების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს სადრენაჟო სისტემა, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის რეჟიმს, ხელს უწყობს სათბურიდან ჭარბი წყლის მოშორებას.

სათბურის გაკეთებამდე ნიადაგში ალაგებენ დახვრეტილ მილებს, რომელიც ჯერ იფარება საიზოლაციო, წყალგამტარი მასალით, შემდეგ ხრეშით, პემზით, მდინარის ლამით და ა. შ., ზევიდან კი სათბურის გრუნტით.

ნალექები, რომლებიც მოდის ბლოკური სათბურების მთლიან ფართობზე, გაედინება სპეციალური სადინარებით, მათი დახრის კუთხე 30-ია და ცენტრიდან მიედინება კონსტრუქციის ორივე ბოლოსკენ.

  • სათბურის გათბობა

სათბურებში ბოსტნეულის წარმოებისას, გასათვალისწინებლია ის ფაქტი, რომ დანახარჯების 50-65 % მოდის სათბურის გათბობაზე.

სათბურის გათბობის ხარჯები დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე – თვით სათბურის კონსტრუქციაზე, საფარველ მასალაზე, გარემო კლიმატურ პირობებზე, საწვავ მასალაზე და ა. შ.

სათბურებისთვის დახარჯულ სითბური ენერგია გამოითვლება ფორმულით:

W = S x H x (Tშიდა -Tგარე) x K.

  • W – საჭირო სითბოს რაოდენობა კალორიებში;
  • S – სითბოს გამცემი ზედაპირის ფართობი მ-ში;
  • H – გათბობის ხანგრძლივობა საათებში;
  • T შიდა – საჭირო ტემპერატურა სათბურის შიგნით;
  • T გარე – ტემპერატურა სათბურის გარეთ;
  • k – სითბოს გაცემის კოეფიციენტი.

1000 მ3 მოცულობის სათბურში, 100C-ით ჰაერის ტემპერატურის ასაწევად საჭიროა 12000-12500 კკალ სითბო, ხოლო 40C-დან 180C-მდე სითბოს ასაწევად – 180 000-200 000 კკალ.

ენერგია მიიღება საწვავი მასალების დაწვით და იზომება კალორიებში. რაც უფრო მეტ ენერგიას ვიღებთ ერთეული წონის ნივთიერების წვისას მით მეტია კალორიები: ნახშირი 6100-6500 კკალ/კგ, მაზუთი 9670 კკალ/კგ, დიზელი 10200 კკალ/კგ, ბუნებრივი გაზი 11500 კკალ/კგ.

  • გაბატონებული ქარები

სათბურების დაგეგმარებისას გასათვალისწინებელია გაბატონებული ქარების მიმართულება და სიჩქარე, თავად სათბურის კონსტრუქციის სიმაღლე, ერთ ჯერზე მოსული თოვლის და ნალექების რაოდენობა, გრუნტის წყლების სიღრმე, სარწყავი წყლის ხარისხი და ელექტრომომარაგების არსებობა, მაგისტრალური გზიდან დაშორება.

დაუშვებელია სათბურის განლაგება ქარებისგან დაუცველ ადგილას, რადგან ძლიერი ქარები არა მარტო აცივებენ სათბურს და ზრდიან სითბოს დანაკარგებს, არამედ აზიანებენ სათბურის საფარსაც. სასათბურე მეურნებისთვის გამოუსადეგარია აგრეთვე დატბორილი და დაჭაობებული ადგილები.

  • მიკროკლიმატი

მიკროკლიმატი ეწოდება ცალკეულ კულტივირებულ ნაგებობაში ჰაერისა და ნიადაგის ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას. მიკროკლიმატი სათბურში იქმნება ტექნოლოგიური მოწყობილობების სისტემით _ გათბობა, სასუქების შეტანა, ნახშირორჟანგით გამოკვება, ხელოვნური განათება.

მართალია, დახურული გრუნტი გამოყოფილია გარემოსგან შუშით ან პოლიმერული მასალებით, მაგრამ მიკროკლიმატი მასში გარკვეულწილად არის დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე _ მზის რადიაცია (ოპტიკური გამოსხივება), ქარის სიჩქარე და მიმართულება, ჰაერის ტემპერატურა და შეფარდებითი ტენიანობა, აგრეთვე ნალექები. ეს ყოველივე საკმაო ზეგავლენას ახდენს კულტივირებული ნაგებობების მიკროკლიმატზე.

თანამედროვე სათბურებში მიკროკლიმატის რეგულირების ავტომატური სისტემების სამუშაო პროგრამა, მორგებულია კონკრეტული რეგიონის მეტეოროლოგიურ პარამეტრებს.

  • სინათლის რეჟიმი

სათბურში მცენარეთა ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სინათლის სპექტრალურ შემადგენლობას და ინტენსივობას, აგრეთვე სინათლის დღის ხანგრძლივობას.

სათბურის ზედაპირამდე მიღწეული მზის სხივების მხოლოდ ნაწილი აღწევს სათბურში. მათ ნაწილს იჭერს სათბურის არაშუქგამტარი კონსტრუქცია, მეორე ნაწილს შთანთქავს საფარველი მასალა, ხოლო ნაწილი აირეკლება უკან, ამის შესაბამისად სათბურში შეღწეული სინათლე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ღია გრუნტში.

