ცვილის ხე – კულტურა, ზოგადი აგროწესები

დეკორატიული

ცვილის ხე ეკუთვნის ანაკარდიაცეაე-ს (Anacardiaceae ) ოჯახს, მისი სამშობლოა სამხრეთ იაპონია, სადაც ამ კულტურას ცვილის მიღების მიზნით დიდი ხანია აწარმოებენ და სელექციური გზით მრავალი ჯიშიც გამოიყვანეს.

მისი ნაყოფისაგან მიღებული ცვილი, ,,იაპონური მცენარეული ცვილის” სახელწოდებითაა ცნობილი და თავისი შედგენილობით ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მცენარეული ცხიმია, რომელიც მკვრივი, საკმაოდ მაგარი, ცხიმოვანი ფუტკრის ცვილის მსგავსი ნივთიერებაა. მისი რაოდენობა ჰაერმშრალ ნაყოფში (გ. ხუციშვილის მონაცემებით) 20-22%-ია, ხოლო ახლად დაკრეფილ ნაყოფში 16-18%.

ცვილის ძირითად შემადგენელ ნაწილს პალმიტინის, სტეარინის და ოლეინის მჟავათა გლიცერიდები წარმოადგენენ. გარდა ამისა მასში არის დაახლოებით 3-4% წყალში ხსნადი მჟავათა გლიცერიდები.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ცვილის ხე, ლაქის ხესთან ერთად გასული საუკუნის მიწურულს არის შემოტანილი პროფ. კრასნოვის ექსპედიციის დროს, რომელიც გააშენეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

ცვილის ხე, ლაქის ხის მონათესავეა, თუმცა ლაქის ხესთან შედარებით ნაკლებ ყინვაგამძლეა, შავი ზღვის სანაპიროზე მისი ყინვებისაგან დაზიანება არ აღნიშნულა და ყოველწლიურად რეგულარულად მსხმოიარობს.

ცვილის ხე მიმზიდველი, მოზრდილი ბუჩქია ან შტამბიანი ხე, გარეგნულად ანწლს წააგავს, ხე-მცენარე სიმაღლით 8 მეტრამდე აღწევს, ფო-თოლმცვენია, მეჩხერი ვარჯით.

ფოთოლი კენტფრთისებრ რთულია, 9-15 სმ მოგრძო ოვალური, კიდემთლიანი და წაწვეტებული ფოთოლაკით; მორუხო მწვანეა, შემოდგომით კი, ფოთოლი ცვენის წინ, მიმზიდველ ოქროსფერს ან ალისფერს იღებს, რაც მცენარეს ლამაზ დეკორატიულ იერს მატებს. ყვავილები წვრილია, მოყვითალო მწვანე ფერის, დახრილ საგველებად შეკრებილი ყვავილობს მაისში.

ცვილის ხის მერქანი გამძლე და ლამაზია, შავი ზოლებით მოხატული. ცვილის მცენარე გამოიყენება დეკორატიულ ნარგაობაშიც.

ნაყოფი მოთეთრო, ხმელ კურკანას წარმოადგენს და მტევნებადაა შეკრებილი, ნაყოფი აგებულებით წააგავს ლაქის ხისას, ოღონდ უფრო ნათელი ფერისაა და შედარებით მსხვილიც.

თესლი დაფარულია მცენარეული ცვილის ფენით, რომლის გამოსავალი 18-25%-ს უდრის. თვისებებით ამ მცენარის ცვილი ემსგავსება ლაქის ხის ნაყოფისაგან მიღებულ ცვილს და ისეთივე გამოყენება აქვს.

ცვილი

მცენარის გამრავლებას თესლითა და ფესვის ამონაყრით მიმართავენ; შემჩნეულია, რომ თესლიდან გამოყვანილი მცენარე უმრავლეს შემთხვევაში მამრობითი სქესისაა. ძირიდან ამონაყრით გამრავლებულ მცენარეებს უფრო სუსტი ზრდა და რძე-წვენის ნაკლები ენერგიით მოძრაობა ახასიათებს. ამიტომ მას ნაყოფის მისაღებად (ცვილისათვის) იყენებენ.

თესლს დაბალი აღმოცენების უნარი ახასიათებს. სათესლე მასალას გარენაყოფისაგან ასუფთავებენ, ორიოდე კვირით ალბობენ წყალში ან სველ სილაში ინახავენ.

თესვა წარმოებს ადრე გაზაფხულზე, პირველი სუსტი აღმონაცენი ვითარდება 2-3 კვირის შემდეგ, ხოლო სრული აღმოცენება უფრო გვიან, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობს, აღმოცენება ხშირად მეორე და ზოგჯერ მესამე წელსაც გრძელდება.

მცენარისათვის საუკეთესოდ ითვლება ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, რომლებიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის  რაიონებში. შემდეგ რიგში გამოსადეგია ჰუმუსით მდიდარი ყვითელმიწა ნიადაგები, რომლებიც გავრცელებულია აგრეთვე აფხაზეთსა და სამეგრელოს რაიონებში. კარგია მცენარისათვის ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, თუ ის მდიდარია ჰუმუსით.

ცვილის ხის ხნოვანების მატების მიხედვით სასუქები შეაქვთ თანდათან, ღეროსგან დაცილებით, რომ საკვები ნივთიერებები, რაც შეიძლება ახლოს იქნეს მის შემწოვ ფესვებთან. ასე, მაგალითად, პირველ და მეორე წელს ირგვლივ 10 სმ-ის დაშორებით, მესამე წელს – 20 სმ-ის, ხოლო მეოთხე წლიდან – 50 სმ-ის დაშორებით.

ნაყოფების მომწიფების შემდეგ მოსავლის აღება ხდება შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში. ხიდან იკრიფება მთელი მტევნები, რომელსაც აშორებენ მტევნებს და თესლს აცლიან.

თესლს თბილ წყალში ალბობენ და წნეხენ, რითაც მიიღება 25%-მდე ცვილი. გამოწურულ ცვილს თეთრი ფერის მისაღებად მზეზე აშრობენ.

ცვილის ხე მართალია ლაქის ხესთან შედარებით ყინვების მიმართ შედარებით მგრძნობიარეა, მაგრამ ჩვენს სუბტროპიკულ ზონაში მისი ყინვებით დაზიანება დღემდე არ ყოფილა შემჩნეული, ამიტომ საქართველოში მისი განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელი პირობებია.

რეზო ჯაბნიძე-სსმმ აკადემიის აკადემიკოსი, სმმ დოქტორი, პროფესორი.
ნანა ჯაბნიძე-სმმ აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

თქვენი რეკლამა