ვარდის ნაცარი და მასთან ბრძოლა

ვარდები

ვარდის ნაცარი (Sphaerotheca pannosa f. rosae) – სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფოთლებს, ყლორტებს და კოკრებს აავადებს.

დაავადებული ნაწილები პირველად მოთეთრო-მონაცრისფრო ფიფქით იფარება, რომელიც შემდეგში მურა-ნაცრისფერ შეფერვას ღებულობს.

ნაცრისფერი ფიფქი სოკოს კონიდიალური ნაყოფიანობაა. იგი შედგება მიცელიალური ძაფებისაგან და ძეწკვისებურად განლაგებული კონიდიუმებისაგან.

ზაფხულის ბოლოს დაავადებულ ზედაპირზე სოკოს ჩანთიანი ნაყოფიანობა ვითარდება მუქი ყავისფერი ან შავი წერტილების სახით (კლეისტოკარპიუმები), რომელშიც ჩანთებია ასკოსპორებით. სოკო ზამთრობს ჩანთიანი ნაყოფიანობით.

rose_nacari_0002873544333092329002

გაზაფხულზე იქიდან გამოფანტული სპორები ჯერ ახალგაზრდა ფოთლებს, ხოლო შემდეგ კოკრებსა და ყლორტებს აავადებს, ზაფხულის პერიოდში კი სოკო კონიდიალური სტადიით ვრცელდება.

rose_nacari_0003777200018550935003

ნაცრით დაავადებული ნაწილები აღარ იზრდება, სქელდება, უხეშდება და ხმება. დაავადების ხელშემწყობის პირობაა შედარებით მშრალი ამინდი.

ბრძოლის ღონისძიებები:

1. შემოდგომით დაავადებული ყლორტების შეჭრა. ფოთლების შეგროვება და დაწვა;

2. ჩამოცვენილი დაავადებული ფოთლების ნიადაგში ღრმად ჩაბარვა;

3. ვეგეტაციის პერიოდში გოგირდოვანი პრეპარატებით შესხურება, მაგრამ უმჯობესია 1%-იან ბორდოს ხსნართან 1%-იანი კოლოიდური გოგირდის შერევა, ან 0,2% თიოვით ჯეტ, ან 0,03% ტოპაზით, ან 0,04% სტრობით, ან 0,05% სანაზოლინით, ან 0,04% პროგრესით.

შესხურება უნდა ჩატარდეს შემდეგ ვადებში: პირველი – დაავადების პირველი ნიშნის გამოჩენისთანავე, ხოლო მომდევნო – 8-10 დღეში ერთხელ დაავადების სრულ ლიკვიდაციამდე.

აგრეთვე, შესხურება ნაცრის ხსნარით 3-5 დღის განმავლობაში (1 ჭიქა ნაცარი უნდა გაიხსნას 10 ლ. ერთ ჯერზე გამოიყენეთ იმდენი რაც საკმარისი იქნება ფოთლების დასველებისთვის);

საპნიანი კალცინირებული სოდის ხსნარით (40-50 გ სოდა + 40 გ საპონი უნდა გაიხსნას 10 ლ წყალში);

კალიუმის პერმანგანატის ხსნარით (2,5 გ უნდა გაიხსნას 10 ლ წყალში).

წყარო „მებაღე“ – შემდგენლები: ზურაბ შევარდნაძე, მანანა ელბაქიძე, ქეთევან გელაშვილი.

თქვენი რეკლამა