განათების ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საფარველი მასალის ოპტიკურ თვისებებზე. პლასტიკური მასალების შუქგამტარობა იცვლება მათი ხარისხის, სისქისა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობის მიხედვით.

სინათლის შეღწევადობაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს საფარველის სიდიდე, თავსახურის დახრის კუთხე, სათბურის ორიენტაცია.

  • სითბური რეჟიმი

რიგი ფაქტორების (მზის რადიაცია, გათბობის მეთოდები, სათბობი დანადგარების სიმძლავრე, პლასტიკური მასალების თვისებები) გავლენის გამო, სათბურში ჰაერის ტემპერატურა მერყეობს დიდ დიაპაზონში.

სითბური რეჟიმი გვევლინება მიკროკლიმატის უმთავრეს ფაქტორად. ყველა ბოსტნეულ მცენარეს შეესაბამება განსაზღვრული ოპტიმალური, მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა.

  • ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობა

წყალს მცენარეებში სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. ის მონაწილეობს პირველადი პროდუქტების წარმოქმნის სინთეზში, გვევლინება მინერალური მარილებისა და მეტაბოლიზმის პროდუქტების გამხსნელად, უჯრედებში წნევისა და ტემპერატურის რეგულატორად, ნივთიერებათა გადაადგილების საშუალებად.

აუცილებელია განვასხვავოთ მოხმარებული ანუ მცენარის მიერ შთანთქმული წყალი და მისი მოთხოვნა ნიადაგის წყლის რეჟიმზე, ე.ი. ნიადაგიდან საჭირო წყლის ათვისების უნარი.

ნიადაგში ან გრუნტში უნდა იყოს ფესვების განვითარების ოპტიმალური პირობები. დაუშვებელია ნიადაგის ხსნარის მაღალი კონცენტრაცია. თუ ის მცენარის ხსნარის კონცენტრაციაზე უფრო მაღალია, ნიადაგის საკმაო ტენიანობის დროსაც კი, მცენარეებს არ შეუძლიათ საკვები ნივთიერების ათვისება.

სათბურებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიოკლიმატურ ფაქტორად გვევლინება ჰაერის ფარდობითი ტენიანობა. ტენიანობის ცვლილება მკვეთრადაა დაკავშირებული ტემპერატურის ცვლილებასთან. ფარდობითი ტენიანობის ოპტიმუმიდან გადახრას მივყავართ მავნებლებისა და დაავადებების მკვეთრ განვითარებამდე.

ფარდობით ტენიანობაზე დიდ გავლენას ახდენს გარეთა ჰაერის ტენიანობაც, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა განიავების დროს (ოქტომბრიდან მარტ-აპრილამდე ჰაერის ტენიანობა საკმაოდ მაღალია).

  • მორწყვის ნორმები

გრუნტის ოპტიმალური ტენიანობა მიიღწევა მისი ნორმირებული მორწყვით. მორწყვის ნორმები განისაზღვრება წარმოებული კულტურების მიხედვით. მაგ. კიტრის ფესვთა სისტემა განლაგებულია გრუნტის ზედა ფენაში, პომიდორზე უფრო ღრმად. ამიტომ, კიტრის მორწყვის მინიმალური ნორმა შეადგენს 3-4 ლ მ2-ზე, ხოლო პომიდვრისთვის – 6-8 ლ/მ2.

რწყვის განსაზღვრისას ითვალისწინებენ აგრეთვე გრუნტისა და ნიადაგის თავისებურებებს. მსუბუქ, ნაკლებად ტენტევად გრუნტს რწყავენ ხშირად და დაბალი ნორმებით, მძიმე და ტენტევადს _ იშვითად და დიდი ნორმებით.

  • აერგარემო

სათბურის აერგარემო და მისი შემადგენლობა მნიშვნელოვნად განაპირობებს მცენარის ზრდა-განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია – ჟანგბადი, წყლის ორთქლი და ნახშირორჟანგი.

სათბურში ჰაერის მოძრაობის სიჩქარე მნიშვნელოვანი ფაქტორია ტემპერატურასა და ტენიანობასთან ერთად. ჰაერის მოძრაობის გაძლიერება ხელს უწყობს ფოტოსინთეზის ინტენსივობას.

  • მორწყვა და გამოკვება

განოყიერების სისტემა მოიცავს სასუქების შეტანას გრუნტის ძირითადი დამუშავებისას და მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში (გამოკვება). შესატანი სასუქების რაოდენობის დასადგენად იყენებენ ორ მეთოდს:

1) ნიადაგში საკვები ელემენტების დადგენილ ოპტიმალურ ნორმებსა და რეალურ შემცველობას შორის სხვაობას;

2) დაგეგმილი მოსავლიანობის მიერ ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ელემენტების რაოდენობის მიხედვით, მათი ათვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით.

სათბურში ბოსტნეული კულტურების წარმატებული მოყვანა შესაძლებელია, მხოლოდ მცენარეთა წყლის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფით მთელი ვეგეტაციის პერიოდში.

თანამედროვე სათბურები აღჭურვილია წვეთოვანი მორწყვისა და კვების სისტემებით.

ავტორი: ი. მჭედლიძე

იხილეთ აგრეთვე: მარტივი და ენერგოეფექტური სათბურები

თქვენი რეკლამა